სიახლეები

გიორგი ხარაიშვილი: თავს არ შევირცხვენთ!

გაუზიარე
გიორგი ხარაიშვილმა განვლილი სეზონი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და დიდი წვლილიც შეიტანა საბურთალოს წარმატებაში, ანუ უმაღლეს ლიგაში გადასვლაში. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესთა ლიგაში ჯერ არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, საბურთალოსა და ასაკობრივ ნაკრებებში შედეგიანი თამაშის წყალობით გულშემატკივრები გიორგის იმედის თვალით უყურებენ. ხარაიშვილს გუშინ დავუკავშირდით და საკლუბო და სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტები ხართ...

ჯერჯერობით, თბილისში ვემზადებით და ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა. მზადების მეორე ეტაპი დუშეთშია დაგეგმილი, მანამდე კი სამ ამხანაგურ თამაშს ჩავატარებთ ტორპედოსთან, სიონთან და ლოკომოტივთან. ყველაფერი რიგზეა, რაც მთავარია, შემადგენლობა პრაქტიკულად შევინარჩუნეთ, ერთადერთი ჯიმი ტაბიძე გადავიდა ბელგიის ჩემპიონ გენტში და მას წარმატებას ვუსურვებ.

პირველი ლიგა 19-ქულიანი უპირატესობით მოიგეთ, არადა, თქვენი კონკურენტი ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული  თბილისის ლოკომოტივი იყო.

წინა სეზონის დაწყებამდე მთელმა გუნდმა სამომავლო მიზნებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ საბურთალო უკვე მზად იყო უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საბრძოლველად და როგორც ნახეთ, საკმაოდ წარმატებული სეზონიც გვქონდა _  დამსახურებულად გავიმარჯვეთ პირველ ლიგაში, რაც იოლი არ ყოფილა. ამაში დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული. რაც შეეხება ლოკომოტივს, მიხარია, რომ უმაღლესში ჩვენთან ერთად ისინიც გადმოვიდნენ.

ერთია პირველი ლიგის მოგება და მეორე _ უმაღლეს ლიგაში თამაში. როგორ ფიქრობ, რა იქნება საბურთალოს მიზანი სადებიუტო უმაღლეს ლიგაში?

ერთს ვიტყვი _ საბურთალო თავს არ შეირცხვენს.

ყველა ამბობს, რომ საბურთალო მოედანზეც და მოედნის მიღმაც მეგობრული გუნდია, ამასთან, გუნდში დისციპლინის მხრივაც ყველაფერი რიგზეა. ეს, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა, მთავარ მწვრთნელი რომ არ იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

გია ჭიაბრიშვილთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა, ყველანი ვამაყობთ, რომ ის ჩვენი მწვრთნელია _ თანამედროვედ აზროვნებს და გუნდსაც თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს, კარგად იცის, რა პლუსები გვაქვს და ზუსტად ამის გამოყენებას ცდილობს. თუ როგორ გამოსდის ეს, შედეგებითანაც ჩანს. 

საბურთალო ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინდივიდუალურ და გუნდურ დონეზე გამოცდილება გაკლიათ. 

გამოცდილება დროს და პრაქტიკას მოაქვს, ასე რომ, ჩვენი ასაკიდან გამომდინარე, ახლა გამოცდილების ნაკლებობა ლოგიკურია, მაგრამ საბურთალოს სხვა პლუსები აქვს, მაგალითად, ბურთის დაჭერა და სისწრაფეზე თამაში. ჩვენი მთავარი პლუსი ისაა, რომ თითქმის მთელი გუნდი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთისა თვალდახუჭული გვესმის.

წინა სეზონში 30 თამაშში 21 გოლი გაიტანე, ანუ შეტევაში საკმაოდ შედეგიანი ხარ. როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რაზე გაქვს სამუშაო?

შეტევის წამოწყებისას და დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ გამომდის თამაში. ბურთის ართმევა და თავით თამაში კი დასახვეწი მაქვს.  

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა. მაინც რა დაგაკლდათ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოგეპოვებინათ?

მთავარი სხვაობა ფიზიკურ მომზადებაში იყო. ჩვემ მზად ვიყავით, მაღალ ტემპში 70-75 წუთი გვეთამაშა, ესპანელები და პორტუგალიელები კი ასეთი ტემპით ორივე ტაიმს სრულად თამაშობდნენ და ჩვენმა ქომქგებმა ნახეს, რომ ამ ნაკრებებთან თამაშის ბედი სწორედ ბოლო ათ წუთში გადაწყდა.

ახლა უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში გიწევს თამაში და გაფართოებულ შემადგენლობაშიც ხარ. შესარჩევი ეტაპი სან მარინოსთან საგარეო გამარჯვებით დავიწყეთ, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა.

ესპანეთი, ხორვატია და შვედეთი საკმაოდ სერიოზული მეტოქეები არიან, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში ისეთმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა ნამდვილად შეიძლება.

შენი ამპლუის ფეხბურთელებიდან რომელ ქართველ მოთამაშეს გამოარჩევ?

მარტო ნახევარმცველებიდან კი არა, საერთოდ, ყველაზე მაგარ ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძეს მივიჩნევ. მისი თამაში მხოლოდ ჩანაწერებით მაქვს ნანახი, მაგრამ რასაც ის მოედანზე აკეთებდა, ეს, უბრალოდ, სასწაული იყო. გავიხსენოთ, რამდენიმე წელი ეყო იმისთვის, რომ მანჩესტერ სიტის ლეგენდა გამხდარიყო.

მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშედ ვის მიიჩნევ, როგორი სტილის ფეხბურთი უფრო გხიბლავს?

ბრაზილიელ რონალდოს გამოვარჩევ, რომელიც ამართლებს თავის მეტსახელს _ ფენომენს. ზიდანიც უნდა გამოვარჩიო. ფეხბურთი კი ტექნიკური, სამხრეთული მომწონს და, შესაბამისად, ბრაზილიის ნაკრების ქომაგი ვარ. კლუბებიდან კი ჩელსის ვგულშემატკივრობ.

პაატა ძნელაძე