სიახლეები

ბოტოშანი – იღბალიც ასეთი უნდა

გაუზიარე

ცხინვალის საევროპო მეტოქე ბოტოშანი შემთხვევით მოხვდა ევროპის ლიგაზე. გუნდი რუმინეთის ჩემპიონატში მერვე ადგილზე გავიდა და დახეთ იღბალს: კლუჟმა, პეტროლულმა, კრაიოვას უნივერსიტატიამ და ბუქარესტის დინამომ ევროტურნირებისთვის საჭირო ლიცენზია ვერ მიიღეს. ბოტოშანი არასოდეს გასულა ევროსარბიელზე _ ისევე, როგორც ცხინვალი.

საფეხბურთო კლუბი ბოტოშანი 2001 წელს დაარსდა, თუმცა ქალაქს, რა თქმა უნდა, მანამდეც ჰყავდა გუნდი. მეორე მსოფლიო ომამდე ქალაქ ბოტოშანის გუნდს ერქვა ფლამურა როსიე, ტექსტილა და უნირეა. არც ომამდე და არც ომის მერე ბოტოშანელებს რუმინული მასშტაბითაც კი ოდნავ ხმაურიანი წარმატება არ ჰქონიათ. 

გუნდი 2013 წელს გადავიდა რუმინეთის ლიგა 1-ში (უმაღლესში) და პირველ სეზონში მერვე ადგილზე გავიდა. იგივე შედეგი გაიმეორა გასულ სეზონშიც. გუნდს 47 წლის ლეონტინ გროზავუ წვრთნის, რომელსაც ხმაურიანი წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია – ერთ წელიწადზე მეტი არსად უმუშავია. ბოტოშანიში შარშან მიანდეს პოსტი. 

ბოტოშანი შეკრებაზეა და სამი ტესტ-მატჩის ჩატარებაც მოასწრო: ალბანურ შკენდერბიუსთან 1:2, უნგრულ მტკ-სთან კი 0:1 წააგო, ხოლო ალბანურ კუკესის 2:1 სძლია. ამ ზაფხულს ბოტოშანიმ საინტერესო ტრანსფერი განახორციელა: ჰიბერნიანიდან გადაიყვანა სკოტ რობერტსონი, რომელიც 30 წლის ნახევარმცველია და შოტლანდიის ნაკრებში ორი მატჩი ჩაუტარებია. ასევე, გაზ მეთანიდან აიყვანეს ფორვარდი დან რომანი და მეკარე რაზვან პლეშკა.   

ლეონტინ გროზავუს გუნდში გამორჩეულნი არიან შემტევი ნახევარმცველი გაბრიელ ვაშვარი და ფორვარდი ატილა ჰადნადი, რომელმაც გასულ სეზონში 9 გოლი გაიტანა და კუკესისთან ამხანაგურშიც გამოიჩინა თავი. ალბანელებთან მეორე გოლი ნეზირიმ შეაგდო. კაპიტანია მცველი ფლორიან აშინტე. 

ბოტოშანის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში იწვევენ, ფორვარდი კვენტინ მარტინუსია. ის კიურასაოს ნაკრების წევრია. ბულგარელებს, მეკარე პლამენ ილიევსა და მცველ რადოსლავ დიმიტროვს იშვიათად იძახებდნენ. 

აქვე ვთქვათ, რომ ქალაქი ბოტოშანი რუმინეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთშია - 103 000 მცხოვრებით. ბოტოშანის მუნიციპალური სტადიონი 12 000 გულშემატკივარს იტევს. 

დანარჩენი ცხინვალზეა დამოკიდებული. რუმინეთის ლიგა რომ ძლიერია, ამას თქმა არ უნდა, თანაც, ბოლო წლებში პროგრსი აქვთ ევროტურნირებზე, თუმცა კონკრეტულად ბოტოშანიზე რა გითხრათ...

ილია ნანობაშვილი