სიახლეები

ლოკომოტივი: მთავარი მწვრთნელი ისევ მაისურაძეა

გაუზიარე

თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ისევ ვასილ მაისურაძე გახდა. ამის შესახებ კლუბის მენეჯერმა თამაზ ბოკერიამ გვაცნობა. გეხსომებათ, მაისურაძე ორიოდე კვირის წინ წავიდა ლოკომოტივიდან და ეს იმით ახსნა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიცაა და ორ პოსტზე მუშაობა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. მთავარ მწვრთნელად რამდენიმე დღე იმუშავა გიორგი დევდარიანმა, თუმცა, გეცოდინებათ, ის ახლა ტრაბზონსფორში შოთა არველაძის თანაშემწე გახდა.

ლოკომოტივის ხელმძღვანელობამ მაისურაძის დაბრუნება გადაწყვიტა, მოლაპარაკებასაც აწარმოებდა და საბოლოოდ, შეთანხმებაც შედგა. 

მაისურაძის სამწვრთნელო შტაბში არიან: ასისტენტი დიმიტრი თოფურიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი შალვა ღონღაძე (რომელიც მარტვილის მერანში მუშაობდა), მეკარეების მწვრთნელი კონსტანტინე გუგუნავა. 

ლოკომოტივის კურსი უცვლელია: ახალგაზრდების მომზადება, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის მიწოდება და უცხოეთში გაყიდვა. კლუბი ამ მხრივ საქართველოში გამორჩეულია და მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში  გამორჩეული ტრანსფერები (უცხოეთში) ჩამოვთვალოთ: ლუკა ზარანდია ბელგიის გენკში, ლუკა კიკაბიძე ფრანგულ ბასტიაში, გიორგი გოროზია ნორვეგიულ სტაბეკში, გიორგი არაბიძე უკრაინულ შახტარში... 

ამასთან, უკვე ვწერდით, რომ ლოკომოტივი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს აყალიბებს თავის აკადემიაში. ჯერჯერობით შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. 

ილია ნანობაშვილი