სიახლეები

ზუგდიდი: ვალიდან ამოსული და მაღლა ასული

გაუზიარე
მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის დირექტორად გელა ინალიშვილი დაინიშნა, ამ გუნდის საქმეები გაცილებით უკეთ წარიმართა და თანდათან გამართულ კოლექტივადაც ყალიბდება. გელა ინალიშვილს გუშინ საკლუბო ამბებზე ვესაუბრეთ.

გასული ჩემპიონატი ზუგდიდმა ცუდად დაიწყო, პირველი წრის შემდეგ ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა და უმაღლეს ლიგაში უპრობლემოდ შეინარჩუნა ადგილი. აქედან გამომდინარე, სეზონს, ალბათ, დადებითად შეაფასებთ.

როდესაც გუნდში მოვედით, 250 ათასი ლარი ვალად დაგვხვდა, ფეხბურთელებს კი მხოლოდ სამი ბურთი ჰქონდათ სავარჯოდ. მთავარ მწვრთნელად რამაზ მუმლაძე მოვიწვიეთ, იმ დროს სეზონის დაწყებამდე ერთი კვირაღა რჩებოდა, ანუ ძალიან ცოტა დრო გვქონდა საიმისოდ, რათა გუნდი სრულფასოვნად მომზადებულიყო ჩემპიონატისთვის. მუმლაძემ რაც შეეძლო, გააკეთა და მას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის, შემდეგ კი მწვრთნელად ბესიკ შეროზია დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა და საბოლოოდ, ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დავასრულეთ.

მეორე წრეში ზუგდიდი შედარებით კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლოსკენ რამდენიმე თამაში ჩააგდეთ _ გურიასთან 0:5, დინამოსთან 0:7, სიონთან 1:2, რასაც შემადგენლობის გადახალისება მოჰყვა.

იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან განვლილ სეზონში თამაშობდნენ და გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნეს, ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, მაგრამ ამ წარუმატებელი თამაშების შემდეგ მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება და მომდევნო ჩემპიონატს პრაქტიკულად სხვა შემადგენლობით ვხვდებით.

ზუგდიდს არასოდეს აკლდა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, აქცენტს ახლაც ახალგაზრდებზე გააკეთებთ?

რა თქმა უნდა. ზუგდიდი ნიჭიერი მოთამაშეების საბადოა და უფლება არ გვაქვს, ეს არ გამოვიყენოთ. ახალგაზრდებთან ერთად გვეყოლება რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც, რომლებიც მწვრთნელებმა შეარჩიეს. მე, როგორც კლუბის დირექტორი, სასელექციო სამუშაოებში არ ვერევი, ფეხბურთელებს მწვრთნელები არჩევენ, მე კი ამის შემდეგ მათთან კონტრაქტის პირობებზე ვსაუბრობ. თუმცა, როგორც ყოფილი ფებურთელი და ახლა კლუბის დირექტორი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ზუგდიდში ითამაშებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მამალაძე, წყაროზია, ფიფია, კვარაცხელია და სხვები. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სასელექციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

მოსამზადებელი ეტაპის გავლას სად აპირებთ?

გუნდი უკვე შეიკრიბა და ვარჯიშობს ბაიას ბაზაზე. ამხანაგურ შეხვედრებსაც გავმართავთ, მერე მოსამზადებლად თურქეთში წავალთ 12 დღით, ზუგდიდში დაბრუნებულები კი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ნაწილს აქ ჩავატარებთ.

ითქვა, რომ ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების სტადიონი აშენდება, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ახალ სეზონში სად ჩაატარებთ საშინაო შეხვედრებს?

გარკვეული საკითხები იყო შესათანხმებელი და მშენებლობა ამიტომ არ დაწყებულა, თუმცა უახლოეს პერიოდში მშენებლები აუცილებლად შეუდგებიან საქმეს. ზუგდიდში ბრძანდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ახალი სტადიონის პროექტი მოიწონა. საშინაო შეხვედრებს განმუხურში ჩავატარებთ, რომლის მოედნის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაგვიდგა გვერდით. მერიის დაფინანსებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ზედა ეწერის სტადიონს, რომელიც ზუგდიდიდან რვა კილომეტრითაა დაშორებული და იქ ჩვენი ჭაბუკები და დუბლიორები ითამაშებენ.

ზუგდიდს მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავდა და ჰყავს, არა გვგონია, ახალ სეზონში ისინი მხოლოდ ადგილის შენარჩუნებით დაკმაყოფილდნენ.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ გუნდში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები გვეყოლება, მათ კი გარკვეული დრო სჭირდებათ დასაოსტატებლად. ვფიქრობ, პირველ 8-10 გუნდში მოხვედრა უნდა შევძლოთ, დანარჩენს კი ჩემპიონატის მსვლელობა გამოაჩენს.

როგორც ვიცით, ზუგდიდს დაფინანსების მხრივ ვითარება საგრძნობლად გამოუკეთდა.

ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ბევრს აკეთებს გუნდისთვის და ის ამისთვის მადლობას იმსახურებს. მერია და საკრებულო ყველანაირად გვერდში გვიდგანან. თავიდან გამოყოფილი იყო მილიონი ლარი, რომლიდანაც 250 ათასი ვალებში წავიდა, დანარჩენი თანხით კი გუნდმა უპრობლემოდ ჩაატარა წინა სეზონი და გარკვეული ოდენობა კვლავ ანგარიშზეა. როგორც გვპირდებიან, ამას გარკვეულ თანხას კიდევ დაუმატებენ. 2016 წელს კი ზუგდიდის ბიუჯეტი მილიონ ორასი ათასი ლარი იქნება და გუნდის მიმართ ასეთ ყურადღებას აუცილებლად მოჰყვება საფეხბურთო ბუმი ზუგდიდში, რაც მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაა მნიშვნელოვანი.

პაატა ძნელაძე