სიახლეები

უეფას და სუპერთასს საქპატენტი დაიცავს

გაუზიარე

11 აგვისტოს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით უეფას ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება, - კანონით აიკრძალება და დამრღვევი სოლიდური თანხით დაჯარიმდება. ეს ამბავი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა.

გოგილიძე ამბობს, რომ ბილეთების გადამყიდველს ბილეთები ჩამოერთმევა და შესაძლოა, დაჯარიმდეს, ხოლო ის ბილეთები გაუქმდება. 

რაც შეეხება მატჩის ბარებსა და რესტორნებში ჩვენებას, ეს დაშვებული იქნება ბარში არსებული ტელევიზორების მეშვეობით. მისივე თქმით, ჩვენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ დამონტაჟდება სპეციალური ეკრანი და ბარში შესვლაზე დაწესდება სპეციალური ფასი. სტადიონის ახლო-მახლო, ასევე ვერის პარკსა და მეიდნის მიმდებარედ, სადაც მეტოქე გუნდების ფან-ზონები უნდა მოეწყოს, უეფას ოფიციალური სპონსორების გარდა, ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარევაჭრობა, კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფას მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენებაც, კანონით აიკრძალება, - განაცხადა გოგილიძემ.

კანონდარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, იმუშავებენ უეფას სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც დარღვევის შესახებ ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს მიაწვდიან და საკოორდინაციო საბჭო შესაბამის ზომებს მიიღებს. ამ საბჭოში შედიან შსს, მერია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქპატენტი. გარდა ამისა, სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, უეფას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით საქპატენტი იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია, საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომლებიც კანონითაა აკრძალული. 
 
ლუკა თალაკვაძე