სიახლეები

გორსა და ცხინვალში ევროპელი მეტოქეების არ ეშინიათ

გაუზიარე

უეფას ჩემპიონთა და ევროპის ლიგის პირველი ეტაპის წილისყრა გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. საკმაოდ ძლიერი გუნდი შეხვდა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გორის დილას, რომელსაც მეორე ეტაპზე გასასვლელად სერბული პარტიზანის დამარცხება მოუწევს. უეფას ევროპის ლიგის დებიუტანტ ცხინვალს კი, მეტოქედ რუმინეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსანი ბოტოშანი ერგო.
გუშინ გორში ადგილობრივ დილასა და ცხინვალს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ცხინვალელებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 იმარჯვეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ დილამ ძირითადად სინჯებზე მყოფი და დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები ათამაშა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, ნიკა კაჭარავას პასით ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ გორის დილას მთავარ მწვრნელს უჩა სოსიაშვილსა და კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გუგა ფალავანდიშვილს გავესაუბრეთ. როგორც საუბრიდან გამოჩნდა, დილას მწვრთნელი და ფეხბურთელები პარტიზანთან მატჩისთის საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მეტოქის შეფასებისა და შანსების გარდა, დილას თავკაცს მოსამზადებელი შეკრებისა და კლუბის ახალწვეულების შესახებაც ვკითხეთ.

''პარტიზანი საკმაოდ კარგი და წარმატებული გუნდია. მათ ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში თამაშის გამოცდილება აქვთ, შესაბამისად, როგორც ფინანსურად, ისე შემადგენლობის მხრივ, საკმოდ ძლიერი გუნდია. დილას შანსი აქვს პარტიზანის ბარიერი დაძლიოს, თუმცა ამისათვის კარგი მომზადება და  დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

თურქეთში 12 დღიან შეკრებას გავივლით და გადავწყვეტთ პირდაპირ თურქეთიდან გავემგზავროთ ბელგრადში სათამაშოდ, თუ არა. თურქეთში ოთხ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, აქედან ორი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია, უკრაინულ ვოლინსა და თურქულ ქაისერისფორს შევხვდებით. ორი გუნდის ვინაობა კი დასაზუსტებელია, კვიპროსის, საბერძნეთისა და რუმინეთის უმაღლესი ლიგის სამი გუნდიდან ორს ავირჩევთ და მათ წინააღმდეგ ვითამაშებთ.

 გვინდოდა შეკრება უნგრეთში გაგვევლო, თუმცა, სამწუხაროდ, ვიზების გაკეთება ვერ მოვასწარით და თურქეთში გავემგზავრებით. საქმე იმაშია, რომ უნგრეთის ვიზებს ლიტვის საელჩო გასცემს, მათ კი ერთი კვირა დაისვენეს და ვიზების მოსწრება ამიტომ ვერ მოხერხდა.

ჩემპიონთა ლიგის წინ კარგი შევსება მივიღეთ, დავიმატეთ მეკარე მიხეილ მუჯირიშვილი, მცველები დავით კვირკველია და თეიმურაზ ღონღაძე. ალექსანდე ამისულაშვილისა და გიორგი ნავალოვსკის საკითხი უახლოეს ორ დღეში გადაწყდება, თუმცა დიდი ალბათობით ისინი დილაში ითამაშებენ. მოლაპარეკებების პროცესში ვართ ნუკრი რევიშვილთანაც, ის საკმაოდ მაღალი დონის მეკარეა და აქედან გამომდინარე, ბევრი შემოთავაზებები აქვს. რაც შეეხება ოთარ მარცვალაძეს, ის უკვე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია. მათ გარდა, დავიმატეთ ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ისლამ მასუკოვი, რომელიც უთუოდ ძალიან გამოგვადგება''. - თქვა სოსიაშვილმა.
რაც შეეხება გუგა ფალავანდიშვილს, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გორის დილას შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს და ის შანსებს თანაბრად აფასებს.

''პატრიზანი ერთ-ერთი იყო არასასურველ გუნდებს შორის, თუმცა ზაგრების დინამოსთან, ლუდოგორცეთან და სტიაუასთან თამაშს ნამდვილად მათთან შეხვედრა გვერჩივნა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არაფერს დავიშურებთ. რა თქმა უნდა, პარტიზანს გამოცდილება და მცირედი უპირატესობა აქვს, თუმცა ერთგვარი პლუსი ჩვენც გაგვაჩნია, რადგან პირველ მატჩს გასვლაზე ვატარებთ. დილა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო არ შეარცხვინოს''.


რაც შეეხება ცხინვალის მეტოქეს, ბოტოშანი ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 100 ათასია. საშინაო მატჩებს ბოტოშანი ,,მუნიციპალის“ სტადიონზე ატარებს, რომელიც 12 000 მაყურებელზეა გათვლილი. რუმინეთის მერვეადგილოსანი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუჟის, კრაიოვას, პეტროლულისა და დინამო ბუქარესტის ნაცვლად მოხვდა. ამ კლუბებს ლიცენზირების პრობლემები შეექმნათ და სწორედ ამიტომ დაუშვეს მათ ნაცვლად მერვეადგილოსანი გუნდი.

ცხინვალი დღეს დილით სომხეთის დედაქალაქში  გაემგზავრა, სადაც ორი დღით დარჩება და ამხანაგურ მატჩს სომხეთის ჩემპიონ პიუნიკთან გამართავს. ცხინვალმა ერევანში 18 ფეხბურთელი წაიყვანა.

გუნდის კაპიტანი გიორგი ნადირაძე ცხინვალისა და ბოტოშანის შანსებს თანაბრად აფასებს.

'' შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. ბოტოშანი რუმინეთის ჩემპიონატში მერვე ადგილზე გავიდა, ვიცით რომ რუმინეთს კარგი  დონის პირველობა აქვს, თუმცა შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან შეიძლებოდა ბოტოშანზე უკეთესი გუნდიც შეგვხვედროდა''.- თქვა ნადირაძემ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დილა ბელგრადში 16 ივლისს გამართავს, ცხინვალი კი 2 ივლისს სტუმრად ბოტოშანს დაუპირისპირდება.

ოთო მუმლაძე