სიახლეები

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება

სფფ
გაუზიარე

29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქველმოქმედო შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართა. მატჩი, რომელიც GFF XI-სა და World XI-ს შორის შედგა, მსოფლიო თერთმეტის გამარჯვებით 6:5 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებმა, საფეხბურთო მოედანს საპატიო წრე დაარტყეს და შეკრებილ გულშემატკივარს მიესალმნენ.

საქველმოქმედო შეხვედრაში ანგარიში მეორე წუთზე ლუკა ტონის გოლით გაიხსნა, თუმცა მალევე ალექსანდრე იაშვილმა გათანაბრა. მე-14 წუთზე მიჩელ სალგადომ მსოფლიოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. 26-ე წუთზე კი, საკუთარი გოლი რივალდომ გაიტანა და მსოფლიო თერთმეტეულის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ლუკა ტონიმ GFF XI-ს მეოთხე გოლი გაუტანა, ბრაზილიელმა კაფუმ კი, სებასტიან ფრეის კარში ეფექტურად დაარტყა და სხვაობა კვლავ ორბუთიანი გახდა - 2:4.

მეორე ნახევრის სტარტზე, ალექსანდრე იაშვილის გადაცემით კევინ კურანიმ საკუთარი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა 68-ე წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ შორეული დარტყმით გაიტანა და მსოფლიო ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა. ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში სხვაობა კვლავ შემცირდა. ანდრეი შევჩენკოს ტექნიკური მოქმედება ზუსტი დარტყმით გიორგი დემეტრაძემ დაასრულა. 73-ე წუთზე კი, თავად შევჩენკომ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა - 5:5. მატჩის საბოლოო შედეგი ბოლო წუთზე დაფიქსირდა, იბრაჰიმ ბას ჩაწოდების შედეგად ახლო მანძილიდან თავური დარტყმით მარკო დელვეკიომ გაიტანა და World XI-ს მოაგებინა.

საქველმოქმედო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას, 300,343 ლარს, 2 სექტემბერის მატჩის, საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება