სიახლეები

ჯანო ანანიძე: თუ სპარტაკი არა, მაშინ მხოლოდ ევროპა

გაუზიარე

ჯანო ანანიძემ რუსულ პრესას განუცხადა, რომ მოსკოვის სპარტაკიდან არც ერთ რუსულ კლუბში არ გადავა და თუ წავა, მხოლოდ ევროპაში. ჯანომ თქვა, სპარტაკში არცთუ დიდი ხელფასი მაქვსო...

ქართველმა ნახევარმცველმა აღნიშნა, საფრანგეთსა და იტალიაში წასვლა ნაკლებად მიზიდავს, აი, ესპანეთში ან ჰოლანდიაში კი სიამოვნებით ვითამაშებდიო. ეს იმით ახსნა, რომ გახსნილი და შემტევი ფეხბურთი უყვარს.

ანანიძე: სპარტაკში თამაში ძალიან მსურს, მაგრამ, თუ არ გამომივა, ვეცდები, ევროპისკენ ავიღო გეზი.

მაგალითად, ჩეხეთიც და შვეიცარიაც ევროპაა? 

გეოგრაფიულად კი, მაგრამ ამ ქვეყნების ჩემპიონატებში თამაშზე რატომღაც არ ვფიქრობ. 

ოთხი წლის წინ თქვით, მარცხენა ფეხით თამაში უნდა გავაუმჯობესოო.

სიმართლე გითხრათ, არც ისე გავაუმჯობესე. 2011 წელთან შედარებით კი, მარცხენას უკეთ ვხმარობ. ბურთის მიღება და დამუშავება გამომდის, ჩაწოდება მიჭირს. 

საჯარიმოს დაარტყამთ ცაციათი?

30 მეტრის სიშორეზე შემიძლია პასის გაკეთება. საჯარიმო და კუთხური? მარჯვენათი მირჩევნია. 

ისევ ცენტრში თამაში გირჩევნიათ? 

ახლა უფრო მარცხნივ მირჩევნია. ფლანგიდან შესაძლებელია ცენტრისკენ შეწევა, პასით გამწვავება. მთელი მსოფლიო ასე თამაშობს, მარჯვენა ფეხით მოქმედებენ მარცხენა ფლანგზე. ცაციები კი მარჯვნიდან უტევენ. ალბათ, მხოლოდ ინგლისელების გარდა...

7 ნომერი ყოველთვის მოგწონდათ. ახლაც 7-იანით ითამაშებთ? 

კირილ კომბაროვს დავუბრუნე, მე კი 49 ნომრით ვითამაშებ. 

რატომ 49? შვიდჯერ შვიდი რომ არის, იმიტომ? 

ამიტომაც. უბრალოდ, მომწონს 49. არის 77-იც, მაგრამ არ მინდა, 49 სჯობს. 

მართლა ბაზის გარდერობში დაიმალეთ, რათა ამურის კომსომოლსკში სათასო მატჩზე არ წასულიყავით? 

რა თქმა უნდა, არა. ტრავმა მქონდა და არ დამიჯერეს. გახსენებაც არ მინდა. გუნდის წინაშე ბოდიში მოვიხადე, ასეთი რამ აღარ განმეორდება. 

გახსოვთ ყველაზე ხანგრძლივი ფრენა?

დიახ, როცა საქართველოს ნაკრები დუბლინში გაემგზავრა. დაახლოებით შვიდი საათი ვიფრენეთ...

ოთხი წლის წინ მეგობარი გოგონა არ გყავდათ. ახლა როგორ არის საქმე?

მეუღლე და ქალიშვილი, მია მყავს. დრო სწრაფად გადის. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ხელს უწყობს? 

მას მოვალეობები თავის სფეროშიც საკმაოდ აქვს. ფეხბურთით სხვა ადამიანები არიან დასაქმებულნი. 

ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, როცა კალაძე თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ შრომობს. 

ვისაც კი შეეძლო, ყველა მუშაობდა. დიდი ტრაგედია მოხდა. 

თქვენს ახლობლებს ხომ არ შეხებია ტრაგედია? 

საბედნიეროდ, არა. ვიწრო გზაა და ყველაფერი იქით მიაწყდა. საცობი შეიქმნა. ზოოპარკი დაიტბორა და ადამიანები დაიღუპნენ.    

რა დონეზეა ახლა საქართველოს ნაკრები?

დაახლოებით იგივე დონეზე. არიან ახალგაზრდები, კონტინგენტი ძირითადად ივსება ლეგიონერებით. დანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან... ახალი მწვრთნელი გვყავს, კახა ცხადაძე. თემურ ქეცბაია თუ გვეუბნებოდა, ნულზე ითამაშეთო, ცხადაძე ითხოვს: `სჯობს გაუშვათ, მაგრამ, ამასთან, გაიტანოთ~. შეტევაზე გადავედით, ესაა სიახლე. ადრე კი დაცვაში ვიყავით, როგორც ბერდიევის გაწვრთნილი რუბინი. ბოლოს პოლონეთთან დასანანი მარცხი იყო. უკანასკნელ სამ წუთში სამი გოლი გავუშვით, არადა, იქამდე თითქმის თანაბრად ვეთამაშებოდით მეტოქეს.

გამოდის, რომ ცხადაძისა და სპარტაკის ახალი მწვრთნელის, დმიტრი ალენიჩევის მოთხოვნები ერთნაირია. 

ასეა. მურატ იაკინის დროს ჩემი თამაში არ იყო. წინ გრძელი პასი, სულ ბრძოლა... ახლა ასე აღარაა, ალენიჩევმა ჩემთვის მისაღები ფეხბურთი შემოიტანა:  ბურთი დაბლა, სწრაფი პასით. როგორც იქნა, ვიგრძენი, რომ ნამდვილად სპარტაკში ვარ. 

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელი დადის? 

2000-3000 მაქსიმუმია. სამაგიეროდ, უეფას სუპერთასისთვის, ბარსელონა-სევილიას მატჩისთვის ბილეთებზე ტაციაობაა. 

პირადი შეკითხვაც: იცით, რაზეა სიმღერა „სულიკო“?

უნდა მოვუსმინო. 

ნუთუ არ იცით? აქ ბევრი ფიქრობს, რომ ქართველებისთვის „სულიკო“ იგივეა, რაც რუსებისთვის „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“. 

შესაძლოა. „სულიკოს“ მისამღერი ვიცი, დანარჩენს კი უნდა მოვუსმინო და მორიგი ინტერვიუს დროს ყველაფერს გეტყვით.     

მოამზადა ილია ნანობაშვილმა