სიახლეები

ფრე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ეროვნულ გუნდთან გამართა. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, დუბაიში მყოფი ჩვენი გუნდი ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო შანსი ძირითადად იმ მოთამაშეებს მისცა,რომლებსაც ასეთი დონის შეხვედრებში მონაწილეობის ნაკლები გამოცდილება აქვთ. უზბეკეთთან შეხვედრაში გოლების ავტორები დებიუტანტები გახდნენ: ბათუმის "დინამოს" წევრი თეიმურაზ შონია და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე. 

უზბეკეთთან ფრედ, 2:2 დასრულებული შეხვედრა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

"სასარგებლო თამაში იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ დონეზე, ასეთ მოწინააღმდეგესთან პირველად თამაშობდნენ. თუმცა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან უპირატესობა მარტივი პოზიციური შეცდომის გამო გავუშვით ხელიდან. თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა, გვქონდა მომენტები, მაგრამ კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ და რეალიზაცია კვლავ მოიკოჭლებდა. მაგალითად, პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტი იყო. აღსანიშნავია, რომ თანაბარი თამაში ჩავატარეთ კარგ მოწინააღმდეგესთან. უზბეკეთის ნაკრები სანახევროდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ამ ეტაპზე მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინ მეორე მატჩია. საბოლოო ჯამში, ფეხბურთითა და ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თუმა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო."

ოთარ კიტეიშვილი: "მთლიანობაში საინტერესო თამაში გამოვიდა, ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, კარგად ვითამაშეთ გუნდმა, კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ გავუშვით გოლი. ეს ამხანაგური თამაში პირველი იყო ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ.

"პირველი ტაიმი ნერვიულად დავიწყეთ,ალბათ ეს იმან განაპირობა,რომ ბევრი ჩვენგანისთვის პირველი თამაში იყო. მოგეხსენებათ, ზამთრის შეკრება ახლა დაიწყო და თანდათან უკეთეს ფორმაში ჩავდგებით. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ და უფრო კარგ შედეგს დავდებთ" - საბა ლობჟანიძე

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს, იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ Theyab Awana Stadium სტადიონზე გამართავს. საქართველოსა და იორდანიის საფეხბურთო დაპირისპირება, ოთხშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.

უზბეკეთი - საქართველო 2:2

დუბაი, „სევენს სთედიუმი“

უზბეკეთი: ლობანოვი, ბიკმაევი (57’ მაშარიპოვი), ახმედოვი, ისკანდეროვი (90’ აშურმატოვი), სერგეევი, სოხიბოვი, ანდრეევი, შუკუროვი (80’ კუტიბაევი), ტუხტახუჯაევი, ხაშიმოვი, შამურადოვი

მთ. მწვრთნელი: სამველ ბაბაიანი

საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, ს. ლობჟანიძე (82’ ხარაიშვილი), არაბული (57’ პარუნაშვილი), ზივზივაძე, კიტეიშვილი (89’ პაპუნაშვილი), ტუღუში (70’ დვალიშვილი), შერგელაშვილი (89’ ტაბიძე), რეხვიაშვილი, შონია (83’ მამასახლისი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ჰამად ალი, მოჰამედ ალაჰმადი, საბეტ ალ-ალი, ხალილ ალმულა

გაფრთხილება: 22’ შუკუროვი, 63’ უ. ლობჟანიძე, 87’ ხარაიშვილი

გაძევება: 89' ახმედოვი

გოლები: 1:0 შამურადოვი (45), 1:1 შონია (69), 1:2 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შამურადოვი (78)