სიახლეები

ალექსანდრე იაშვილი: გაბალა ჩვენი ბრალია

გაუზიარე

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ გაბალასთან მატჩებისას დინამო თბილისის მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს პრესისგან თავის შორს დაჭერა სთხოვა. ჩვეულებრივი ამბავია, პრინციპული თამაშებისას მწვრთნელს სურს, მისი შეგირდების გონება მხოლოდ მეტოქეზე იყოს კონცენტრირებული... ამიტომაც იყო, გაბალასთან თბილისური მატჩის შემდეგ დინამოელები ჟურნალისტებთან არ გამოჩენილან, თავაზიანი უარით საქმე აზერბაიჯანელებთან საპასუხო მატჩამდე გადაჰქონდათ... აზერბაიჯანულ გაბალასთან ჩვენების დუელი როგორც დამთავრდა, ალბათ, ყველას კარგად მოეხსენება. ამ დაპირისპირებაში კი თავის გამორჩეული ადგილი დინამოში 18 წლის შემდეგ დაბრუნებულ ალექსანდრე იაშვილს უკავია, ვისაც გაბალასთან თბილისური მატჩისას ქომაგი ისე შეხვდა... თუმცა, თავად ალექსანდრე იაშვილი გეტყვით...

18 წლის წინ, 1997 წლის სექტემბერში დინამოს შემადგენლობაში ბოლო მატჩი უეფას თასზე ბელორუსულ მპკც-თან ჩავატარე. დინამოდან გერმანიაში წავედი, დინამოში დაბრუნებულს კი ხელმეორე დებიუტი ისევ საერთაშორისო დონეზე მქონდა. ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რაც იმ წუთს მქონდა, როცა შეცვლაზე შესასვლელად მოედნის განაპირას გავედი. ქომაგისგან შეგულიანებულ ადგილს ვერ ვპოულობდი, პატარა ბიჭივით ვნერვიულობდი... ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა ადგილობრივი დიქტორის ხმა გავიგე _ მოედანზე ალექსანდრე იაშვილი გამოვიდაო. უნებურად გამახსენდა 18 წლის წინანდელი ამბები, დინამო და მისი საერთაშორისო მატჩები... შინაგანი ემოცია, ალბათ შეამჩნევდით, ჩემს თამაშზეც აისახა. ბედნიერი ვიყავი, რომ იმ მძიმე მატჩში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა...

თბილისური მატჩი კი მოიგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გაბალა გავიდა...

გაბალა მართლაც კარგი, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ ჩვენ რომ აზერბაიჯანშიც ის ფეხბურთი გვეთამაშა, როგორიც თბილისში, გარწმუნებთ, შემდეგ ეტაპზე დინამო გავიდოდა. 

რამ შეგიშალათ ხელი რომ თქვენი ფეხბურთი ვერ ითამაშეთ?

მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ. გია გეგუჩაძემ გვთხოვა, რომ ბურთი ჩვენი კარიდან რაც შეიძლება მაღლა აგვეტანა; სწრაფი გოლის დავალება არ გვქონდა, მაგრამ ნათქვამი შეტევა იყო; ბურთი მეტოქის დაცვასა და ცენტრის ხაზს შორის უნდა დაგვეჭირა, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ ეს მოვახერხეთ... ზოგადად, ფეხბურთელი თვითკრიტიკული უნდა იყოს და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გაბალასთან წაგება ჩვენი, ფეხბურთელები ბრალია, თუმცა დამსახურებას არც მეტოქის ფეხბურთელებს ვუკარგავ... დინამოს მართლაც კარგი, ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, შესაბამისის გამოცდილების შემდეგ კი ისინი ევროსარბიელზეც წარმატებით ითამაშებენ.

შენი აზრით, გამოუცდელობის ბრალი იყო ის ორი წითელი ბარათი, რომელიც გაბალაში თოთაძემ, თბილისში კი გველესიანმა მიიღო?

ვფიქრობ, თბილისში გველესიანი გასაგდები არ იყო, არბიტრი ძალიან მკაცრად მოიქცა. გაბალაში თოთაძის გაძევების ეპიზოდი კი განმეორებით არც მინახავს... გულდაწყვეტილებს წაგებული თამაშის ვიდეოს ნახვა არ გვსურდა... მათ გაძევებას კი გამოუცდელობით ვერ ავხსნიდი, უფრო მგონია, რომ ისინი ჩემპიონატში არიან მიჩვეულნი ასეთ უხეშობას და მსაჯებისგან დანდობას. 

გაბალასთან საპასუხო მატჩის წინ მწვრთნელმა რა დაგავალათ?

როგორც ვთქვი, ამოცანა იყო - ჩვენი კარისგან ბურთი მაქსიმალურად შორს ,,დაგვეჭირა”. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და უპირატესობა მეტოქეს დავუთმეთ. 

1997 წლის შემდეგ ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატს ცალი თვალით თუ უცქერდი. ჩამოხვედი და უკვე რამდენიმე თვეა აქ თამაშობ... რას იტყვი, ევროპისგან ძალიან შორს ვართ?

წლევანდელი ევროშედეგი ყველაფერზე მეტყველებს. ოთხიდან სამი გუნდი უკვე გავარდა. სხვათა შორის, სამშაბათს გორის დილა თამაშობს. მსურს გორელებს წარმატება ვუსურვო, რაც ჩვენ მიგვაკლდა, იქნებ მათ შემატებოდეთ. დილას ძლიერი მეტოქე კი ერგო, მაგრამ პარტიზანი დაუმარცხებელი გუნდიც არ არის. დილას ბრძოლისუნარიანობისა და კარგი შედეგის იმედი მაქვს... ევროპისგან დიახ, შორს ვართ. ეს ახალი არ არის, მაგრამ რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელიც ჩვენ გვყავს, იმდენი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთად აღებული არ მოიძებნება და სწორედ ეს მაძლევს კიდეც ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი პრობლემა განვითარებაშია. ევროპა ვითარდება, მუდამ სიახლეების ძიებაში არიან, ჩვენთან კი რა ხდება?! ქართული კლუბებიდან რამდენს აქვს საფეხბურთო აკადემია, ბავშვთა სკოლა?! დინამო, ზესტაფონი, საბურთალო, ლოკომოტივი, ფეხბურთის ფედერაცია... სხვებმა თუ განვითარებაზე არ იზრუნეს, ფეხბურთი როგორ განვითარდება?! 

18 წლის შემდეგ დინამოში როგორ მიგიღეს, როგორ დაგვხვდნენ მშობლიურ კლუბში?

პირველ ყოვლისა, მადლობას ვეტყვი დინამოს ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ საშუალება მომცა ერთხელაც მომერგო ამ დიდი კლუბის მაისურა. დინამოში თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ... კლუბის ბაზაზე ფეხი მთლად უცხომ რომ შედგას, ისიც კი მიხვდება, რომ დიდი გუნდში შეაბიჯა, იქ სხვა ატმოსფეროა, სხვა სითბოა... სიამოვნებით დავდივარ ყოველ დღე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე და ახალი ქართული სეზონისთვის გულმოდგინედ ვემზადები.

კობა ინასარიძე