სიახლეები

ორი წლის ბიუჯეტი, 46 სახეობის ყველი და რონალდუს კოცნის ამბავი...

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გუშინ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა სხვა შუადღეს სტუმრობდა და სუპერთასის მოახლოებულ მატჩთან და ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი საინტრესო ამბავი თქვა, ჩვენს გაზეთში არ გამოგვექვეყნებინა, არ იქნებოდა. 

ზვიად სიჭინავა ამბობს:

_ სუპერთასის მატჩის ორგანიზება ძნელია იმდენად, რამდენადაც თბილისში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ბარსელონა ჩამოდის. ბარსელონას ნაცვლად თბილისში თამაშის უფლება სხვა გუნდს რომ მოეპოვებინა, ასეთი ამბავი, ალბათ, არ იქნებოდა. ამას წინათ სევილიასა და ბარსელონას ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება შევკრიბეთ და ჯამში საქართველოს ორი წლის ბიუჯეტზე მეტი მივიღეთ. ამბობენ, რომ სეზონში 36, 38 თამაში ძალიან ბევრია, მაგრამ აგერ, ნახეთ, თბილისამდე ბარსელონამ ჯერ ატლეტიკოსთან მეტად პრინციპული მატჩი 8 აგვისტოს უნდა ჩაატაროს, მერე ჩვენთან გადმოფრინდეს, 11-ში აქ ითამაშოს, 14-ში კალენდრით უკვე ბარსელონაში უწევს მორიგი შეხვედრა. 

...მესი, თბილისში, რა თქმა უნდა, ჩამოვა. ის დიდი ფეხბურთელი და დიდი პროფესიონალია. სხვათა შორის, ამას წინათ, თბილისში მსოფლიო ფეხბურთის მეორე ვარსკვლავი _ კრიშტიანუ რონალდუ იმყოფებოდა და ხუთი დღე მიხეილ მესხის სტადიონზე ვარჯიშობდა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ კი კიდევ საათნახევარი სასტუმრო რედისონის ფიტნესცენტრში იყო. როგორც ვიცი, სწორედ რედისონში გაიცნო რონალდუმ ქართველი გოგონა, რომელსაც მუსაიფის დროს ჰკითხა, სომხეთის ნაკრებთან ერევანში თამაშისას სამ გოლს თუ გავიტან, მაკოცებო? არ ვიცი პასუხად იმ გოგონამ რონალდუს რა მიუგო, თუმცა ორიოდ დღის შემდეგ რონალდუმ ერევანში მართლაც გაიტანა სამი გოლი, მესამე გოლის შემდეგ კი ტელეკამერასთან მიირბინა და საჩვენებელი თითით კოცნისკენ სამჯერ მიანიშნა. 

...სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვის თარიღად კვირა, 12 ივლისი, შეგნებულად გამოვაცხადეთ. დასვენების დღეა და შესაბამისად ქომაგს რიგში ჩადგომისთვის დრო ექნებათ. ბილეთების გაყიდვის თაობაზე ოთხი დღით ადრე იმიტომ გამოვაცხადეთ, რომ რეგიონებში საქმეები დროულად მოამთავრონ და თბილისში გამომგზავრება და რიგში ჩადგომა მოასწრონ. ადრე ნათქვამს ახლაც გავიმეორებ _ რიგი დაიწყება ვაკის პარკში და არა პირდაპირ სალაროებთან. ხუთშაბათისთვის დავამზადებთ ვიდეო-რგოლს, რომელზეც მკაფიოდ იქნება ასახული რიგში დგომისა და ბილეთის აღების პროცედურა. ბილეთები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდება. უცხოელთათვის განკუთვნილი 4300 ბილეთი კი უკვე გაყიდულია. თბილისში სულ 12-დან 15-ათასამდე სტუმარს ველით.

... 10 აგვისტოს ჰოლანდიიდან ყველა იმ საჭირო ატრიბუტიკას მივიღებთ, რომელიც სტადიონის დამატებით გასაკოხტავებლად იქნება აუცილებელი. 11 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე ისე იქნება გალამაზებულ_შეფუთული, ქომაგი არენას ვერც იცნობს.

... სუპერთასის მატჩის გახსნის ცერემონიალს უეფას დაკვეთით პოლონური კომპანია დადგამს. ამ კომპანიას მოლაპარაკებები "სუხიშვილებთან" აქვს და გახსნის ცერემონიალიც მთლიანად ქართულ მოტივებზე იქნება აგებული. 

...უეფას ბავშვთა ფონდთან ერთად თბილისში უნდა ვუმასპინძლოთ ბავშვებს აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან. მათთვის სპეციალურად დამზადდება მაისურები, რომელიც სუპერთასისა და უეფას ლოგოებით იქნება დამშვენებული, ზურგზე კი მშვიდობის სიმბოლო - მტრედი იქნება გამოსახული. მსურდა, რომ ამ ბავშვებს შორის აფხაზებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს საქმე ჯერ არ გამოდის. ამ ბავშვებს ბილეთები უკვე აქვთ და გახსნისას მათ მოედანზე ვნახავთ. 

...ასეთი მნიშვნელობის თამაშებზე მესამე კატეგორიის ბილეთი, მინიმუმ 45 ფუნტი ღირს, თბილისში კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს _ მესის, ნეიმარსა და სუარესს ქომაგები სულ 18 ლარად ნახავენ. 18-ლარიანი ბილეთი ცხადია, სოციალური პროგრამის ნაწილია. ასეთი ფასის დადება უეფას საშეჯიბრო კომიტეტში არ გადაწყვეტილა, ეს გაცილებით მაღალ დონეზე იქნა მიღებული. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ბევრს კი 45 ფუნტის გადახდის საშუალება არ ექნებოდა. 

... ორივე გუნდი თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვა. იმავე საღამოს ბარსელონა მიხეილ მესხის სტადიონზე ივარჯიშებს, ხოლო სევილია დიღომში, დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე. 

...ცხადია, ბილეთების გაყიდვის პროცესს უეფას წარმომადგენლები დააკვირდებიან, ოღონდ მათ ვინაობას ვერავინ მიხვდება. ისინი გაყიდვის პროცესს ვიდეო და ფოტო ფირებზე აღბეჭდავენ და შესაბამის სამსახურებს წარუდგენენ. დიდი იმედი მაქვს, ბილეთები ცივილიზებულად და უსაფრთხოდ გაიყიდება. 

... შსს-ს წარმომადგენლებთან ლამის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ კაბინეტში როდი ვმუშაობთ, ტესტებსაც ვატარებთ და სახიფათო ზონების შესწავლას უშუალოდ ადგილებზე ვცდილობთ. მაგალითად, ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სალაროებამდე სამი ტესტი ჩავატარეთ. გამოვიკვლიეთ, სირბილით, აჩქარებითა და ჩვეულებრივი ნაბიჯებით პარკიდან სალაროებამდე მისვლას კაცი რა დროს მოანდომებს და კიდევ ბევრი რამ... სუპერთასის მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არ არის, ის მთელი ქვეყნის, თბილისის მონაპოვარია. ფედერაციას ამ დიდ საქმეში ერთი პატარა ადგილი აქვს... 

... უკვე რა ხანია უეფას წარმომადგენელები თბილისში კვების კომპანიების, საკვების დამზადების მონიტორინგზე მუშაობენ. მაგალითად, ვიცნობ იმ შეფ-მზარეულს, რომელიც ვიპ-ზონას უკვე ხუთი წელიწადია ემსახურება. სწორედ ამ შეფ-მზარეულს უეფას წარმომადგენლებმა სუპერთასის მატჩისთვის მენიუში 46 სახეობის ყველის შეტანა მოსთხოვეს.

...ერთ სიმბოლურ ფაქტს აღვნიშნავ _ სუპერთასის მატჩი შარშან პრაღაში ჩატარდა, წლეულს კი იმავე სტადიონმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონტის ფინალს უმასპინძლა...  

ლუკა თალაკვაძე