სიახლეები

გიორგი დევდარიანი: შოთას უნდა გავუმართლო!

გაუზიარე

მოულოდნელი, საინტერესო და ცხელზე ცხელი ამბავი: ქართული ფეხბურთისა და თურქული ტრაბზონსფორის ლეგენდამ, ტრაბზონსფორის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავის თანაშემწედ 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცი და თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელი გიორგი დევდარიანი მიიწვია.

ტრაბზონსფორი თურქული ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, ამიტომ შოთა არველაძის ეს გადაწყვეტილება სცილდება ლოკალურ მასშტაბებს და საკმაოდ საინტერესო დატვირთვას იძენს. ცხადია, გასაკვირი არაა ის ინტერესი, რომელიც ამ ცნობამ გამოიწვია.  ,,ჩვენი თამაში” გიორგი დევდარიანს ექსკლუზიურად გაესაუბრა.

შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ შოთა არველაძის ასისტენტად იმუშავებთ ტრაბზონსფორში?

დიახ, შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ სულ მალე ტრაბზონსფორში შოთა არველაძის ასისტენტად ვიმუშავებ.

გვითხარით, როგორ გადაწყდა ეს საკითხი და როგორ მიიღეთ შეთავაზება.

შოთას ტრაბზონსფორის მთავარ მწვრთნელად დანიშვნისთანავე, უფრო ზუსტად თუ გინდათ იცოდეთ, ორიოდე დღის წინ, აჩი არველაძე დამიკავშირდა და შოთის ეს წინადადება გამაცნო. ბუნებრივია, ამ შეთავაზებას უდიდესი ინტერესით შევხვდი. ასეთი შანსი, ყველას არ ეძლევა, ამიტომ თავიდანვე დიდი გულისყურით მოვეკიდე  ამ ამბავს. პირველი, რაც აჩის ვუთხარი, იყო ის, რომ ძალიან მადლობელი ვიყავი ასეთი საპატიო შეთავაზებისთვის. მეორე, რაც გავაკეთე, დავუკავშირდი ლექსო თოფურიას, რომელიც ლოკომოტივივის დამფუძნებელია და საქმის კურსში ჩავაყენე. ლექსოს და ჩემი აზრები ამ წინადადებაზე დაემთხვა: თურქულ ლიგაში ჩემი მუშაობა არის ის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც იძლევა შანსს, გავიზარდო როგორც მწვრთნელი. მეორე წელია, ლექსო თოფურიასთან ვმუშაობ, ამიტომ მზად ვარ, არ დავიშურო საქებარი სიტყვები მის მიმართ. მან, როგორც მოსალოდნელი იყო, პოზიტიურად მიიღო ეს შეთავაზება და ჩემს კონტრაქტს ტრაბზონსფორთან მწვანე შუქი აენთო.

ანუ თოფურიასგან მყისიერად მიიღეთ თანხმობა?

დიახ. არავითარი ყოყმანი არ ყოფილა. ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ეს იყო არაჩვეულებრივი და ამავე დროს სრულიად მოულოდნელი წინადადება.

კონტრაქტის დეტალები უკვე გარკვეულია?

ძირითადი, მთავარი დეტალები ჩემთვის უკვე ცნობილია. როდესაც ტრაბზონში ჩავალ, ყველაფერი კონკრეტულად მეცოდინება.

ტრაბზონსფორში მუშაობა არაა უბრალო ამბავი. ქართველი მწვრთნელები არ არიან განებივრებული მსგავსი შეთავაზებით. მაინც რა მიგაჩნიათ თქვენთვის მთავარ გამოწვევად?

პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ, როგორც მწვრთნელი, აღფრთოვანებული ვარ ამ შეთავაზებით. ესაა შესაძლებლობა, ვიმუშავო დიდ ფეხბურთში. თურქეთში უაღრესად საფეხბურთო გარემოა. თურქულ სუპერლიგაში მუშაობა ნიშნავს იმ ფორუმში მონაწილეობას, რომელიც მოიცავს დიდ ფეხბურთს, გადაჭედილ ტრიბუნებს, უდიდეს ინტერესს მედიისგან, ზოგადად თურქული საზოგადოებისგან. ესაა გარემო, რომელიც იზიდავს ყველას, ვისაც მეტ-ნაკლები შეხება აქვს თურქულ ფეხბურთთან.
მეორე, რაც ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ნდობის მომენტი. ესაა ადამიანური ფაქტორი, რომელსაც გვერს ვერასოდეს ავუვლი: შოთა მენდო. ეს ჩემთვის ყველაზე საგულისხმო, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია: ვალდებული ვარ, ეს ნდობა გავამართლო. მესამე მომენტი გახლავთ თავად შოთა არველაძის ფაქტორი: შოთი ნამუშევარია დიდ მწვრთნელებთან – ლუი ვან გაალთან, შენოლ გიუნეშთან, დიკ ადვოკაატთან, ალექს მაკლიშთან, სხვებთან... დარწმუნებული ვარ, მან ძალიან ბევრი აიღო ამ სპეციალისტებისგან და თავისიც, საკუთარი ხედვაც გაამდიდრა. კიდევ ერთი პლუსი ამ შეთავაზებიდან ისაა, რომ ტრაბზონსფორში მუშაობა შესაძლოა იყოს ის ტრამპლინი, რასაც ჩემი, როგორც მწვრთნელის, ვროპულ საფეხბურთო ოჯახში დამკვიდება ჰქვია. არ მოვერიდები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის დასახელებას – ესაა ფინანსური მომენტი. ჩვენ, ყველანი: მწვრთნელები, საფეხბურთო ჩინოვნიკები, ჟურნალისტები, ადამიანები ვართ და ყველა ჩვენგანის უკან ოჯახები დგას. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ფეხბურთს და ამავდროულად ჩვენს ოჯახებს, ამიტომ ფინანსური მომენტი ამ შეთავაზებაში უმნიშვნელო ვერ იქნება.

რამდენად განმსაზღვრელი იყო ამ შეთავაზებაში შოთა არველაძის ფაქტორი?

უკვე ვთქვი და გავიმეორებ: შოთას ფაქტორი ამ შეთავაზებაში გადამწყვეტია. დიდი მადლობის გარდა რა მეთქმის ამ ნდობისა და შანსისთვის?! შოთამ უმდიდრესი გამოცდილება შეიძინა სახელიან სპეციალისტებთან მუშაობით. ამიტომ ჩემთვის ეს დიდი პატივი, შანსი და ამავე დროს, უდიდესი გამოწვევაა. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, მზად ვარ, დიდი ძალისხმევით შევასრულო შოთას ასისტენტის ფუნქცია. მთავარი გამოწვევა, ალბათ, ენის ფაქტორი იქნება: გერმანულს და რუსულს ამ საქმისთვის საკმარისად ვფლობ. მაგრამ მნიშვნელოვნად მიმაჩნია თურქული ენის ათვისება, რადგან ფეხბურთელებამდე ჩემი ხედვისა და დასახული ამოცანების მიტანა ენის ცოდნის გარეშე რთული იქნება. ამ საქმეშიც შოთის იმედი მაქვს, თავიდან ის ყოველმხრივ დამეხმარება, მაგრამ მჯერა, მომეცემა საშუალება, დაჩქარებული ტემპით შევისწავლო თურქული ენა, რაც საშუალებას მომცემს, კომფორტულ გარემოში შევძლო ჩემი ფუნქციების შესრულება.

გია გომართელი