სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლა

სფფ
გაუზიარე

2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასს დღეს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ჩემპიონატის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა თასი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე წარადგინეს. სტუმრებმა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისათვის და ზოგადად, საქართველოში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა დიდი პატივია საქართველოსთვის: „მოხარული ვართ, რომ საქართველო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ტურნირია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა სამაგალითოდ უმასპინძლებს მას. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გულშემატკივრებს თამაშებზე დასწრებისკენ მოწოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.

„2-დან 15 ივლისამდე, საქართველო მასპინძლობს უპრეცედენტო საფეხბურთო ღონისძიებას. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გორი და თბილისი ემზადებიან ამ ტურნირის ჩასატარებლად. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ მობრძანდნენ თამაშზე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება და აგრეთვე, სპორტული წარმატება“, - განაცხადა სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, როგორც მომავლის ტურნირზე ისაუბრა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა: „2 ივლისიდან საქართველოს პორტუგალიის, ჰოლანდიის, გერმანიის, ბულგარეთის, ინგლისის, შვედეთის და ჩეხეთის 19 წლამდე ნაკრები გუნდები ეწვევიან, რომლებიც კონტინენტის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ეს არის უდიდესი შანსი თითოეული ფეხბურთელისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და პირველ რიგში, წარმატება მოუტანოს თავის ქვეყანას“.

ტურნირის დაწყებამდე 1 თვით ადრე, ჩემპიონატის მთავარმა სიმბოლომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მოგზაურობა. ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იმყოფებოდა. ტურნირის ელჩმა, ზურა ხიზანიშვილმა პირადად მიაწოდა ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია ყველა მსურველს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თამაშების განრიგი გააცნო და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ევროპის ჩემპიონატის თასის ტური 28 ივნისს, ქუთაისში დასრულდა.

 2017 წლის 2-15 ივლისს თბილისი და გორი უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე მასპინძელი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაზე, 2 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან