სიახლეები

გიორგი ცეცაძე: სამტრედია დღეის გუნდიცაა და ხვალისაც

გაუზიარე

გუნდი, რომელსაც წინა სეზონის შემდეგ ვეღარ იცნობთ, სამტრედიაა. ბევრი ცვლილება მოხდა იმერულ კლუბში. გარდა სამწვრთნელო შტაბისა, შეიცვალა ფეხბურთელთა შემადგენლობაც. სამტრედია ახლა ბევრად ახალგაზრდული გუნდია და მწვრთნელიც ისეთი ჰყავს, ახალგაზრდებთან მუშაობისას კარგი შედეგი რომ უჩვენებია და ზოგადად, 19-20 წლის მოთამაშეებთან მუშაობა კარგად რომ ეხერხება _ გია ცეცაძე. 

სამტრედია 25 ივნისიდან ვარჯიშობს ბაზალეთში. ცეცაძეს დაეხმარებიან ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების მეკარე გია ჭანტურია და ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე _ ცნობილი სპეციალისტი, რომელიც ცეცაძესთან ერთად გორის დილასა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა, ხოლო ბოლო ერთი წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდებში (2000 და 2001 წელს დაბადებულები) იყო. 

სამტრედია ბაზალეთში ამ შემადგენლობითაა წასული: გაბრიელ თებიძე, კახა მეშველიანი; დავით მთივლიშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, გიგი იოსელიანი, თამაზ კიკაბიძე, ნიკა შაფათავა, ლევან შილაკაძე, გიორგი ახალაძე, საბა თვალავაძე, გიორგი ჭეიშვილი, დაჩი ცნობილაძე, დავით რაჟამაშვილი, ავთო ენდელაძე, თემურ მარკოზაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, ირაკლი სიხარულიძე. 

როგორც ხედავთ, გუნდში მრავლად არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ცეცაძის ხელში 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, ენდელაძე, მარკოზაშვილი, ზივზივაძე... 

აქვე, ინტერვიუ ცეცაძესთან, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის ერთ-ერთი ასისტენტიც გახლავთ. ამიტომაც ცეცაძეს ნაკრებზეც ვესაუბრეთ... 

ბაზალეთში მზადების პროცესზე და გუნდის უახლოეს გეგმებზე გვითხარით. 

აქ შეკრებას 8 ივლისს დავამთავრებთ. პირველი ამხანაგური მატჩი კი 9 ივლისს გვექნება, მცხეთაში ვიტ ჯორჯიას ვეთამაშებით. დაგეგმილია ორკვირიანი თურქული შეკრებაც, სადაც ოთხ საკონტროლო მატჩს გავმართავთ, მაგრამ ჯერ არ შემიძლია სპარინგ-მეტოქეების დაკონკრეტება, რადგან ეს დასაზუსტებელია. თურქეთის უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდებზეა საუბარი. 

სამტრედიადან საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი წავიდა, შევსება კი, თითქოს ისეთი შთამბეჭდავი ვერ არის. 

გუნდი თითქმის დაკომპლექტებულია. შეიძლება, კიდევ იყოს ცვლილებები, რადგან არაერთი ფეხბურთელია გასინჯვაზე და მათთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. მოკლედ, ძირითადი ბირთვი გამზადებულია, თუმცა საბოლოო კონტინგენტი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. 

თქვენი გუნდები შეტევაზე ორიენტაციით გამოირჩეოდნენ. ასე იქნება სამტრედიაც? და აქვე, გამოკვეთილი მიზანი თუ გექნებათ ახალ სეზონში?

გინდა, არ გინდა, უმაღლესი ადგილები უნდა დავიკავოთო, ასეთი მიზანი არ დასახულა. გაცვეთილი ფრაზა რომ მოვიშველიო, ეს არ არის ერთწლიანი პროექტი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთწლიანების პრეცედენტი საქართველოს ჩემპიონატში ბევრი გვინახავს და როგორც გამოჩნდა, ამას კარგი არაფერი მოუტანია. სამტრედია უნდა ჩამოყალიბდეს გუნდად, რომელიც ეტაპ-ეტაპ უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, გაძლიერება არავის აწყენს და ჩვენც ვიბრძოლებთ, რათა მაღალი ადგილები დავიკავოთ, მაგრამ პირველივე სეზონში თუ ეს ვერ მოხერხდება, ტრაგედიას არ შევქმნით. გვსურს ჩამოვაყალიბოთ გამართული და სანახაობრივად მოთამაშე გუნდი. 

ეროვნულ ნაკრებზეც: რამდენიმე დღის წინ კახა ცხადაძე ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შეხვდა. იქ ითქვა, რომ ყველა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ერთი კონცეფციით, რაც დამოუკიდებლობის 25-წლიან პერიოდში არასოდეს მომხდარა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამ შეხვედრაზე…

ძირითადი აქცენტი გაკეთდა სათამაშო სტრატეგიის ერთიანობაზე. აქ არ იგულისხმება, რომ ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა მაინცდამაინც 3-4-3 სქემით ითამაშოს, თუმცა შევთანხმდით, რომ სტრატეგია ერთნაირი იქნება. 

რა იგულისხმება სტრატეგიაში? ბურთის კონტროლი და მეტოქის ნახევარზე პრესინგი? 

დიახ, ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს. გასაგებია, რომ ყველასთან პირველ ნომრად ვერ ითამაშებ. მაგალითად, ესპანეთთან და გერმანიასთან ჩვენ კი არა, პორტუგალიასა და ინგლისსაც არ გამოსდით ეს, მაგრამ აქ მიჩვევის პრინციპია. გადავხედოთ, როგორ აღწევდნენ ბოლო წლებში ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები წარმატებას: სწორედ შეტევაზე ორიენტირებით, მეტოქის ნახევარზე აგრესიული თამაშით, პრესინგით მათ ნახევარზე, ბურთის ხშირი ფლობით. კიდევ იმდენი სათამაშო ნიუანსია, ყველაფერს რომ ჩამოვყვე, გაზეთის ათი გვერდი არ გეყოფათ. შეხვედრაზე საუბრის არსი ის იყო, რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში მომზადებული მოვიდეს და სისტემასთან შეგუება არ გაუჭირდეს. ასევე ითქვა კლუბებში ოთხი 21-წლამდელის შეყვანის აუცილებლობაზე, რომელთაგან ორი მინდორზე უნდა იყოს. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ ქართულ კლუბებს უჭირთ ამ სიახლის გაზიარება. შესაძლოა, ბევრი ვერ ხვდება, რომ სწორი იდეაა, ან, უბრალოდ, ხელს არ აძლევდეს ეს ნოვაცია. არადა, რამხელა სარგებელია ამ სიახლეში, მგონი, არ უნდა იყოს სადავო. მე მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ათამაშო ფეხბურთელი შენს გუნდში, როცა ის წარმატებულია 19 თუ 21-წლამდელთა ნაკრებში. (გუშინ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე დადებითად გადაწყდა ახალგაზრდების თამაშის საკითხი _ მას აღმასკომის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა - ავტ.). 

ახალგაზრდა ფეხბურთელების 50-კაციან სიაზეც გვითხარით...

გადავხედეთ ამ სიას, რომელიც შეირჩა იმის მიხედვით, თუ ვის აქვს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ხშირი კომუნიკაცია ექნებათ, ასეთ შეხვედრებზე განვიხილავთ იმასაც, რომელმა ფეხბურთელმა მოუმატა, რომელმა მოუკლო... ისე კი, სია უფრო მოზრდილი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, რადგან დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს. 

ილია ნანობაშვილი