სიახლეები

ყველა დროის უდიდესი მანჩესტერსიტელი, გიორგი ქინქლაძეა

გაუზიარე

გუშინ გიო ქინქლაძის დაბადების დღე იყო, 42 წლისა გახდა. გიო ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. თავად ლეგენდარული დავით ყიფიანის აზრით, გიორგი ქინქლაძე ქართული ფეხბურთის უნიჭიერესი ვარსკვლავია. უდიდესიო, არ უთქვამს, მაგრამ – უნიჭიერესიო და ამით ბევრი რამაა ნათქვამი, მის სიტყვას სხვა ფასი აქვს...

მანჩესტერ სიტი დღეს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი კლუბია, გიო კი სიტის ლეგენდაა. თავად ვარ მომსწრე და თვითმხილველი ჟრუანტელისმომგვრელი ამბისა: ,,მეინ როუდზე” ადგილობრივი დიქტორი შემადგენლობის დასახელებისას, ქინქლაძის რიგის მოსვლისას, შოუს კანონების თანახმად, დაამღერებდა ხოლმე: ნომერი 7, ,,მეინ როუდის” ლეგენდაა, პაუზა და... პასუხად: ჯორჯი ქინქლაძეე – გულიანად დასძახებდნენ ერთხმად მანჩესტერელი გულშემატკივრები. მანჩესტერში ქინქლაძე ფეხბურთის ღმერთად მიაჩნდათ, საქვეყნოდ ცნობილი მანჩესტერული პოპ-ბენდი ,,ოაზისი” გიოს ჰიტებს უძღვნიდა.

მართლაც ლეგენდა იყო. არავინ აზროვნებდა მასზე სწრაფად, ვერავინ იდგა მუხლებზე მასზე მყარად, ძნელად თუ ვინმე კითხულობდა თამაშს მასზე კარგად. გიო თვითნაბადი ტალანტი იყო. მაშინ ამბიციაც დიდი გვქონდა ქართველებს და ვითომ რატომ არ გვექნებოდა?! წინ შოთი, ცოტა უკან გიო, ქეცბა, ჯამარა, ნემსო... არავისი გვეშინოდა, არავის ვუფრთხოდით, გერმანიასთან, ინგლისთან და იტალიასთანაც მოგებას ვითხოვდით.

მიამიტები ვიყავით? ალბათ. მაშინ გიო გვყავდა, ის პრემიერლიგაში სპექტაკლებს დგამდა. საუთჰემპტონს ზღაპრული გოლი გაუტანა, საუთჰოლს კი თავზე ისე გადაუგდო, მარადონა და მესი მოაწერდნენ ხელს ამ გოლზე. მაშინ კანტონასა და ჟინოლას გვერდით მოიხსენიებდნენ. შოთი თურქეთში მეფობდა, ქეცბა კვიპროსზე, ცხადაძე ბუნდესლიგაში ირჯებოდა... იყო ამბიციები და იმედები....

გიოზე ბევრი ეთქმის ნებისმიერ ჩვენგანს. გიო იყო ჩვენი იმედი და სიამაყე. ბედნიერი კაცი ვარ, რომ ათიოდე წლის წინ, სიტის საშინაო მატჩზე დასწრებისას `მეინ როუდის~ საკლუბო მაღაზიაში შევიარე. გუნდის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების ბანერებს ჩავუარე და გიოს ორმეტრიანი ფიგურის წინ აღმოვჩნდი. მის გამოსახულებას ეწერა: ჯორჯი ქინქლაძე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიტელი. უჩვეულო სიამაყემ შემიპყრო, ძალიან, ძალიან მინდოდა, ჩემი ემოცია ყველა ქართველ ქომაგს გადასდებოდა.

ამ დღეებში მანჩესტერ სიტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა ტარდება. ნუ გაგიკვირდებათ და, გიორგი ქინქლაძე 65 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფმა აგუერომ ჯერჯერობიტთ სულ 12% მოაგროვა. ასე რომ, გამოკითხვაში გიორგი KINGKLADZE უკონკურენტოა. გიო ქინქლაძით მხოლოდ ჩვენ არ ვამაყობთ. გიო ქინქლაძეს ინგლისშიც სუპერვარსკვლავად მიიჩნევენ. დღესაც ყურში ჩამესმის ,,მეინ როუდის” ყიჟინა: გიო, გიო, გიო...

გია გომართელი