მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესკონფერეცია გაიმართა. ლევან კობიაშვილმა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიმდინარე თემები შეაფასა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
“ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის, საზოგადოების და გულშემატკივრების მიმართ ვიყო გახსნილი და ხმამაღლა ვისაუბრო მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამიტომ, დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო რიგ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, არჩევნების პერიოდში მე წარვადგინე ფეხბურთის განვთარების ჩემი ხედვა. ამ ეტაპზე ვახდენ არსებული სიტუაციის ანალიზს და შესწავლას, იმისათვის, რომ ჩემი ხედვა და სტრატეგია გახდეს უფრო კონკრეტული და განხორციელებადი.
დღეს ფედერაციაში საკმაოდ მძიმე მდგომაროებაა. თქვენ იცით, რომ ფედერაციას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის, ასევე უეფას მიმართ. ჩემი გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ფედერაციაში მუშაობს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც ამოწმებს ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებს. ასევე ჩვენ ვსწავლობთ ყველა მიმდინარე ხელშეკრულების იურიდიულ საფუძვლებს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მოვახდინოთ ყველა არამიზნობრივად გაფორმებული კონტრაქტის და თანხების მობილიზება და მიმართვა სწორი მიმართულებით.
ასევე ფედერაციაში ვახდენთ სისტემურ ცვლილებას. მე ამაზე ვსაუბრობდი წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ჩემს მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ფედერაციაში მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. იგეგმება სტრუქტურის რეორგანიზაცია და შემუშავდება კარგი მმართველობის პრინციპი, რომელიც დაეფუძნება ინოვაციურობას, გუნდურობას, გამჭვირვალობას, სამართლიანობას, შრომისუნარიანობას. ამ მიმართულებითაც დღეს ვახდენთ ვითარების შესწავლას და უახლოეს მომავალში დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“.
სფფ-ის პრესსამსახური
სფფ
გაუზიარე