სიახლეები

ბოტოშანის მწვრთნელი და პრეზიდენტი: გასვლაში დარწმუნებულნი ვართ

გაუზიარე

ბოტოშანის მწვრთნელი ლეონტინ გროზავუ აცხადებს, დარწმუნებული ვარ, თბილისში ცხინვალთან მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთო. როგორც იცით, ამ გუნდების პირველი შეხვედრა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე 1:1 დასრულდა, 9 ივლისს კი `მიხეილ მესხზე~ გაირკვევა, ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. 

“დარწმუნებული ვარ, თბილისში გოლებს გავიტანთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. მართალია, ევროტურნირში პირველად ვმონაწილეობთ, მაგრამ ვხედავ იმის გზას, თუ როგორ უნდა გადავლახოთ პირველი ეტაპი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეორე ეტაპზე ვარშავის ლეგიას ჩვენ ვეთამაშოთ. ცხინვალთან პირველ მატჩში გამოჩნდა, რომ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა ვდგავართ” - უთხრა გროზავუმ რუმინულ პრესას. 

მწვრთნელმა დაამატა, რომ მისი გუნდი სტილს არ შეიცვლის: რა ფეხბურთიც უნდა შემოგვთავაზოს ცხინვალმა, ჩვენ ჩვენი უნდა ვითამაშოთო. 

ასეთივე რიხითაა ბოტოშანის პრეზიდენტი კორნელ სფაიტერი: “პირველად ვითამაშეთ ევროტურნირში, 6 000 გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი წნეხი იყო, თუმცა აშკარა უპირატესობა გვქონდა და დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს უკვე შედეგზე აისახება”. 

ასეთ ზედმეტ თავდაჯერებას, როგორც წესი, შედეგი ნაკლებად მოაქვს და იმედია, 9 ივლისს ბოტოშანისთვის გასახარი დღე არ იქნება.  

ისე, ბოტოშანის უეფასგან სასჯელი ელის, რადგან მისი ფანების ერთმა ჯგუფმა ცხინვალთან მატჩისას რასისტული დროშა გამოფინა. უეფა ამ საქმეს განიხილავს და, თუ ბრალდება დაუმტკიცეს, ბოტოშანის 50 000 ევროს გადახდას დააკისრებენ, პლუს სტადიონს დისკვალიფიკაციას მისცემენ. ეს ცხინვალს ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც...             

ილია ნანობაშვილი