სიახლეები

U19 - ევროპის ჩემპიონი გორში გამოვლინდება

სფფ
გაუზიარე

14 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში” უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს. 

ელიო სოუზა - პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენი ფეხბურთელების კარიერაში ეს განსაკუთრებული მომენტია. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ტურნირზე ნაჩვენები თამაშით. ტურნირის მიმდინარეობისას ჩვენ ვვითარდებოდით. ინგლისსა და ჩეხეთს შორის გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ძლიერი იყო. რა თქმა უნდა,ჩვენ გვსურდა, რომ ფინალში გავსულიყავით და ახლა წინ რთული მატჩი გველის. ინგლისის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია სხვადასხვა ასაკში და ყოველთვის საინტერესო მატჩები გამოდიოდა. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩვენი ფეხბურთელებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურნირი მოვიგოთ.“

რუი პირეში - პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „ვემზადებით მატჩისთვის, ეს უნიკალური მომენტია ჩვენთვის. ვიცით, რომ ინგლისი კარგი გუნდია და ისინიც ჩვენს მსგავსად ემზადებიან ამ შეხვედრისთვის.“ 

კიტ დაუნინგი - ინგლისის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ამ კარგად ორგანიზებული ტურნირის ფინალში ყოფნა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უეფასა და ქართულ საზოგადოებას. ჩვენ პატივს ვცემთ პორტუგალიას და მათ სათამაშო სტილს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. პორტუგალიელებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის ფაქტორს. თუმცა კმაყოფილები ვართ ჩვენი პროგრესით, მთლიანი ტურნირის განმავლობაში ყველა ფეხბურთელი შესანიშნავად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

რაც შეეხება დანაკლისს, ტრევორ ჩალობას გარდა გუნდის ყველა მოთამაშე მზადაა ფინალში სათამაშოდ.“

ჯეი დასილვა - ინგლისის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ ფინალში მოხვედრით. ყველა მატჩისთვის ინდივიდუალურად ვემზადებით. პორტუგალიას კარგი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, რომ მაყურებელს საინტერესო შეხვედრა ელის.“

ფინალის მონაწილე გუნდების წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ელჩი ზურა ხიზანიშვილი ესწრებოდა: 

„ფინალურ შეხვედრაში ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველი. ინგლისი და პორტუგალია ორივე წამყავნი საფეხბურთო ქვეყნები არიან. ვფიქრობ, რომ გახსნილი და სანახაობრივი თამაში გველის. ამავე დროს კარგი იქნება თუ გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი გაივსება, რადგანაც ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ბიჭების თამაშს დადებითად ვაფასებ, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგანაც მათ უფრო მეტი შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ფეხბურთელები კარგ გუნდებში გააგრძელებენ კარიერას. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის.“

ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის პორტუგალიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრები გუნდები ერთმანეთს 15 ივლისს 20:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ფინალზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე იყიდება, მატჩის დღეს კი, ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ.