სიახლეები

U19 - საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში შვედეთთან მატჩამდე

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი ყიფიანის გუნდმა ს.კ ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და შვედეთთან მატჩისთვის ემზადება.

გიორგი ყიფიანი: "ჩვენ ვაცნობიერებთ,რომ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი, ფეხბურთელები როგორც პორტუგალიასთან იყვნენ საბრძოლო განწყობით, ასევე იქნებიან შვედეთთანაც და რა თქმა უნდა ჯგუფის ბოლო თამაშში ჩეხეთთანაც. მზადება მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, უკვე გამოჯანმრთელდნენ ის ფეხბურთელები,რომლებმაც პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღეს."

19 წლამდე ნაკრებთა წინასამატჩო ვარჯიშს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაესწრო, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეები გაამხნევა და  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

ვლადიმირ ვაისი: "ქართველმა ახალგაზრდებმა ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. მიუხედავად წაგებისა იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ ვამბობთ. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს შვედეთთან შეხვედრაში,რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდეს. პირველ მატჩში ვნახე კარგი თამაში და სწორი ტაქტიკური მომზადება. სამწუხაროა, რომ მრავლად შექმნილი საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით, ყველაფერი სამწვრთნელო შტაბზე და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია."

ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის ორი შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 17.30
საქართველო-შვედეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი 20:00
ჩეხეთი-პორტუგალია

ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფს, პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულით ჩეხეთი და პორტუგალია ლიდერობენ.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და და სტადიონის სალაროებში იყიდება.