სიახლეები

U19 - ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიასთან მატჩით ვიწყებთ

გაუზიარე

19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ოფიციალურად 2 ივლისს გაიხსნება. პირველი ტურის სადებიუტო შეხვედრამდე გიორგი ყიფიანის გუნდმა 18 ფეხბურთელის შემადგენლობით ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ოფიციალურ განაცხადში იძულებითი ცვლილება დღეს დილით განხორციელდა. ტრავმის გამო გუნდს კაპიტანი ლუკა ლოჩოშვილი გამოაკლდა. 

უკვე ცნობილია საბოლოო შემადგენლობა, რომელიც საქართველოს სახელს ევროპის ჩემპიონატზე დაიცავს:

მეკარეები:
ლუკა გუგეშაშვილი („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი („შევარდენი 1906“, თბილისი);

მცველები: დავით კობოური („დინამო“, თბილისი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), ალექსანდრე კახიძე ("ინტერ ალფა",მოსკოვი) ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“, თბილისი), თომა ხუბაშვილი („საბურთალო“, თბილისი), შალვა ბურჯანაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: გიორგი კუცია („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“, თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი („საბურთალო“, თბილისი), თემურ ჩოგაძე („საბურთალო“, თბილისი), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“, თბილისი), ვატო არველაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი არაბიძე („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე შედგება. მატჩის დაწყებამდე ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „გუნდში კარგი განწყობაა, ყველანი ვემზადებით პორტუგალიასთან სათამაშოდ. ბიჭების ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ ტრავმებს ვერ ავცდით და ამის გამო სამი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ასეთია ფეხბურთი, ეს მისი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი მოვალეობაა, ყველანაირ პრობლემას გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ტრავმირებულებს ღირსეულად შეცვლიან სხვები და იმ თამაშს ვაჩვენებთ, რაც ჩვენც დაგვაკმაყოფილებს და გულშემატკივარსაც.“

ელიო სოუსა, პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ ჩვენ ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის ვართ და ეს პორტუგალიელი 19-წლამდელებისთვის საუკეთესო გამოცდილებაა. გვინდა, გულშემატკივარს კარგი თამაშით დავამახსოვროთ თავი. გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელებიც, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკლისი არ გვაქვს, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.“

ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფის მატჩი შვედეთისა და ჩეხეთის 19 წლამდე ნაკრებებს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის ბილეთების შეძენას TKT.ge-ს პარალელურად  სტადიონის სალაროებში 2 ივლისს, 12:00 საათიდან შეძლებთ. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

პირველი ტურის ბ ჯგუფის ორი შეხვედრა 3 ივლისს ჩატარდება

ბულგარეთი - ინგლისი
თბილისი, „მიხეილ მესხი-2“, 17:30

გერმანია - ჰოლანდია
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი“, 20:00