სიახლეები

ალეკო ამისულაშვილი: სუპერლიგაში გადასვლას ვგეგმავთ

გაუზიარე
ალეკო ამისულაშვილი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა თურქეთს და კარიერას პირველლიგელ კარშიაკაში გააგრძელებს, რომელიც სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ამისულაშვილს გუშინ თურქეთში დავუკავშირდით.

როგორ მოხდა შენი კარშიაკაში გადასვლა?

ყველამ კარგად იცის, თუ რა კონტაქტები აქვთ თურქეთში შოთა და არჩილ არველაძეებს. სწორედ მათი მეშვეობით აღმოვჩნდი ამ გუნდში. ნაკრებთან ერთად ავსტრიაში შეკრებაზე ყოფნისას აჩიმ მითხრა კარშიაკას ვარიანტზე, მეც დავინტერესდი. კარშიაკას მთავარი მწვრთნელი შოთი არველაძესაც დაეკითხა ჩემს შესახებ და ამის შემდეგ გადაწყდა კონტრაქტის გაფორმება.

კონტრაქტი რა ვადით გაფორმდა?

1+1 პრინციპით. ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო. ისე, რასაც ვუყურებ, საკმაოდ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებენ. ადრინდელი შემადგენლობა, პრაქტიკულად, სრულად დაშალეს და ახალი ფეხბურთელები მოჰყავთ. სერიოზული დაფინანსება აქვთ და მიზნად სუპერლიგაში გადასვლას ისახავენ. ახლა ერზერურმში ჩამოვედით, მთიანი ადგილია, პირველ შეკრებას გავდივართ და იდეალურ პირობებში ვართ.

თურქეთში ადრეც თამაშობდი და მაშინ ქაისერისფორიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად თურქულ გარემოსთან შეუგუებლობა დაასახელე.

მართალია, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო და არა უმთავრესი. მთავარი იყო ის, რომ კრასნოდარიდან საკმაოდ კარგი წინადადება მივიღე, თუმცა ახლა სხვა მდგომარეობაა. იზმირი, რომლის გუნდიცაა კარშიაკა, თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარეობს და საცხოვრებლად მშვენიერი გარემოა.

თურქული სუპერლიგა რომ მუდმივად პროგრესირებს, ფაქტია, მაგრამ პირველი ლიგის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

სუპერლიგის დონე ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წლიდან წლამდე დონე მატულობს და აქ თამაში იოლი არ არის, სტადიონზე მაყურებელიც მრავლად მოდის. 

წინა სეზონი ბაქოს ინტერში გაატარე. ბაქოელები დარჩენას თუ გთავაზობდნენ?

შემოთავაზება, რა თქმა უნდა, მქონდა, მით უმეტეს, რომ ბაქოში საკმაოდ ნორმალური სეზონი ჩავატარე და ლოგიკური იყო, რომ ჩემი დატოვება უნდოდათ, მაგრამ ინტერს გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა, არასტაბილურობის განცდა გაჩნდა და დარჩენა აღარ ღირდა. 

სანამ კარშიაკაში გადახვიდოდი, შენ მიმართ ინტერესს თბილისის დინამომ და გორის დილამ გამოხატეს.

იყო გარკვეული შემოთავაზება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ იმ გუნდებს, რომლებიც მიკავშირდებოდნენ, მათ შორის საზღვარგარეთის კლუბებს, არაფერს შევპირებივარ, უბრალოდ, ვეუბნებოდი, რომ მათ შეთავაზებაზე დავფიქრდებოდი.

როგორც უნდა იყოს, კარშიაკა მაინც პირველი ლიგაა, შენ კი საქართველოს ნაკრების წევრი ხარ...

თურქული პირველი ლიგა ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის, ამასთან, გავიმეორებ, რომ კარშიაკაში საკმაოდ კარგ გუნდს აკეთებენ და სუპერლიგაში უნდა გადავიდეთ. 

ახლა ნაკრებზე ვთქვათ. პოლონეთთან 0:4 წავაგეთ და ასეთი მარცხის შემდეგ ძნელია რაიმე პოზიტივზე საუბარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 88-ე წუთამდე მეტოქეს ბევრს არაფერს ვუთმობდით.

არავინ არ აპირებს თავის მართლებას, წავაგეთ და ეს უკვე ცუდია _ მთავარი ხომ შედეგია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრები ბოლო პერიოდში აშკარად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და ეს ვარშავაშიც დადასტურდა. სასურველი შედეგის მისაღწევად დროა საჭირო. ნებისმიერ კლუბს სჭირდება დრო საიმისოდ, რომ თამაში დაიყენოს და კარგ შედეგს მიაღწიოს, ნაკრებში კი ეს დრო გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ მწვრთნელს არ აქვს იმის საშუალება, რომ ყოველდღე ჰქონდეს ფეხბურთელებთან კონტაქტი. ცხადაძის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მჯერა, რომ მომდევნო შესარჩევში გაცილებით მეტი შანსი გვექნება.

მომდევნო შესარჩევ ეტაპს ყველა დიდი იმედით ველით, მაგრამ მანამდე, წელს, ოთხი ოფიციალური თამაში გველის.

ამ შეხვედრებში მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად კვლავაც გვერდში გვიდგას, გავახაროთ და რეიტინგშიც გამოვასწოროთ მდგომარეობა. რთული გასვლითი თამაშები გველის გერმანიაში და ირლანდიაში,. შინ კი გიბრალტარს და შოტლანდიას ვიღებთ. გიბრალტართან თამაშზე არაფერს ვიტყვი, შოტლანდია კი, მართალია, ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და იმედია, როგორ 2007 წელს, ბრიტანელებს ახლაც მოვუგებთ.

პაატა ძნელაძე