სიახლეები

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია

გაუზიარე

1 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში“ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „გუნდში კარგი განწყობაა, ყველანი ვემზადებით პორტუგალიასთან სათამაშოდ. ბიჭების ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ ტრავმებს ვერ ავცდით და ამის გამო სამი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ასეთია ფეხბურთი, ეს მისი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი მოვალეობაა, ყველანაირ პრობლემას გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ტრავმირებულებს ღირსეულად შეცვლიან სხვები და იმ თამაშს ვაჩვენებთ, რაც ჩვენც დაგვაკმაყოფილებს და გულშემატკივარსაც.“

იან სუხოპარეკი, ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ჩეხეთის ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობითაა ჩამოსული და ვეცდებით, საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი.“

ელიო სოუსა, პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მადლობას ვუხდი ქართულ მხარეს ტურნირის კარგად ორგანიზებისთვის. ჩვენ ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის ვართ და ეს პორტუგალიელი 19-წლამდელებისთვის საუკეთესო გამოცდილებაა. გვინდა, გულშემატკივარს კარგი თამაშით დავამახსოვროთ თავი. გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელებიც, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკლისი არ გვაქვს, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.“

კლას ერიკსონი, შვედეთის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ პრობლემებს ვერ ავცდით. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმების გამო ვერ ჩამოვიყვანეთ, ზოგი კი, კლუბებმა არ გამოუშვეს, რაც ჩვენთვის გულდასაწყვეტი ამბავია. მაგრამ შვედეთი ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე პირველადაა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ახლა საქართველოში ვიმყოფებით. გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.“

მაარტენ სტეკელენბურგი, ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ კარგად ვიცოდით სად მოგემგზავრებოდით, რადგან ნოემბერში ჩემმა ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე ითამაშა საქართველოს,ესპანეთის და საფრანგეთის ასაკობრივი გუნდების წინააღმდეგ. შესანიშნავ გარემოში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი პირობებია საქართველოში. ერთადერთი პრობლემა ის არის,რომ რთული აღმოჩნდა შემადგენლობის შეკრება,მძიმე სეზონი ჩაატარეს ფეხბურთელებმა. ამიტომ ნაკრებში რამდენიმე ასაკით უმცროსი ფეხბურთელი დავიმატეთ.“

ფრანკ კრამერი, გერმანიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მადლობა ჩემპიონატის ორგანიზატორებს, ჩვენი გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდი კონკურენცია იქნება ჯგუფში. ვფიქრობ,რომ ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს.“

ანგელ სტოიკოვი, ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ჩვენ გუნდი,რომელიც 2015 წელს მონაწილეობდა 17 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე თითქმის უცვლელი შემადგენლობით ითამაშებს საქართველოში. ჩემპიონატზე წარმატების იმედი გვაქვს, რადგან გუნდი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მოთამაშეებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.“

კიტ დაუნინგი, ინგლისის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მადლობა საქართველოს კარგი მასპინძლობისთვის, ჩემი გუნდი მზად არის წარმატებისთვის, ბულგარეთს და ჰოლანდიას შემოდგომაზე ვეთამაშეთ და ვფლობთ საკმარის ინფორმაციას. ეს ჩემპიონატი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლის ბრძოლას, როგორ გამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი გუნდების წინააღმდეგ. მათი მომავალი კარიერისთვის ეს ჩემპიონატი კარგი ეტაპი იქნება.“

დღესვე ცნობილი გახდა,რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოაკლდა. შესაბამისად საქართველოს ნაკრების ოფიციალურ განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად, გიორგი ყიფიანმა ევროპის ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში მოსკოვის „ინტერ ალფას“ მცველი ალექსანდრე კახიძე შეიყვანა.

19:30 საათზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.