სიახლეები

თბილისი უეფას სამიტს მასპინძლობს

სფფ
გაუზიარე

2017 წლის 1-2 მარტს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ უეფას ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. UEFA GROW - სამიტში, რომელიც ამ ფორმატით პირველად ტარდება, უეფას წარმომადგენლები, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიღებენ მონაწილეობას. თბილისს ასევე ესტუმრებიან მონაწილე ქვეყნების სპორტისა და განათლების მინისტრები. სამიტის მუშაობაში სპორტის საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.

2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტების შედეგად, დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7000-ით გაიზარდა, რაც უეფამ ფეხბურთის მასობრიობისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და შედეგების გაანალიზების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სწორედ საქართველო იქნა შერჩეული სამიტის მასპინძლად.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. ლევან კობიაშვილი იმ გრძელვადიან პროექტებსაც განიხილავს, რომელიც საქართველოში „UEFA GROW 2020“-ის ფარგლებში ხორციელდება.