სიახლეები

აღმასკომი: გურიას ერთი კვირა, ლიცენზიები, ახალი რუსთავი და 21-წლამდელები

გაუზიარე

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი რამდენიმე საკითხის განხილვას აღმასკომის ყველა წევრი ეწრებოდა. 
თავიდან აღმასკომმა ფედერაციის საკლუბო ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაციის 2015-2016 წლების ანგარიში მოსმინა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 

უეფას ლიცენზიები მიიღეს: გორის დილამ, დინამო თბილისმა, ბათუმის დინამო, საჩხერის ჩიხურამ, სამტრედია და ცხინვალმა. მხოლოდ ეროვნული ლიცენზიები კი ქობულეთის შუქურამ, ქუთაისის ტორპედომ, ფოთის კოლხეთმა, მარტვილის მერანმა, ზუგდიდმა, ბოლნისის სიონმა, თბილისის ვიტ ჯორჯიამ, საბურთალომ და ლოკომოტივმა მიიღეს. 

აღმასკომმა ლანჩხუთის გურიას წერილიც განიხილა. აღმასკომის 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ლოცენზირებაზე უარის მთქმელ კლუბს ჯარიმის სახით 1 ივლისამდე 50 ათასი უნდა გადაეხადა. გურიამ ლიცენზირება არ გაიარა და ჯერ არც ჯარიმა აქვს გადახდილი. გუშინ გურიას ხელმძღვანელები, სწორედ, ამ ჯარიმის გადახდის გადავადებას ითხოვდნენ. 

აღმასკომის გადაწყვეტილებით გურიას 14 ივლისის 18 საათამდე მიეცა ვადა, გადაიხადოს თანხა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უმაღლეს ლიგაში მას ავტომატურად ჩაანაცვლებს ვიტ ჯორჯია. 
აღმასკომზე გენერალურმა სამდივნომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წერილი წარადგინა. წერილში, ქალაქის მერმა - დავით ჯიქიამ ფედერაციის პრეზიდენტს არსებული ვითარება გააცნო და აცნობა, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო, მეტალურგის ხელმძღვანელები უარს ამბობენ ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ვინაიდან, ქალაქის ხელმძღვანელობას სურს, არ დაიკარგოს საფეხბურთო ტრადიციები, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, დაფუძნდა ახალი შპს რუსთავის რუსთავი. 

შესაბამისად, რუსთავის მერია ითხოვდა ნებართვას, რომ მუნიციპალიტეტის დაფუძნებული გუნდი დაშვებულ იქნას ჩემპიონატის პირველ ლიგაში და წარმოადგინა შესაბამისი ფინანსური გარანტიები. თავის მხრივ, მეტალურგის ფინანსურმა და სპორტულმა დირექტორებმაც წერილით დაადასტურეს, რომ არ აქვთ არანაირი ფინანსური პერსპექტივა და მუნიციპალიტეტის დაფუძნებული გუნდის პირველ ლიგაში მონაწილეობის შემთხვევაში, არც ამ ეტაპზე და არც სამომავლოდ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველესად, ემსახურება რუსთავში ფეხბურთის გადარჩენასა და შენარჩუნებას და რუსთავის რუსთავი ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშებს, თუმცა... ჩემპიონატის დებულების თანახმად, მიუხედავად სპორტული შედეგისა, ასეთი პრინციპით ჩანაცვლებული გუნდი ორი წელი ვერ გადმოვა უმაღლეს ლიგაში და ვერც ლიცენზიის მაძიებელი იქნება. 

აღმასკომზე დადგა ერთი საკითხიც: აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კახა ცხადაძის წინადადება, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, ყველა მატჩის ძირითად შემადგელობაში ჰყავდეს ორი 21-წლამდე ფეხბურთელი მწვანე შუქი დაუყოვნებლივ აუნთო... 

ლუკა თალაკვაძე