სიახლეები

ზვიად სიჭინავა: კაცზე ოთხი, ინტერნეტით და პირადობით!

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გადამყიდველებისთვის ასაცილებლად მუშაობა უკვე დაიწყო... უფრო სწორად, დაამთავრა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უეფადან გუშინ დაბრუნდნენ და სუპერთასთან დაკავშირებული ასეთი სიახლე ჩამოიტანეს: 

მეტოქე გუნდების ქომაგებისთვის განკუთვნილი ბილეთების გარდა, სუპერთასის მატჩზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი ონლაინ-გაყიდვაში იქნება, ანუ ყველა ბილეთი ინტერნეტით გაიყიდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ასევე ყველა ბილეთი მხოლოდ პირადობის მოწმობით გაიყიდება. ერთ ქომაგს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. ვფიქრობ, ასეთი ხერხით მაქსიმალურად შევამცირებთ სუპერთასის მატჩის ბილეთების გადამყიდველების ხელში მოხვედრის ალბათობას _ გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. 

შეგახსენებთ, სუპერთასის მატჩი ეროვნულ სტადიონზე 11 აგვისტოს გაიმართება. ბელეთების ფასები კი, ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას შეთანხმებით, სუპერთასის ისტორიაში ყველაზე დაბალი 7, 15 და 30 ევრო იქნება. 11 აგვისტოს მატჩის ერთი მეტოქის ვინაობა, ევროპის ლიგიდან, 27 მაისს გაირკვევა, მეორე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი _ 6 ივნისს... 

უეფას სუპერთასის რეგლამენტით, მეტოქეთა ქომაგებისთვის 3-3 ათასი ბილეთი გამოიყოფა, დანარჩენი, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, ინტერნეტით და პირადობის მოწმობით გაიყიდება... შეგახსენებთ, ჩვენი ეროვნული სტადიონი 54 549 ქომაგზეა გათვლილი. ამ რაოდენობაში ის ადგილებიც იგულისხმება, რომლებიც მატჩის მომსახურე პოლიციელებს, სტიუარდებსა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ ხოლმე დაკავებული. 

კობა ინასარიძე