სიახლეები

ლევან კობიაშვილისა და კახა ჭუმბურიძის პრესკონფერენცია [ვიდეო]

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კობიაშვილმა მედიასთან საუბარი 1 დეკემბერს გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განხილული თემებით დაიწყო.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგში პირველ საკითხად ლანჩხუთის „გურიას“ და  ყოფილ მწვრთნელებს შორის არსებული დავა იყო. სფფ-ს პრეზიდენტის  განცხადებით, საკითხზე  შეთანხმება მიღწეულია.

''ბოლო აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი მწვრთნელებისათვის დავალიანების დასაფარად ვადა 1 დეკემბრამდე მიეცა. გავეცანი არსებულ სიტუაციას და ვესაუბრე ორივე მხარეს. ფეხბურთის ფედერაციაში შემოვიდა საბუთი, რომლის მიხედვითაც მხარეები დავალიანების დაფარვის ვადაზე შეთანხმდნენ. „გურია“ დავალიანებას 1 თებერვლამდე დაფარავს. შესაბამისად ლანჩხუთელებისთვის ეროვნულ ჩემპიონატში ქულების დაკლების საკითხი დღის წესირიგიდან მოიხსნა''. - თქვა კობიაშვილმა

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მეორე საკითხი ფუტსალის ასოციაციაში შექმნილი ვითარება და ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პრობლემები იყო. კობიაშვილის თქმით, ფუტსალის ასოციაციას  სფფ-ს წევრობა დროებით შეუჩერდა.

''ფუტსალის ასოციაციას 1 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა წარმოედგინა ხედვა, როგორ აპირებენ ჩემპიონატის ჩატარებას. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ წერილი ასოციაციიიდან, რომელიც ჩემთვის  გაუგებარია. ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ ჩემპიონატს ჩვეულებრივ რიტმში. გაუგებარია რას ნიშნავს ჩვეულებრივი რიტმი, რადგან ჩემპიონატი დაიწყო არჩევნების წინა დღეს  და ამჟამად გათამაშება შეჩერებულია. მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩატარდა და ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია. გარდა ამისა, წერილს არცერთი პასუხისმგებელი პირი ხელს არ აწერს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასოციაციაში აპირებენ, რომ 5 დეკემბერს მოიწვიონ ყრილობა და აირჩონ პრეზიდენტი. აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ ფუტსალის ასოციაციას დროებით შეუჩერდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობა''. - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის შესახებაც ისაუბრა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, ზურაბ ბიწაძეს ტრიბუნალის თავმჯდომარის სტატუსი აღუდგა.

''საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზურაბ ბიწაძე თანამდებობიდან გადააყენეს. გურიის დელეგატთან დაკავშირებით მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სფფ-ს წინა ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მის ნაცვლად თანამდებობაზე დავით მაისურაძე დაინიშნა. აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიწაძე დაბრუნდეს ტრიბუნალის თავმჯდომარის პოსტზე''. - ამბობს კობიაშვილი.

სფფ-ს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს გარიგებული მატჩების თემაზე უპასუხა და ამ მიმართულებით მუშაობა სფფ-ს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა :

''რამდენიმე დღის წინ ცხინვალის ''ლიახვის'' ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მიმართა ფედერაციას და გარიგებული მატჩის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მე არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ ამის შესახებ მაცნობეს. მეორე დღეს ჩამოვფრინდი და გავემგზავრე ხობში, სადაც არსებულ ვითარებას გავეცანი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ''კოლხეთისა'' და ''ლიახვის'' მატჩი გადადებულიყო. ჩვენ, ვმუშაობთ,თუ როგორ მოვიზიდოთ ფეხბურთში კერძო ინვესტორი, როგორ დავაბრუნოთ სტადიონზე მაყურებელი და ამ დროს ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება. არავის მიმართ არ დავხუჭავთ თვალს, ყველა ასეთი ქმედება უმკაცრესად იქნება დასჯილი. ადამიანები, ვინც მსგავსი ხერხებით ცდილობენ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას, ჩვენს მუშაობას წყალში ყრიან. ყველა ჩვენი რესურსით შევებრძოლებით გარიგებულ მატჩებს. იქმნება სპორტული სამართლიანობის სამსახური, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. ასევე იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა საგამოძიებო უწყებებთან და ვფიქრობ ერთობლივი ძალებით გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანი გამოვა''. - თქვა სფფ-ის პრეზიდენტმა.

სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ იმ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით მომავალ წელს განხორციელდება.

''ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ასევე მწვრთნელთა ლიცენზირებისა და ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებებით. ყველა ეს თემა ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაგრამ საბოლოო გეგმა და პროექტი, რასაც ფეხბურთის ფედერაცია მომავალ წელს განახორციელებს, 25 დეკემბერს გამოქვეყნდება. არ ვართ კმაყოფილი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ნაჩვენები შედეგით, მაგრამ ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ნაკრებებში ცვლილებების შესახებ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით''. - თქვა ჭუმბურიძემ.

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=L6Q87LB9Ejs","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=bbF67UVHW4U","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სფფ-ს პრესსამსახური