ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
1. ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა პროგრამაში?
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც 2023 წლის 1 ივნისისთვის შეუსრულდება 18 წელი, იცის ინგლისურ ენა, აქვს სურვილი და მოტივაცია იყოს საინტერესო, მხიარული, მრავალფეროვანი ჯგუფის წევრი. ჩაერთოს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში, გაეცნოს საორგანიზაციო საკითხებს, განავითაროს პროფესიული უნარები და გახდეს ჩემპიონატის გუნდის წევრი.
ველოდებით ყველა დაინტერესებულ პირს!
2. სად და როგორ უნდა გავიარო რეგისტრაცია უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა პროგრამაში?
მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაცია გაიაროთ უეფას მოხალისეთა პლატფორმაზე, რომელიც 2023 წლის 18 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
3. როდის გამოცხადდება მიღება?
მოხალისეთა მიღება გამოცხადდება: 2023 წლის 18 იანვარიდან და გაგრძელდება 10 აპრილის ჩათვლით.
4. არის თუ არა შესაძლებელი, ჩემთვის სასურველი ლოკაციის და სფეროს არჩევა?
განაცხადის შევსებისას თქვენ საშუალება გაქვთ, მიუთითოთ სასურველი მასპინძელი ქალაქი, ლოკაცია და სფერო.
5. რა ეტაპები უნდა გავიარო რომ გავხდე მოხალისე?
იმისათვის, რომ გახდეთ მოხალისე:
- დარეგისტრირდით უეფას მოხალისეთა პლატფორმაზე: https://bit.ly/3WtRwBl
- აირჩიეთ UEFA Under 21 Championship 2023 Georgia და შეავსეთ განაცხადი
- წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, მიიღებთ ელ. ფოსტაზე ავტომატურ შეტყობინებას განაცხადის დარეგისტრირების თაობაზე.
- მოხალისეთა შერჩევაზე პასუხისმგებელი გუნდი უზრუნველყოფს გასაუბრების ორგანიზებას.
- გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეულ მოხალისეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი/ტრენინგი კონკრეტული პოზიციებისთვის გათვალისწინებული ფუნქციების, სამუშაო პირობების და სამუშაო დღეების შესახებ.
6. როგორ გავიგებ ჩემი კანდიდატურა შეირჩა თუ არა მოხალისედ?
შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან საკონტაქტო ტელეფონზე.
7. სამუშაო პერიოდი
მოხალისის სამუშაო დღეების რაოდენობა დამოკიდებულია მის მიერ შერჩეულ პოზიციაზე. სავალდებულო სამუშაო დღე ყველა პოზიციისთვის არის მატჩ(ებ)ის და ტრენინგ(ებ)ის დღე. დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ სამუშაო განრიგთან დაკავშირებით, მიმართულებების შესაბამისად, მოგვიანებით მიეწოდება ყველა შერჩეულ მოხალისეს.
8. რას მივიღებ პროექტში ჩართვით?
- უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი
- გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავდაგადავალს
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
- ახალი მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას
9. რა სარგებელს გთავაზობთ მოხალისეთა პროგრამა?
- უეფას და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
- კვებასა და ტრანსპორტირებას
- ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
- დახურვის ღონისძიებას
10. მოხალისეთა საორგანიზაციო გუნდის საკონტაქტო?
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მოხალისეთა საორგანიზაციო გუნდს ელ. ფოსტაზე: [email protected]
11. არის თუ არა მოხალისეობრივი საქმიანობა ანაზღაურებადი?
მოხალისეობრივი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
12. შემიძლია თუ არა მოხალისის პროექტში მონაწილეობა თუ ვცხოვრობ საქართველოს
ფარგლებს გარეთ?
მონაწილეობა შესაძლებელია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩემპიონატი არ ფარავს
საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯებს.
მოხალისეთა პოზიციები
ჩემპიონატის ფარგლებში სტადიონის ტერიტორია დაყოფილია რამდენიმე ზონად (მოედანი, მედია ცენტრი და სხვა). აკრედიტაციის გუნდი ამზადებს საშვებს/აკრედიტაციის ბარათებს კონკრეტული პირებისთვის მათი სფეროს შესაბამისად, რომელიც გაიცემა აკრედიტაციის ცენტრში. აკრედიტაციის მოხალისე დაეხმარება გუნდს აკრედიტაციის ბარათის დამზადებაში, გაცემაში და სხვა მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებში.
მარკეტინგის მოხალისე მარკეტინგის გუნდთან ერთად, ჩართულია სტადიონზე საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირებაში. საჭიროების შესაბამისად მარკეტინგული მასალის დარიგებაში, დანიშნულების ადგილზე მასალის განთავსებაში (მაგ. პრესკონფერენციისთვის) და სხვა მარკეტინგულ აქტივობებში.
ახალგაზრდული პროგრამის მოხალისე დაეხმარება გუნდს ღონისძიებების დაგეგმვის და გასართობი პროგრამების ორგანიზებაში. კოორდინაციას გაუწევს ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე ბავშვებს.
მედია საკითხების მოხალისის მოვალეობაა მედია გუნდის ხელშეწყობა, მედიის წარმომადგენლების მიღება, კითხვებზე პასუხი, აკრედიტაციისთვის ინფორმაციის გადამოწმება, აკრედიტაციის საფუძველზე სტადიონზე მედია თანამშრომლების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის (მედია ზონაში, ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, პრესკონფერენციების ოთახში და სხვა) საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირება. სტადიონზე მედია მენეჯერის დავალებების შესრულება, მედია გუნდთან ერთად პრესკონფერენციების და ინტერვიუებისთვის ტექნიკური საკითხების დროული შესრულება.
ღონისძიებების გუნდი უზრუნველყოფს ოთხივე მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა და დახურვის ღონისძიებების დაგეგმვას, გულშემატკივრებისთვის საზეიმო და დასამახსოვრებელი ატმოსფეროს შექმნას. ღონისძიებების მოხალისე დაეხმარება გუნდს ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების პროცესში. ღონისძიებების მენეჯერის მითითებით უზრუნველყოფს სტადიონზე მიმდინარე/ტექნიკური საკითხების ადმინისტრირებას.
ბილეთების მიმართულებით შერჩეული მოხალისე მენეჯერის მითითებით ჩაერთვება სტადიონზე მიმდინარე ტექნიკური საქმეების ადმინისტრირებაში, ბილეთების დარიგებაში, საჭიროების შესაბამისად სტადიონზე ბილეთების ცენტში ტექნიკური საკითხების ადმინისტრირებაში.
გულშემატკივრის მომსახურების კუთხით დაეხმარება მატჩზე მოსულ მაყურებელს სტადიონის გარე და შიდა პერიმეტრზე მისთვის განკუთვნილი სექტორის და ადგილის მოძებნაში, გაუწევს ტექნიკური მხარდაჭერას საჭიროებისამებრ. გააკონტროლებს ბილეთების სისწორეს.
ჩემპიონატის ფარგლებში სტუმრების კოორდინაციაზე/მასპინძლობაზე პასუხისმგებელი მოხალისე უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოწვეულ სტუმრებთან საკონტაქტო პირია. მისი ფუნქციაა სტადიონის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მოწვეული სტუმრების დახვედრა, მისალმება, სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილებამდე მიცილება და ინფორმაციის მიწოდება ჩემპიონატის შესახებ. VIP ზონის ტექნიკური მხარდაჭერა. აგრეთვე, სტადიონებზე ჩემპიონატის საორგანიზაციო გუნდისთვის განკუთვნილ საკვებ ობიექტზე მოსული თანამშრომლების აღრიცხვა, საკვები ობიექტის სისუფთავის და წესრიგის კონტროლი. მენეჯერის დავალებით სხვა საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირება
დოპინგის პროგრამის მოხალისე, უეფას ანტი-დოპინგის გუნდის მონიტორინგით, პასუხისმგებელია ფეხბურთელისთვის დოპინგ შემოწმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და საჭიროების შესაბამისად პროცესის დასრულებამდე მის მხარდაჭერაზე.
სტადიონებზე განთავსებული მოხალისეთა ცენტრის მოხალისე მენეჯერის მითითებით, უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, მოხალისეების კოორდინაციას, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირებას. საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად, მოხალისე დაეხმარება სტადიონზე საორგანიზაციო გუნდის სხვადასხვა მიმართულებებს.