სიახლეები

სფფ-ის რიგით 27-ე ყრილობა

სფფ
გაუზიარე

11 აგვისტოს, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 27-ე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე 2016 წლის ფინანსური შედეგები შეაჯამეს და 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ამასთან ერთად, სფფ-ის წესდებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ცვლილებების შედეგად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი კატეგორიის წევრი ეყოლება - წევრი და ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრი ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის უფლების გარდა, ყველა იმ უფლებით ისარგებლებს რითაც წევრი. ცვლილება შეეხო მუდმივმოქმედ კომიტეტებს- მეტი ეფექტურობისთვის რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდა და მუშაობას მხოლოდ ის კომიტეტები განაგრძობს, რომელთა საქმიანობაც სასარგებლო იქნება ფეხბურთის განვითარებისთვის. ცვლილება ასევე შეეხო 62-ე მუხლს, რის შედეგადაც დოპინგთან დაკავშირებული წესები ფიფას ანტი-დოპინგურ უახლეს რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიდა. 71-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად კი, წესდებაში განსაზღვრული აღარ იქნება ლიცენზირებისათვის სავალდებულო ლიგები და მისი განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს მიენიჭება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ლევან კობიაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც დაანონსა. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის შესახებ ამცნო საზოგადოებას, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და 2017 წლის ბოლომდე მოხდება მისი პრეზენტაცია, რათა 2018 წლიდან, ამ პროგრამის შესაბამისად, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რაც უკვე განხორციელდა და რასაც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო სამომავლოდ გეგმავს: თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენამ, გორის განახლებულმა სტადიონმა 2017 წელს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო მომავალ სეზონზე, კლუბებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო სეზონისათვის ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის სტადიონებზე ბუნებრივი საფარის დაგებას გეგმავს.  ამასთან, 2017 წლის ბოლომდე ზუგდიდის სტადიონი და ბათუმის მშენებარე ბაზა დასრულდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე ასრულებს რუსთავის აკადემიის მშენებლობას, რომელთან დაკავშირებითაც, მთელი რიგი პრობლემები იყო, თუმცა ყველა ამ საკითხის მოგვარების შემდეგ, რუსთავის აკადემიაში წლის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გადავა და იქ ტექნიკური ცენტრი განთავსდება. ასევე,  ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი ბაზაზე, მინდვრის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. 2017 წლის შემოდგომაზე ლაგოდეხში უკვე ახალი სტადიონი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო წლის ბოლომდე განათება დამონტაჟდება, 2018 წელს კი აქვე რეგიონული ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

ყრილობას ფიფას და უეფას წარმომადგენლები ოლივერ იუნგი და ევა პასკიე ესწრებოდნენ. მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ღირსეულ მასპინძლობაზე და იმ რეფორმებზე გაამახვილეს  ყურადღება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიმართულებით ატარებს.

უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ევა პასკიემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისათვის, რასაც ის განვითარებისათვის ეწევა: " ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვენს მოხსენებაში მადლობა გადაუხადეთ უეფას იმ შესაძლებობისათვის, რასაც ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპიძნლობა ქვია, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს არასწორია. მადლობას უეფა გიხდით, რადგან თქვენ იყავით სამაგალითოები და უმაღლეს დონეზე უმასპინძლეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს...რამდენიმე წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთი არსებობს, ახლა კი თქვენი აქტივობების შედეგად, უკვე ეროვნულ ჩემპიონატს ატარებთ, სადაც 9 გუნდი მონაწილეობს. 2020 წელს საქართველო ქალთა 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ტურნირების სამაგალითო მასპინძელი, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ,"- აღნიშნა მან. 

ფიფას განვითარების პროგრამების კოორდინატორმა (ევროპა) ოლივერ იუნგმა ყრილობა მედიის წარმომადგენლებთანაც შეაჯამა: „ყრილობა ძალიან დადებითად ჩატარდა. მე, როგორც ფიფას წარმომადგენელი, პირველად ვიმყოფები თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში და აუცილებლად, კვლავ გეწვევით. ყრილობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან პრეზიდენტის მოხსენების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების სწორ გზაზე დგას. ამ შედეგებს მაშინაც ვხედავთ, როდესაც ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ვსაუბრობთ. თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მყარი საძირკველი იმისათვის, რომ მიაღწიო შენს მიზნებს. წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალთა, ისე კაცთა ეროვნულ ნაკრებებს. ფიფას და უეფას მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ მიზნებს მიაღწევთ და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კვლავ იკაშკაშებს,“- განაცხადა ოლივერ იუნგმა. 

„27-ე რიგითი ყრილობა დასრულდა, პროცესმა ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. გვყავდნენ სტუმრები უეფადან, ფიფადან, რაც კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენთვის. მათ აღნიშნეს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ორგანიზება, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც იცით, უკვე მოვიდა უეფასგან მადლობის წერილი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. რაც შეეხება გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა, დღეს ჩემს მოხსენებაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, მათ შორის უეფას სამიტზე, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე, ეროვნული ჩემპიონატის მიმართულებით უკვე შემდგარ და სამომავლო პროექტებზე. საზოგადოებას ასევე გავაცანი სფფ-ის ხედვა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავამახვილე ყურადღება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს,“- აღნიშნა ყრილობის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება