სიახლეები

ზუგდიდში საფეხბურთო აკადემიის ფილიალი იხსნება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ფედერაციამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: აკადემიის ფილიალი ზუგდიდშიც ამოქმედდა. ტალანტებით მდიდარ სამეგრელოს რეგიონში ამგვარი ფილიალის დაარსება უთუოდ სწორი და სამომავლოდ კარგად გათვლილი ნაბიჯია. სამეგრელო ყოველთვის იყო დიდი ფეხბურთელების სამჭედლო, შესაბამისად, თუკი ადგილობრივ მოზარდებს იდეალური პირობები ექნებათ, ჩვენი ფეხბურთი მუდმივად მიიღებს იქიდან შევსებას. 

ამრიგად, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ აკადემიის დირექტორი ირაკლი ნაკაიძე გვესაუბრება.

შევარჩიეთ ზუგდიდში საფეხბურთო კლუბ ბაიას ბაზა, სადაც ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა იდეალურ პირობებში იცხოვრონ და ივარჯიშონ. გვეყოლება ორი ასკობრივი გუნდი, 2001 და 2002 წლიანების, მათი შერჩევა მოხდება ისეთივე პრინციპით, როგორც ირჩევა ბავშვები თბილისის აკადემიისთვის. თითო ჯგუფში 20 ბავშვი იქნება. რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, არის რამდენიმე კანდიდატი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ზუგდიდის ფილიალი, რა თქმა უნდა, იმუშავებს ჩვენი ქოლგის ქვეშ, მაგრამ ადგილზეც ეყოლება კურატორი.

ზუგდიდში მდებარე აკადემიის გუნდები რომელ ტურნირში ითამაშებენ?

დასავლეთ საქართველოს ასაკობრივ ტურნირებში. დავამატებ იმასაც, რომ მათი ვარჯიშის გრაფიკი, კვება და სამედიცინო მომსახურება იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც არის თბილისში და როგორ რეკომენდაციასაც ვიღებთ ჟან ფრანსუა დომერგისგან.

თავად დომერგის ჩასვლა თუ იგეგმება ზუგდიდში?

სავარაუდოდ, ჩავა და ადგილზე ჩაატარებს სემინარებს. ზუგდიდში ასევე ჩავლენ ხოლმე ის მწვრთნელები, რომლებიც თბილისის აკადემიაში მუშაობენ და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.  

მარტში აკადემიის ასაკობრივი გუნდები კვიპროსზე იმყოფებოდნენ საერთოშორისო ტურნირზე, ანალოგიური ტურნირზე გამგზავრება კიდევ ხომ არ იგეგმება?

როგორც იცით, უეფაშიც დადებითად ფასდება ეს პროექტი და მისი გაფართოებაც მიმდინარეობს. თავიდან ჩვენ გარდა, ანალოგიური აკადემიები დაარსდა მაკედონიაში და სომხეთში, ცოტა ხნის წინ კი ბელარუსიც შემოუერთდა ამ პროექტს. ასე რომ, სავარაუდოდ, კვლავ მოეწყობა მსგავსი ტურნირები, რომლებსაც ჩვენი გუნდები არ გამოაკლდებიან და ჩვენს ბავშვებს ეს შესაბამისი გამოცდილების მისაღებად გამოადგებათ. ერთია ვარჯიში და შენს ქვეყანაში თამაში და სულ სხვაა საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა.

თბილისის აკადემიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების კვებას და სამედიცინო მომსახურებას. სავარაუდოდ, ზუგდიდშიც ანალოგიური მიდგომა იქნება.

რა თქმა უნდა. ზუგდიდის აკადემია ზუსტად იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორითაც თბილისის აკადემია, რომელიც წლეულს რუსთავში დაიდებს ბინას. საწვრთნელო პროცესიც და სხვა ასპექტებიც ზუგდიდში თბილისის აკადემიის ანალოგიური იქნება. დიდი ყურადღება მიექცევა სამედიცინო მომსახურებას და კვებაც ბოლომდე იქნება გაკონტროლებული. აქვე გაცნობებთ, რომ სფფ-ის საფეხბურთო აკადემიაში ცხადდება მიღება 2001 და 2002 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტები და მიიტანონ ზუგდიდში, ,,ბაიას” ოფისში. მისმართი: მცხეთის ქუჩა, 17, ან შეავსონ ანკეტები ელექტრონულად და გამოაგზავნონ მისამართზე: აქადემიათგფფ.გე

პაატა ძნელაძე