სიახლეები

U19: საქართველო vs ჩეხეთი - ბრძოლა ნახევარფინალის საგზურისთვის

გაუზიარე

ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები 8 ივლისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფის მესამე შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, სწორედ აღნიშნულ წყვილში გაირკვევა ნახევარფინალისტის ვინაობა. ორი მატჩის შემდეგ ორივე ნაკრებს 3-3 ქულა აქვთ და მესამე ტურში მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის ვინაობას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაარკვევენ. 

საქართველოს ნაკრებმა წინასამატჩო ვარჯიში ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე ახალგაზრდა ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს შეხვდა და გადამწყვეტი მატჩის წინ გაამხნევა.

„ა“ ჯგუფის მეორე შეხვედრა ჯგუფის ლიდერ პორტუგალიასა და შვედეთს შორის გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე შედგება.

ორივე შეხვედრა, 8 ივლისს, 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და შეხვედრების მასპინძელი სტადიონის სალაროებში იყიდება.