სიახლეები

ბოტოშანს ერთად უნდა ვაჯობოთ!

გაუზიარე

ცხინვალმა პირველი ევრომატჩი ითამაშა და მასზე გაცილებით მდიდარ რუმინულ ბოტოშანს სტუმრად არაფერი დაუთმო, მაგრამ კახა კაჭარავას ფეხბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მეორე შეხვედრის წარმატებით ჩატარება სჭირდებათ. ცხინვალის მთავარი მწვრთნელი პირველ შეხვედრას აფასებს და იმედოვნებს, რომ საშინაო მატჩში მათ გულშემატკივრობა არ მოაკლდებათ.

ბოტოშანთან საგარეო ფრით უკმაყოფილო არ იქნებით.

რუმინული ფეხბურთი რომ პროგრესირებს, ეს ფაქტია _ ფიფას რეიტინგში ოცეულშია, ეს კი შემთხვევით არ ხდება, ასე რომ, რუმინეთის ჩემპიონატი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი პირველობა. მართალია, ბოტოშანი ჩვენსავით ევროტურნირების დებიუტანტია, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად მოემზადა ჩვენთან დაპირისპირებისთვის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუმინელებმა ორი შეკრება გაიარეს ავსტრიაში. ჩვენ კი გარკვეული პრობლემები გვქონდა და როგორც გვსურდა, ისე ვერ მოვემზადეთ. აქედან გამომდინარე, სტუმრად 1:1 ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდი თბილისურ შეხვედრაში გაირკვევა.

მატჩის ბოლოს ცხინვალის ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ...

ეს ლოგიკურიცაა, უკვე ვთქვი, რომ, ჩვენგან განსხვავებით, ბოტოშანი გაცილებით უკეთესად მომზადებული შეხვდა ამ თამაშს. ფიზიკურ ორთაბრძოლებში მართლაც დაგვჩაგრეს, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა კონცენტრაციაც ბოლომდე შეინარჩუნეს და არც სათამაშო დისციპლინა დაარღვიეს, ეს კი შედეგში აისახა და მეტოქეს გამარჯვების გოლი არ გავატანინეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ 0:0 ცხინვალისთვის მისაღები ანგარიშია, თბილისში აქცენტს კარის უსაფრთხოებაზე ხომ არ გააკეთებთ და კონტრეშეტევების იმედად ხომ არ დარჩებით?

ჩვენ მატჩის ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ გეთანხმებით იმაში, რომ, ანგარიშიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, გოლი არ გავუშვათ. თუმცა, ისიც ბევრჯერ თქმულა, რომ ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაა, ასე რომ, ყრუ დაცვაში ნამდვილად არ ჩავჯდებით.

რუმინეთში 1:1-ის შემდეგ ჩვენი გულშემატკივარი ცხინვალისგან შემდეგ ეტაპზე გასვლას მოითხოვს. ცხგუინვალი საკმაოდ ახალგაზრდული კოლექტივია და აკლია როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური გამოცდილება. შეიძლება ამან ფებურთელებზე უარყოფითად იმოქმედოს?

გამოცდილება მართლაც გვაკლია, ზოგიერთი ფეხბურთელი საერთოდ პირველად თამაშობს ევროტურნირზე, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის სტრატეგიაა და ამ გზიდან არ გადავუხვევთ. გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას _ თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატია და მათი დაწინაურება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, თერთმეტი ახალი ფეხბურთელი მოეყვანა, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ მოთამაშეებს ვენდეთ, ვინც ევროსაგზური მოიპოვა და ეს სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები არიან, ამ ბიჭებმა ბრძოლა რომ იციან, ეს რუმინეთში უკვე დაამტკიცეს და დარწმუნებული ვარ, ახლაც გამოავლენენ მებრძოლ ხასიათს. ერთ რამეს გაგახსენებთ: განვლილ ჩემპიონატში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ვაგებდით და თამაშის გადარჩენას ვახერხებდით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალის ფეხბურთელები თამაშის დასრულებამდე არ ნებდებიან. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონზე მრავლად მოვა გულშემატკივარი და ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბოლომდე უქომაგებენ.

ბოტოშანმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და ამის გამოყენებას ნებისმიერ სათამაშო ეპიზოდში ცდილობენ, გამოირჩევიან სისწრაფითაც. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, გრანდი არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგი გუნდია და მათთან ორი შეხვედრის ჩატარება ჩვენთვის კარგი გამოცდილებაა.

ცალკე უნდა გკითხოთ გიორგი ნადირაძეზე, რომელმაც საიმედოდ ითამაშა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მატჩი ფრედ დასრულდა.

ნადირაძემ მართლაც კარგად ითამაშა და მისი იმედი მომავალშიც გვაქვს, მაგრამ არ მიყვარს კონკრეტულად ამა თუ იმ ფეხბურთელის გამორჩევა, რუმინეთში ცხინვალმა, პირველ რიგში, გუნდურად ითამაშა კარგად.

საპასუხო შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებით?

კვლავ ვერ დაგვეხმარება ლაშა ჯაფარიძე, რომელსაც დისკვალიფიკაცია დილაში თამაშიდან გადმოჰყვა, მახარობლიძემ კი ახლაღა განაახლა ვარჯიში. დანარჩენები მზად არიან სათამაშოდ.

ახალ შინაურ სეზონშიც ქომაგები თქვენგან ევროსაგზურისთვის ბრძოლას ელიან.

ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვუმზადოთ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს, სწორედ ეს მგონია ჩვენი მთავარი მისია. რაც შეეხება მიზანს, ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ იმაზე ცუდად არ ვითამაშებთ, ვიდრე წინა სეზონში.

პაატა ძნელაძე