სიახლეები

შეხვედრა 17-წლამდე ნაკრებთან

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრების წევრებს შეხვდნენ.

გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშებაზე ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს. ფინალურ შეხვედრაში 17-წლამდე ნაკრებმა ისრაელს 4:1 სძლია. ფინალურ მატჩამდე ჩვენმა გუნდმა ბელარუსის,უკრაინის და ესტონეთის ასაკობრივი ნაკრებები დაამარცხა.

„გილოცავთ ამ გამარჯვებას. ქართულ ფეხბურთს სჭირდება წარმატებები და მიხარია, რომ მომავალი თაობა სწორედ წარმატებით იწყებს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულისთვის, რომელიც თქვენ გულშემატკივრებს მიანიჭეთ. ორიოდ თვეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები გელით და მსურს იმ თამაშების დასრულების შემდეგაც გახარებული გიხილოთ. ვისურვებდი, რომ თქვენი მომდევნო გამარჯვებების შესახებ ჩვენი ფეხბურთის ქომაგების გარდა ევროპის დიდმა საფეხბურთო ოჯახმაც შეიტყოს. იმ თაობამ, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენს, წარმატებას შრომის ხარჯზე მიაღწია, მათ ნამდვილად არ ჰქონდათ ისეთი პირობები, როგორიც თქვენ გაქვთ. მინდა, რომ ეს იცოდეთ და გაითვალისწინოთ. თუ მოინდომებთ, აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევთ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მადლობა ბიჭებს და მადლობა ყველა გულშემატკივარს! მიხარია, რომ გიორგი ნემსაძემ, რომელიც უდავოდ წარმატებული მოთამაშე იყო, სამწვრთნელო ასპარეზზეც მიგვაჩვია გამარჯვებებს. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ ეს გუნდი და ეს თაობა კიდევ არაერთი გამარჯვებით გაგვახარებს, მათ შორის ოფიციალურ ტურნირებშიც", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები17 წლამდე ნაკრების მონაწილეობით თბილისში 24-30 ოქტომბერს გაიმართება. მეცამეტე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და ლატვია იქნებიან.