სიახლეები

ლაშა დვალიშვილი: თავი ერთიანი ოჯახად უნდა ვიგრძნოთ

გაუზიარე
ასამდე სპორტული ჟურნალისტის მოთხოვნისა და შემდგომ ასოციაციის პრეზიდენტის სიტყვიერი თანხმობით, ივლისის პირველ რიცხვებში უნდა გაიმართოს  სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის კონფერენცია, რომელიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ტარდება. როგორ შეაფასებდით ასოციაციის მუშაობას?

პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მუშაობას, სამწუხაროდ, მთლიანობაში პოზიტიურად ვერ შევაფასებ. რა თქმა უნდა, იყო დადებითი მომენტებიც. ვგულისხმობ სახელოვან ქართველ სპორტსმენებზე წიგნების გამოშვებას, მაგრამ, ვიმეორებ, მთლიანობაში შეფასება მაინც ნეგატიური უნდა იყოს. მხედველობაში მაქვს ასოციაციის პრეზიდენტის გაკეთებული მიუღებელი განცხადებები, როდესაც მან სპორტული ჟურნალისტების მისამართით, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. ეს ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი იყო: ნაცვლად იმისა, რომ ამბრაზურასავით იყოს გადაფარებული თითოეული ჩვენი კოლეგის მიმართ, დეკლარირებული იქნა სრულიად საპირისპირო პოზიცია. ასეთი მიდგომა ჩემთვის, როგორც სპორტული ჟურნალისტიკის ერთი რიგითი წარმომადგენლისთვის, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

მაინც, რას შესთავაზებდით სპორტულ ჟურნალისტებს, ანუ რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი, როგორი იქნებოდა თქვენეული ხედვა და სტრატეგია?

პირდაპირ გეტყვით: სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მთავარ ფუნქციად ამ პროფილით მომუშავე ჟურნალისტების ჭეშმარიტად ერთიან ოჯახად ჩამოყალიბება მიმაჩნია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთი ამქარი, საერთო პრობლემებით და ერთიანი მიზნებით. ასოციაციიის ხელმძღვანელი უნდა იყოს თითოეული წევრის დამცველი და ქომაგი. ეს ქომაგობა და გვერდში დგომა უნდა იყოს არა მხოლოდ დეკლარირებუილი, არამედ არსებითი და ქმედითი. ამ მხრივ, აუცილებლად მიმაჩნია სპორტულ ჟურნალისტთა დახმარების თუ თანადგომის ფონდის ჩამოყალიბება. ეს არ უნდა იყოს მიბმული  ასოციაციის ბიუჯეტზე. ფონდი უნდა შეივსოს სპონსორებით მოძიებული სახსრების მეშვეობით. ფონდს ძირითადად სოციალური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ანუ, უნდა იყოს მიმართული იმისათვის, რომ სპორტულ ჟურნალისტებს დაეხმაროს მოუგვაროს სოციალური, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ, ეს არ უნდა იყოს მისი ერთადერთი ფუნქცია: ახალგაზრდა ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი გადამზადება და ამ კუთხით, გამოცდილი კოლეგების დასაქმება, ფონდის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბატონ ელგუჯა ბერიშვილის სეოკის ვიცე-პრეზიდენტად წასვლის შემდეგ, ახალ ხელმძღვანელს ამ მხრივ არაფერი გაუკეთებია. 

ახლა სპორტულ ჟურნალისტები ერთგვარ ბანაკებად არიან დაყოფილნი და ალბათ ამ საკითხის მოგვარებაც აქტუალურია.

ეს არაა მოუგვარებელი საკითხი, თუკი ჩვენ საგულდაგულოდ ვიმუშავებთ ყველა თაობის ჟურნალისტის ინტერესების გათვალისწინებასა და თანხვედრაზე, ყველაფერი დალაგდება. ყველა თაობის კოლეგებთან შეხვედრა, მათი პრობლემების ჩაწვდომა და გაზიარება, გაფართოებული მსჯელობა და ინტერესების შეჯერება, სავსებით რეალურია. ამ მხრივ, კარგი იქნება სპორტული ღონისძიებების გამართვა ასოციაციის წევრებს შორის. საქმიან, მაგრამ მეგობრულ და არაფორმალურ ვითარებაში გამართული დისკუსიები, ვთქვათ ქალაქგარეთ, თუნდაც ექსკურსიების სახით, ხელს შეუწყობს სპორტულ ჟურნალისტთა გაერთიანებას. ვიმეორებ, დიდი სურვილი მაქვს, რომ სპორტული ჟურნალისტები ვიყოთ ერთი ოჯახი და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ასევე კარგ იდეად მესახება, რომ გამოცდილი ჟურნალისტები რეგიონებში გაემგზავრონ, ვთქვათ ორდღიან სემინარებზე და იქ შეხვედრა ჰქონდეთ ახალგაზრდა, უკვე მოქმედ ჟურნალისტებთან და აბიტურიენტებთან. ამით ამაღლდება დამწყები კოლეგების კვალიფიკაცია და პოპულარიზაცია გაუწევა სპორტულ ჟურნალისტიკას. ასოციაციის წევრობა უნდა გახდეს სასურველი და საამაყო.

თქვით, რომ რაღაც პოზიტიურიც არის და რადგან, ამ მხრივ სახელოვან ქართველ სპორტსმენებზე წიგნების დაბეჭდვა ახსენეთ, სავარაუდოდ, ამ პროცესის შენელება სწორად არ მიგაჩნიათ.

ცალსახად გეტყვით, ვინც უნდა იყოს ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ის ვალდებულია, რომ ეს საქმე კიდევ უფრო გააქტიუროს. ჩვენი სპორტის ისტორია, მისი მიღწევების სათანადოდ ასახვა, ეჭვსგარეშეა, ჩვენი უპირველესი ვალია. ამდენად, გეთანხმებით, ეს პროცესი კიედვ უფრო უნდა გაღრმავდეს და დაჩქარდეს. 

კიდევ რა სიახლეებზეა საუბარი?

სიახლეები ძალიან ბევრი იქნება, ამ მხრივ, კარგი იქნება, თუკი გავაკეთებთ პრეს-კლუბს და ყველა სპორტული პრესკონფერენციის გამართვა მარტივი იქნება. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის პირდაპირ ეთერში გადაცემასაც ვუზრუნველყოფთ და ეს დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი სპორტსმენების, ისე ჟურნალისტებისათვის. ასევე აუცილიბელია რომ რომ ასოციაციას ჰქონდეს თავისი სრულყოფილი ვებ-გვერდი და ამის გარდა, იქნება კიდევ მრავალი ნოვაცია. ვიმეორებ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  ასოციაციის წევრობა იყოს პრესტიჟული და საამაყო, სათანადოდ დაეხმაროს ჩვენს სპორტსა და სპორტულ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის შექმნას უკეთესი პირობები.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ კი დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავთ.

ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევი, მეტიც, ამ ეტაპზე უხერხულიც კია, რადგან ასოციაციას ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, მაგრამ თუკი ახალი ხელმძღვანელის არჩევის საკითხი დადგება დღის წესრიგში, მე მზად ვიქნები მივიღო გადაწყვეტილება. მჯერა, საამისოდ გამოცდილებაც საკმარისი მაქვს, კომპეტენციაც და საქმის კეთების სურვილიც. 

პაატა ძნელაძე