სიახლეები

ვასილ მაისურაძე: ცვლილებები იქნება! [ვიდეო]

გაუზიარე

მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა. ვასილ მაისურაძის გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 1:2 დამარცხდა. შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო და გიორგი ივანიაძის ზუსტი დარტყმითაც დაწინაურდა, მაგრამ მეკარე ლუკა გუგეშაშვილის უხეშ შეცდომას მალევე მოჰყვა გამთანაბრებელი გოლი. მატჩის მიწურულს კი სტუმრებმა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევითაც იხეირეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა, თუმცა წინ კიდევ ორი თამაშია და სწორედ ამას გაუსვა ხაზი პრესკონფერენციაზე ვასილ მაისურაძემ:

„ძალიან ცუდად დავიწყეთ ელიტ-რაუნდი, სამწუხაროდ, დავმარცხდით. რაც შეეხება ლუკა გუგეშაშვილის შეცდომას, მესმის, რომ ჯერ ასაკით პატარაა და ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ნამეტანი იყო. რუსეთთან მატჩამდე ორი დღეა და გადავწყვეტთ, დადგება თუ არა ის კარში. ცვლილებები იქნება. ამ წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსები საგრძნობლად გართულდა, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ“.

ბოსნია ჰერცეგოვინა - საქართველო 2:1 (1:1)

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ბოსნია ჰერცეგოვინა: ვასილი, პერიჩი, ბეშირევიჩი, ცელიკოვიჩი, ველიჩი, მირიჩი (სედიკუ 74), რესიჩი (შაბანაჯოვიჩი 80), კოვაჩი, დადიჩი, ველაჟიჩი, ჰაჯიჩი (ვლადიჩი 66)

მთ. მწვრთნელი: საკიბ მალკოცევიჩი

საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, შეწირული (ანდრონიკაშვილი 41), კუცია, ნინუა, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (დავითაშვილი 53), ივანიაძე (სპანდერაშვილი 74)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე 

მსაჯები: ფერენც კარაკო, თეოდოროს გეორგიუ (ორივე უნგრეთი), სტეფან დონალდსონი, ენდრიუ დავეი (სათადარიგო) (ორივე ჩრდ. ირლანდია)

გაფრთხილება: ცელიკოვიჩი (34), ივანიაძე (59), კუცია (71), რესიჩი (80)

გაძევება: დადიჩი (76)

გოლები: 0:1 ივანიაძე (14), 1:1 რესიჩი (16), 2:1 კოვაჩი (75)

ელიტ-რაუნდის მეორე მატჩში „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე იტალიის 17-წლამდე ნაკრებმა რუსეთი 4:0 დაამარცხა. გოლები ფილიპო მელეგონიმ (მე-5 წუთზე), მოიზე კინმა (25, 65) და ანდრეა პინამონტიმ (72) გაიტანეს.

მომდევნო ტური 17 მარტს გაიმართება: საქართველო - რუსეთი 14 საათზე, იტალია - ბოსნია 16 საათზე.



სფფ-ს პრესსამსახური