სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წლის პირველი ოფიციალური მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 

ვლადიმირ ვაისმა 24 მარტს გასამართი საქართველო-სერბეთის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:  

„ჩვენ გვსურს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ქულების დაგროვება. ამჟამად ჩვენ მხოლოდ 2 ქულა გვაქვს, თუმცა, თამაშებიდან გამომდინარე, ალბათ მეტს ვიმსახურებდით. ასეთია ფეხბურთი და საბოლოოდ, სწორედ დაგროვილ ქულათა რაოდენობაა გადამწყვეტი. ხვალ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების შედეგად წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება ოქრიაშვილის, მჭედლიძისა და დაუშვილის სახით. ნაკრებში კარგი განწყობაა. ჩვენ ვარჯიშებზე ორი სქემა და სხვადასხვა შემადგენლობა გამოვცადეთ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა: 

„ოქრიაშვილისა და მჭედლიძის ტრავმების შემდეგ მომიწია ცვლილებების განხორციელება, გამოვიძახე ვლადიმერ დვალიშვილი და როგორც დამატებითი მცველი - უჩა ლობჟანიძე. ვარჯიშზე გამოვცადე ორი სისტემა, 3-4-3, ისევე როგორც ჩვენი ძველი მოდელი, რომლითაც ჩავატარეთ ბოლო თამაშები. ნაკრებში ადგილი გამოვყავი ჯიმი ტაბიძისთვის, რომელიც დუბაიში შეკრებაზე ძალიან მომეწონა, ისევე როგორც გიორგი რეხვიაშვილი. რასაკვირველია, უნდა გვქონდეს სათადარიგო გეგმა, რადგან ოქრიაშვილის, დაუშვილისა და მჭედლიძის სახით, სამი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია.  ჩვენი თავდაპირველი გეგმა მოიცავდა იმ შემადგენლობით თამაშს, რომელიც ირლანდიასა და უელსში მოედანზე იყო - ჯაბა კანკავასთან ერთად. ახლა ჩვენ დავიმატეთ გიორგი არაბიძე, ისევე როგორც სხვა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორიცაა ჯიმი ტაბიძე. ეს იმის ნიშანია, რომ ნაკრებს კარგი მომავალი აქვს. გია გეგუჩაძე და მისი თანაშემწეები ხარისხიან და ნაყოფიერ სამუშაოს ეწევიან ახალგაზრდულ ნაკრებში. არაბიძე მეტად ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ სერბეთთან არა, ლატვიასთან შეხვედრაში აუცილებლად იხილავთ მოედანზე. ცხადია, მოგვიწევს როგორც თავდასხმაში, ისე მოედნის ცენტრში ცვლილებების განხორციელება. დაგვიბრუნდა ჯაბა კანკავა, რაც დადებითად აისახება ჩვენს თამაშზე. მოედანზე გამოვა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მზად იქნება ბოლომდე დაიხარჯოს, 3 ქულისთვის იბრძოლოს, და გულშემატკივარს ხარისხიანი თამაში აჩვენოს,“- განაცხადა ვლადიმირ ვაისმა. 

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. 2 მოახლოებული თამაშისთვის 24 ფეხბურთელი ემზადება, სერბეთთან ოფიციალურ მატჩს ყვითელი ბარათების გამო ბუბა დაუშვილი გამოტოვებს.

საქართველოს და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.