სიახლეები

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასის ტური სამეგრელოში

სფფ
გაუზიარე

უეფას 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი 22 ივნის სამეგრელოს ესტუმრა. ჩემპიონატის ელჩმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზურა ხიზანიშვილმა 19-წლამდელთა ტურნირის ჯილდო მარტვილში, სენაკსა და აბაშაში ჩაიტანა.
 
მარტვილში მშენებარე  ბაზაზე გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბავშვთა საფეხბურთო გუნდები, გულშემატკივრები და ფეხბურთის კლუბ მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელები დაესწრნენ. ზურა ხიზანიშვილმა მარტვილის მშენებარე ბაზის სამახსოვრო წიგნში მნიშვნელოვანი თარიღის აღმნიშვნელი სიმბოლური ჩანაწერიც გააკეთა. 

თასი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, მეორედ სენაკს ესტუმრა. სპორტის სასახლეში შეკრებილმა მსურველებმა თასთან და ჩემპიონატის ელჩთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ასევე გაიმართა საჩვენებელი მატჩი სენაკის ფუტსალის კლუბ „ქუჯის“ ფეხბურთელებს შორის, რომელთა შემადგენლობაშიც ზურა ხიზანიშვილმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ითამაშეს.  
თასის ტური აბაშის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა, სადაც 19-წლამდე ჩემპიონატის მნიშვნელობასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტის შესახებ - „ფეხბურთი სკოლებში“ ისაუბრეს. 

აღნიშნულ პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სპორტის მასწავლებელია ჩართული, რომლებიც შესაბამისი გადამზადების კურსებს გადიან. სკოლებში ფეხბურთის რეგულარული სწავლება, უპირველესად ფეხბურთის მასობრიობის ზრდისაკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც საბოლოო ჯამში, სპორტული ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.  

აბაშის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილ სპორტის მასწავლებლებს ნიკა ჯღარკავა და სფფ-ის რეგონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი შეხვდნენ, მათი გადამზადების პრაქტიკულ ნაწილს დაესწრნენ და მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხეს.

2-15 ივლისის ჩათვლით თბილისსა და გორში დაგეგმილი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას აგრძელებს. მომდევნო ტური კახეთში გაიმართება.