სიახლეები

ლევან შენგელია ტუბიცეში, ლუკა კიკაბიძე ბასტიადან ბასტიაში

გაუზიარე

საფეხბურთო მენეჯერმა და ფოთის კოლხეთის სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთსა და ბელგიაში ქართველი ფეხბურთელები წაიყვანა. დიდი ხნის ამბავი არაა: ბელგიურ გენტში მცველი ჯიმი ტაბიძე (საბურთალოდან) და გარემარბი გიორგი ბერიძე (ზესტაფონიდან) გადავიდნენ. ჯაკობიას მათზეც ვკითხეთ და ასევე, ახალ ტრანსფერზეც გვითხრა. კერძოდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია კოლხეთიდან ბელგიის პირველი ლიგის გუნდ ტუბიცეში გადავა. 

„შენგელიამ გასულ სეზონში კარგად წარმოაჩინა თავი. ახალგაზრდა ფეხბურთელს ფრანგული აიაჩოს ვარიანტიც ჰქონდა, მყავდა იქ წაყვანილი და მოეწონათ, თუმცა სჯობს, იქ გადავიდეს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. ტუბიცეში კი, წესით, ამის პრობლემა არ უნდა იყოს. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, უბრალოდ, მწვრთნელმა მაინც უნდა ნახოს საქმეში. ისე, ბელგიის პირველი ლიგა კლასით ჩამორჩება უმაღლესს, თორემ ტემპი იქაც მაღალია“ - გვითხრა ჯაკობიამ. 

რაც შეეხებათ ტაბიძესა და ბერიძეს: ორივე გენტის დუბლებში ივარჯიშებს და ითამაშებს, თუმცა ერთი კვირის წინ ტაბიძე გენტის ძირითად გუნდში დააყენეს - უნგრულ უიპეშტან 0:1 წაგებულ შეხვედრაში. რამდენად არის შანსი, რომ ქართველები ამ სეზონშივე შეაჩვიონ ძირითად გუნდს? 

„ჯერ დუბლებში იქნებიან და რამდენად გამოიჩენენ თავს, ამაზეა დამოკიდებული მთავარ გუნდში გადასვლა. ისე, ჯიმი უიპეშტთან მარცხენა მცველად დააყენეს, 90 წუთი ათამაშეს და მწვრთნელს მოეწონა“. 

ჯაკობიამ გვითხრა, რომ ბელგიის ჩემპიონი გენტი ქვეყანაში გამორჩეული კლუბი გახდა ფინანსური თვალსაზრისითაც.

„ახალი სტადიონი ააშენეს, რაც 85 მილიონი ევრო დაუჯდათ. 20 000 ადამიანი ეტევა ტრიბუნებზე და 19 500 აბონემენტი უკვე გაყიდულია. კარგია, რომ ქართველი ახალგაზრდები ასეთ გარემოში მოხვდნენ. ახლა უკვე ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“. 

ჯაკობიას კავშირებით, შარშან ზაფხულს თბილისის ლოკომოტივიდან ფრანგულ ბასტიაში გადავიდა ლუკა კიკაბიძე. მარცხენა ნახევარმცველს ბასტიას ძირითად გუნდში თამაში არ უწევდა, მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმეს საფრანგეთის თასზე. ჯაკობიამ გვაცნობა, რომ კიკაბიძეს ბასტია მალე გაანათხოვრებს. 

„ლუკა კლუბს შეიცვლის, მაგრამ ქალაქს არა. ბასტია ანათხოვრებს მესამელიგელ სერკლ ატლეტიკ ბასტიაში (სა ბასტია). ეს გუნდი მეორე ლიგაში იყო და გავარდა. სიმართლე გითხრათ, მე შარშანვე მინდოდა, რომ კიკაბიძე გაენათხოვრებინათ, რადგან რთულია, საქართველოს პირველი ლიგიდან წახვიდე და საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გათამაშონ. რთული კი არა, წარმოუდგენელიცაა. ნუ ვიქნებით ილუზიებში: ხშირად მესმის, ესა და ეს ქართველი ფეხბურთელი ძლიერ კლუბში რომ წავიდა, რატომ არ ათამაშებენო. ეს ასე უცებ არ ხდება, სამაგიეროდ, ახალგაზრდები გაიზრდებიან, კლასს აიმაღლებენ. აბა, სად ქართულ გუნდებში არსებული პირობები და სად – ევროპული“. 

ჯაკობიამ გვითხრა, რომ სხვა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებსაც აკვირდება და მუშაობს საიმისოდ, რომ უცხოელები დააინტერესოს, მაგრამ ამ ეტაპზე  კონკრეტული არაფერია...  

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლაშა ჯაკობიამ ფოთის კოლხეთის ამბებიც გვითხრა. გუნდი ორი დღის წინ შეიკრიბა და დაგეგმილია თურქული შეკრებაც, კერძოდ, 23 ივლისიდან. და ფინანსური სიტუაცია? 

„ფინანსურად ჭირს კოლხეთში. მერიაც და საკრებულოც ცდილობენ, რომ კლუბს დაეხმარნონ. უბრალოდ, დიდ თანხას ვერ სწვდებიან. ქალაქს მეტი ფუფუნების საშუალება არ აქვს. ახლა რაც გამოგვიყვეს, წლის ბოლომდე არც გვეყოფა, მერე კი ვნახოთ, ალბათ, კიდევ იქნება სახსრები“. 

რაც შეეხება ფოთის სტადიონს, სამუშაოები ისევ მიმდინარეობს და ახალ სეზონს კოლხეთი ისევ „მასპინძელი სტუმრის“ სტატუსით დაიწყებს. 

„ველოდით, რომ სეზონის დაწყებამდე ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. კვლავაც მიმდინარეობს ტრიბუნების კეთილმოწყობა, მერე კი მოედნის საფარს მიეხედება. ჯერ მთავარი ტრიბუნებია. ასე რომ, საშინაო მატჩებს ან ლანჩხუთში ჩავატარებთ, ან ქობულეთში. ზუსტად ჯერ არც ვიცი“. 

ილია ნანობაშვილი