სიახლეები

ომონიასთან ბათუმის დინამო ვუქომაგებ

გაუზიარე
ირაკლი მაისურაძე კვიპროსული ანორთოსისის ერთ-ერთი ლიდერია და მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი სეზონი მისი კლუბისთვის წარმატებული ვერ გამოდგა, ანორთოსისის ხელმძღვანელობამ მაისურაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ირაკლის გუშინ კვიპროსში დავუკავშირდით.

გასულ სეზონში ანორთოსისმა მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, ამ შედეგით კი კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები კმაყოფილები ვერ დარჩებოდნენ.

ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდში რვა ახალი ფეხბურთელი მივედით და, პრაქტიკულად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, რასაც, ბუნებრივია, დრო სჭირდება. ანორთოსისის ტრადიციების მქონე გუნდს სხვა მიზანი მაინც ვერ ექნებოდა გარდა იმისა, რომ ევროსაგზურისთვის ებრძოლა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ შევძელით. თუმცა, ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია და ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მწვრთნელიც დატოვეს და ფეხბურთელების უმრავლესობასაც კონტრაქტები გაგვიხანგრძლივეს, ანორთოსისი მხოლოდ შვიდმა მოთამაშემ დატოვა.

კლუბთან ხელშეკრულების ვადა მაისის ბოლოს ამოგეწურა, ახალი კონტრაქტით ანორთოსისში როდემდე დარჩები? გიორგი აბურჯანიაც რჩება გუნდში?

მე ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. აბურჯანიას თამაშით ყველა კმაყოფილი იყო და მასაც შესთავაზეს დარჩენა, ასე რომ, მომავალ სეზონშიც ერთად ვიქნებით. კონტრაქტის ვადაზე კი, როგორც ვიცი, გიორგისთან მოლაპარაკებები გრძელდება.

შენ მიმართ საქართველოს ჩემპიონატის მოწინავე გუნდები გამოხატავდნენ ინტერესს.

ზოგადი ლაპარაკის იქით საქმე არ წასულა, აქ კი გამზადებული კონტრაქტი შემომთავაზეს რაც ხელს მაძლევდა და ბევრი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე ანორთოსისში დარჩენა.

კლუბში ფინანსური პრობლემებია და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ანორთოსისი მომავალ სეზონშიც დარჩეს ევროსაგზურის გარეშე.

გარკვეული პრობლემები მართლაც არის, მაგრამ ხელფასების გაცემაზე ეს არ ასახულა, უბრალოდ, ბიუჯეტს ამცირებენ. რაც შეეხება მომდევნო ჩემპიონატს, ანორთოსისს თავისი ისტორია ავალდებულებს მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას და ასე იქნება ამჯერადაც.

ევროპის ლიგაზე ბათუმის დინამოს მეტოქე ნიქოზიის ომონიაა. აპირებ თამაშზე დასწრებას?

აუცილებლად. თამაშამდეც ვნახავ ბიჭებს და გავამხნევებ, მართალია, ძალიან რთული თამაში ელით, მაგრამ იმედია, შეძლებენ ამ ბარიერის დაძლევას. მე კი, რა თქმა უნდა, დინამოს და იქ მოთამაშე ჩემს მეგობრებს ვუქომაგებ.

ბოლო წლებში კვიპროსული გუნდები სისტემატურად ხვდებოდნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე და ახლა გულშემატკივრები ნაკლებ შედეგს წარუმატებლობად ჩათვლიან.

მგონია, რომ გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება და კვიპროსელებს ახლაც ეყოლებათ, სულ მცირე, ერთი გუნდი მაინც ჯგუფში. დამეთანხმებით, ეს ფაქტი ადგილობრივი ჩემპიონატის პროგრესზე მეტყველებს.

საქართველოში ხან საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდი, ხანაც მარცხენა ფლანგზე. ანორთოსისშიც გიწევს პოზიციების ცვლა?

არა, აქ ნახევარდაცვის ცენტრში მაყენებენ და ამ პოზიციაზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ. მარცხენა ფლანგზე მაშინ მიწევდა თამაში, როცა ამას გუნდის ინტერესები მოითხოვდა. საერთოდ, პროფესიონალი ფეხბურთელი იქ უნდა თამაშობდეს, სადაც გუნდს სჭირდება, მაგრამ არჩევანზე თუ მიდგა საქმე, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მგონია ჩემი თავი ყველაზე მეტად პროდუქტიული. 

როგორც უნდა იყოს, კვიპროსის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებისთვის მაინც ტრამპლინად გვინდა მიიჩნეოდეს, ალბათ, თანდათან მოდის ის დრო, როცა საკუთარი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე უნდა მოსინჯო.

მაგის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ ახლა აქ უნდა ვიყო და უკმაყოფილოც არ ვარ. ანორთოსისი და კვიპროსის ჩემპიონატი ნამდვილად არაა ის დონე, რომ მასზე მხოლოდ ისე ვისაუბროთ, როგორც ტრამპლინზე.

პაატა ძნელაძე