სიახლეები

მამუკა ჯუღელი: ქირურგობას არ ვიჩემებ, გუნდის გაკეთების ნიჭი კი მაქვს

გაუზიარე

ქართულ საფეხბურთო სამყაროში მას ყველა იცნობს და თან არ იცნობს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მისი სახელ-გვარი ყველამ იცის, მაგრამ პირადი ნაცნობობა არ აკავშირებს. ის უყვართ ფეხბურთელებს, რომლებსაც მასთან ხშირი შეხება აქვთ. მეტიც, ოჯახის წევრად მიიჩნევენ. 

“ეს იმიტომ, რომ მართლაც ჩვენი ოჯახის წევრია. ის არასოდეს გვატყუებს ფეხბურთელებს, ტყუილუბრალოდ არაფერს გვპირდება” – უთქვამთ ჩემთვის ფეხბურთელებს ინტერვიუში. არიან ისეთებიც, რომლებიც მას ვერ იტანენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ (ვერ) საუბრობენ და ფაქტებსაც ვერ დებენ...

მამუკა ჯუღელზეა საუბარი, რომელიც საქართველოშიერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერია. ის ახლა ქობულეთის შუქურას სპორტულ დირექტორად იმუშავებს. 

ის უცხო ადამიანთანაც იოლად შედის კონტაქტში, ანუ უშუალოა და არ ჰგავს მათ, რომლებიც ოფიციალურ ტონზე გადადიან; პირდაპირი საუბარი სჩვევია და შორიდან არ უვლის; იუმორის გრძნობა აქვს და სასაცილო ამბებს ხმამაღლა, ემოციურად ყვება; ისედაც, ემოციურად საუბრობს და ხშირად ჟესტებს იყენებს. 

“რუხი კარდინალი” – ასე ხშირად მოიხსენიებენ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, სადაც ფართო საფეხბურთო კავშირები აქვს. ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა მამუკაზე ასე თქვა: “ჟოზე მოურინიუ იმის ღირსიც არაა, რომ მამუკა ჯუღელს ფეხსაცმელზე თასმები შეუკრას”... 

მასთან ინტერვიუ ადრეც მქონია, ოღონდ ექვსი-შვიდი წლის წინ. ზოგადად, ჟურნალისტებთან საუბარი არ უყვარს, ტელევიზიებშიც არასოდეს ჩნდება. ამჯერად კი მამუკა ჯუღელს სახლში ვეწვიეთ, საუბარი კი, ვფიქრობთ, გახსნილი და უშუალო გამოგვივიდა. 

სანამ ინტერვიუზე გადავედით, ჯუღელმა მწუხარება გამოთქვა თბილისში 13 ივნისს დატრიალებული ამბების გამო და გვაცნობა, რომ 10 000 ლარს გადარიცხავს დაზარალებულთა დასახმარებლად. “საქართველოში გუშინ ჩამოვედი და ამიტომ აქამდე ვერ მოვახერხე დახმარების გაწევა”. ასევე, ჯუღელმა თანხა გადასცა ფეხბურთელ გიორგი ონიანს, რომელიც ორი წლის წინ მძიმედ დაშავდა და კარიერა დაასრულა.  

ქართულ ფეხბურთში ერთადერთი პიროვნება, რომელიც თქვენზე ხმამაღლა საუბრობს უარყოფით კონტექსტში, ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაიაა...

საერთოდ, ილია კოკაიას ჩემს მეგობრად ვთვლიდი და ვთვლი. ვიცი, რომ ჩემი სიკეთე გაუხარდება და ცუდი ეწყინება. თუმცა ჩემთვის გაუგებარია მისი ბრალდებები, დაუდასტურებელი ფაქტების გარეშე. რატომ არ მაქვს კლუბებთან მუშაობის უფლება? მე არსად მითქვამს, ფიფას ლიცენზირებული აგენტი ვარ-მეთქი და საერთოდაც, მენეჯერიც არ ვარ. მე ვარ ერთ-ერთი ევროპული კომპანიის წარმომადგენელი სკაუტი. ვეძებ ნიჭიერ ფეხბურთელებს და მერე კლუბებში მიმყავს. თუ არ მიმყავს, რეკომენდაციას მაინც ვუწევ და მერე კლუბები გადაწყვეტენ. ვაკომპლექტებ გუნდებს და მგონი, არცერთი გუნდი არ დამიკომპლექტებია ცუდად, არცერთ ამ გუნდს რეგრესი არ განუცდია. პირიქით, ყველას აშკარა პროგრესი ჰქონდა დაწყებული რუსთავის ოლიმპიდან, დამთავრებული ტოსნოთი. 
კოკაიას მისი სიტყვების შემდეგაც შევხვდი და ვკითხე, ასე რატომ ლაპარაკობ-მეთქი. მეუბნება, შენთვის ასე სჯობსო. აი, ზუსტად ასე მითხრა. მიდი და გაიგე. საერთოდ, ილიას თავისი შეხედულებები აქვს, მე – ჩემი. 

თავი და თავი 2012 წლის საქართველოს თასის ფინალია, სადაც თქვენმა დაკომპლექტებულმა გორის დილამ ზესტაფონს 4:1 მოუგო. მსაჯობა კი ისეთი იყო, რომ ყველას განსახილველი თემა გახდა. 

მოდი, დეტალურად მივყვეთ, თუ როგორი მსაჯობა იყო. თავიდან ვაგებდით და შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო მატჩის 23-ე წუთზე, საჯაია ხოჯავას წინააღმდეგ წესებს არღვევს და პენალტია დასანიშნი ზესტაფონის კარში. არ დანიშნეს. ვთქვით რამე? და რაც შეეხება ჩვენს პირველ გოლს, რომელიც პენალტით გავიტანეთ: ყველა კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც ნახა, თქვა, რომ პენალტი იყო და ზესტაფონელი ღონღაძეც სამართლიანად გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის: ბოლო იმედის ჯარიმა წითელი ბარათია და უეფა ილია კოკაიას გულისთვის ვერ შეცვლის წესებს. ჩვენი მათე ვაწაძე პირველია ბურთთან, ღონღაძე კი მას ორჯერ ეხება. არ ვამბობ, რომ საუკეთესო მსაჯობა იყო, მაგრამ კოკაიამ პირველად ნახა ასეთი შეცდომები? ტიერი ანრიმ ირლანდიასთან ხელით გაისწორა ბურთი და ისე გაატანინა თანაგუნდელს, თან როგორი მნიშვნელობის მატჩში. დიეგო მარადონას აქვს ხელით გატანილი, ბოლოს და ბოლოს...…იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს წინააღმდეგაც შემცდარან. 

იმავე სეზონში იყო, დილა თბილისის დინამოს ხვდებოდა და ლაშა სალუქვაძეს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა ლაშა სილაგავამ. რა, ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ? 

კეთილი. დავუშვათ, ფინალში მსაჯის ბრალი იყო ზესტაფონის წაგება. იმავე ზაფხულს დილაც გავიდა ევროტურნირზე და ზესტაფონიც. გაიხსენეთ შედეგები: ზესტაფონმა ბაქოს ნეფთჩისთან გასვლაზე 0:3 წააგო და ვერც შინ მოუგო, არადა, კოკაია თამაშებამდე ამბობდა, აზერბაიჯანელებმა ფეხბურთისა რა იციან, მაგათაც მოვუგებთ და ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც ვგეგმავთო. ხომ არ მეშლება? ზუსტად ასე თქვა. და გაიხსენეთ, დილა სადამდე გავიდა: ჯერ დანიის ორჰუსს ორივე თამაში მოვუგეთ, მერე ანორთოსისი გამოვთიშეთ. ანორთოსისთან შინ გოგუა გაგვიძევეს და წავაგეთ, იქ კი 3:0 ვიმარჯვეთ. გადახედოს კოკაიამ ანორთოსისის შედეგებს ევროტურნირებზე, საშინაო მატჩებში 15 წლის განმავლობაში წაგება არ ჰქონდა, თან რა გუნდებს აღარ შეხვედრია... მერე პორტუგალის მარიტიმუსთან გავვარდით და გავიხსენო, როგორ? შვიდი ფეხბურთელი დაშავებული გვყავდა, ჩიხურასთან თამაში კი არ გადაგვიდეს. თავად ჩიხურას მწვრთნელი იყო თანახმა გადადებაზე, მაგრამ ორი კლუბი წინააღმდეგი წავიდა: დინამო თბილისი და ზესტაფონი. ეგეც არ იყოს, მარიტიმუ მართლაც ძლიერი კლუბი იყო, პორტუს 1:0 მოუგო იმ პერიოდში. და მარიტიმუსთან მეორე მატჩში, როცა 0:0 იყო, მათე ვაწაძის წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნეს. რატომ არ დანიშნეს? მსაჯი ხომ თურმე ნაყიდი მყავდა... ახლა გასულ სეზონზეც ვიტყვი, იმიტომ, რომ ვიღაცები ამბობენ, თითქოს დილას ნაყიდი ჰქონდა თამაშები. სად? თბილისის დინამოსთან გასვლაზე 2:2 ვიყიდე? ბოლოს ერისთავს რომ ვერ გაეტანა, ვეღარ გახდებოდა დილა ჩემპიონი. რა, მე გავიტანდი? რომან ფიფიაზე მეტი ფული მაქვს? დინამომ რომ თამაშები ვერ მოიგო, ჯუღელის ბრალია? ფეხბურთელობისას გოლის გატანა მშვენივრად ვიცოდი, 104 გოლი მაქვს საქართველოს ჩემპიონატში გატანილი. ადრე გოლების გატანა ვიცოდი, მერე კი გუნდების დაკომპლექტება ვისწავლე. მაქვს ამის ნიჭი. ხომ არ ვტრაბახობ, ქირურგობა შემიძლია-მეთქი. ვამბობ იმას, რაც ვიცი. ფაქტი სახეზეა: გუნდების დაკომპლექტება კარგად ვიცი სხვებისგან განსხვავებით და ყველამ თავის თავს დააბრალოს, თუ ვერ გააკეთეს. 

რომან ფიფიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

ფიფიას ჩემზე არც კარგი უთქვამს და არც – ცუდი. თუმცა არ მესმის, რატომ უნდა დავაბრუნო დინამოში ფეხბურთელი, რომელიც მათ არ დააფასეს და გამოუშვეს? იგივე გუგა ფალავანდიშვილი, რომელმაც დილაში საოცარი სეზონი ჩაატარა. გიორგი პაპავა რატომ წავიყვანე კვიპროსზე, ნეა სალამისში? დინამოში მითხრეს, არ ვარგაო. თუ არ ვარგა, აი, გამოჩნდა. შესაძლოა, კონკურენტები რომ ვართ, იმიტომ არ ჰქონდეს ჩემთან კარგი დამოკიდებულება. ისე კი, მე და ფიფიას საერთო საქმიანი მეგობრები გვყავს რუსეთში. ამასთან, დინამოს რომ კარგი სელექცია აქვს, ამაზე ორი აზრი არაა. რვა-ცხრა ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებშიც დიდ პოტენციალს ვხედავ: თუნდაც ოთარ კაკაბაძე. და რომ ამბობენ, დილას თამაშებს რატომ ესწრება და სტადიონზე რატომ მიდის ჯუღელიო, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ თბილისის დინამოს თამაშებს უფრო ხშირად ვესწრებოდი ამ სეზონში.  

პაპავაზე ცალკე გკითხავთ; რჩება ნეა სალამისში?

არა. სხვა, უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაზეა საუბარი. ჯერ ვერ დავაკონკრეტებ.   

ადრე თქვით, კოკაია მეკონტაქტებოდა, გუნდში უნდოდა ჩემი წაყვანაო. ეს სინამდვილეს შეეფერება?

დიახ. ბოლო სამი წელია, სეზონის დასაწყისში მთავაზობს. 

მოდი, ის წლები გაიხსენეთ სკაუტის როლში, როცა რუსთავის ოლიმპი დააკომპლექტეთ. 

მაშინ თბილისის დინამოდან გაუშვეს ფეხბურთელები, არ დააფასეს. ლადო დვალიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და სხვები. შევკრიბე გუნდი და შედეგი სახეზე იყო: ოლიმპი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

ფეხბურთელებთან რომ მეგობრობთ, ეს ცნობილია. როგორ არჩევთ ფეხბურთელებს – დადიხართ მათ თამაშებზე, აკვირდებით? 

ფეხბურთელებთან ურთიერთობა რომ ოჯახურია, ეს თავისით მოდის. ურთიერთობა თავად ყალიბდება. 18 წლის ფეხბურთელს რომ ეკონომიკურად დაეხმარები და გზაზე დააყენებ, რა არის ამაში ცუდი?! ჩემს ფეხბურთელებთან ჭირშიც ვარ და ლხინშიც. იკითხეთ, ჩემი რომელი ფეხბურთელია ცუდ სიტუაციაში. არავინ. მეც ვაკვირდები და ჩემი მეგობრებიც მაწვდიან ინფორმაციას. აი, მაგალითად, დაჩი ცნობილაძე მომწონს, რომელიც სიონიდან სამტრედიაში გადავიდა. მარტვილის მერანის სამ ახალგაზრდაზე მითხრეს, კარგები არიანო. საქმეში ვნახე ისინი და დავრწმუნდი: გეგეჭკორი, ფონიავა და შულაია. მომწონს მათე კვირკვიაც, რომელიც ახლა დილაშია. 

თამაშის ჩაწყობაზეც თქმულა, ჯუღელი ფეხბურთლებს ურიგდებაო. ამაზე რას იტყვით?

ბევრი შურიანია და ამას ხან ვეგუები, ხან ნერვები მეშლება. პროკურატურა ხომ არსებობს? ევროტურნირებზე ჩემი კლუბების გამოსვლაზე რომ ვისაუბრე, როგორ ფიქრობთ, დანიელები თუ კვიპროსელები ვიყიდეთ? თუ ასე იოლია თამაშების ყიდვა, მითხრან, ეგებ მართლა დავფიქრდე და ვიყიდო. ბევრს შური ამოძრავებს და ბევრიც ჰაერზე ლაპარაკობს, რადგან ფეხბურთის გაგებაში არაა. კიდევ ვიმეორებ: სკაუტი ვარ, ჯერ რეკომენდაციებს ვიძლევი, მერე ვაკომპლექტებ გუნდებს და აქედან ვიღებ ფულს. ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე მყავს, ამით ვსარგებლობ და ქართველ ფეხბურთელებს ვეხმარები. ბიჭებს ჰკითხეთ, საქართველოსთვის ცუდს რა ვაკეთებ. მე ფეხბურთელებისგან წილს არ ვიღებ. თავისი სურვილით თუ რაიმეს მაჩუქებენ, ეს სხვაა.   

ტოსნოდან რატომ მოგიწიათ წამოსვლამ? მითუმეტეს, იმ დროს, როცა გუნდი პრემიერლიგაში გადასვლის მთავარი პრეტენდენტი იყო.  

ტოსნოს პრეზიდენტსა და მწვრთნელ ნიკოლაი კოსტოვს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კოსტოვი გაუშვეს და მეც ვერ დავრჩებოდი. არადა, ტოსნო მე დავაკომპლექტე და ეს როგორი ხარისხით გავაკეთე, ცხრილიდან ჩანდა. აი, ვერ გადავიდნენ პრემიერლიგაში, არადა, ჩვენი იქ ყოფნის დროს ხან პირველზე, ხან მეორე ადგილზე ვიყავით. სხვათა შორის, მოსკოვის სპარტაკს მოვუგეთ თასზე. ნეტავ, სპარტაკიც ნაყიდი მყავდა?.. 

თქვენ რომ წამოხვედით, ნუკრი რევიშვილი სკამზე დასვეს და გიორგი ნავალოვსკისაც ხშირად არ ათამაშებდნენ. ეს თქვენ გამო? 

ვერ დავიჩემებ, რომ ჩემ გამო. ფაქტია, ამით კარგს ვერაფერს მიაღწიეს. ჩემს დროს გადავიდნენ პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში ანჟი და ვოლგა. ოლიმპზე და დილაზე უკვე ვთქვი. 

ბევრი ამბობს, ჯუღელი თავის ფეხბურთელებს სულ რუსეთში ასაქმებს, რადგან იქ აქვს კავშირები, ევროპაში კი ფეხბურთელებს არ უშვებსო. თუმცა პირიქითაც ყოფილა: მაგალითად, მათე ვაწაძე დანიაში წავიდა. 

ვინმე გაბოროტებული რას იტყვის, ეს არ მაინტერესებს. რას ჰქვია, ვუშლი? ლადო დვალიშვილი ბავშვი იყო, როცა ვიცნობდი. ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია. რუსეთში როდესმე უთამაშია? თუნდაც ვაწაძე. მე მათეს მამის გაზრდილი ვარ. ვაწაძეს ორი ვარიანტი ჰქონდა: ალანია და ორჰუსი. ალანია ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდა, მაგრამ მათემ თქვა, დანიაში მინდაო. დავუშალე? მე რჩევებს ვაძლევ ფეხბურთელებს, არავის არაფერს არ ვაძალებ. 

თემურ ქეცბაიასთან ადრე მეგობრული ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ, როგორც ვიცი, ახლა ხშირად აღარ ეხმიანებით ერთმანეთს. რატომ? 

თემური ჩემი მეგობარია, მაგრამ ფეხბურთზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს. იყო შემთხვევები, რაზეც ვიკამათეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქეცბაიას არ ვაფასებ. კვიპროსზე ახლაც მაქვს კარგი კავშირები. პაპავაზე უკვე ვთქვი, აი, გიორგი აბურჯანიაც ჩემი ფეხბურთელია, რომელსაც 17 წლიდან ვაკვირდები და ძალიან პერსპექტიულია. 

უკრაინაში თუ გაქვთ ასეთი კავშირები? 

იქ დიდხანს ვითამაშე. ჰკითხეთ ჯაბა კანკავას. ჩემს ხელშია გაზრდილი, ჯაბა ძალიან მიყვარს. დნიპროში გადასვლა სწორედ მე ვურჩიე და როგორ გაამართლა, ხედავთ. დნიპროს გარდა, შახტარისა და კიევის დინამოს ვარიანტებიც ჰქონდა. კიეველები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ, მაგრამ წმინდა საფეხბურთო კუთხით ვურჩიე დნიპროში გადასვლა: დნიპროს უფრო მოუხდებოდა. 

ისე ჩანს, რომ რუსეთის წამყვან გუნდებთან ნაკლებად გაქვთ კავშირი. თქვენი ფეხბურთელები უფრო ხშირად პრემიერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებში ან პირველ ლიგაში მიდიან. რატომ? 

ასე არაა. ყველა კლუბთან მაქვს კარგი, საქმიანი ურთიერთობა. რატომ არ ახსენებთ რუბინს? რამდენი ქართველი ფეხბურთელი ყოფილა ამ გუნდში. რუბინი ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, ძირითად გუნდში ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე და დავით კვირკველია იყვნენ. დუბლებში იყო ზურაბ არზიანი. მანამდე მიხეილ აშვეთია და სხვებიც. სალუქვაძემ ბარსელონასთან მოიგო –კახა კალაძის გარდა, ეს ვინმეს მოუხერხებია? დღეს იქ სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე არიან. ძალიან მოსწონთ კვირკველია და გეცოდინებათ, როგორი სახელიც აქვს. კობახიძესაც კარგი თვალით უყურებენ. რუბინში შვიდი ფეხბურთელი ჩემია, ანუ ქართველების გარდა, კიდევ ხუთნი. დღესდღეობით ისეთი დიდი მოთხოვნა აღარაა ქართველებზე, რადგან თავადაც ხედავთ, რუსები 20 მილიონს ისე იხდიან ფეხბურთელში, ვითომც არაფერი. გვყავს ჩვენ 20-მილიონიანი ფეხბურთელები? არა. თუმცა არის გამონათებები. კვირკველიაზე ვთქვი და ჯანო ანანიძეც მშვენივრად თამაშობდა როსტოვში. მან და არტიომ ძიუბამ, ორმა კაცმა ააღებინა თასი როსტოვს. 

ქართველი მენეჯერებიდან ყველაზე კარგი ურთიერთობა ვისთან გაქვთ? 

გოგა გახოკიძის გულისთვის სახლ-კარს გავყიდი. ასევე, სულ კარგი მესმის დავით ყენიაზე. არიან სხვა კარგი მენეჯერებიც. ლევან სილაგაძეზე აღარაფერს ვამბობ, ისიც ჩემი ოჯახის წევრია.     

ზოგადად, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში ძლიერი კლუბის შექმნა? არის ამის საშუალება? 

რატომაც არ არის?! მაგრამ ამ დამოკიდებულებით, რაც კლუბების ხელმძღვანელებს აქვთ, არ გამოვა. არასწორად მიმაჩნია ყოველ სამ-ექვს თვეში კონტინგენტის გამოცვლა. ასე გუნდი ვერ გაკეთდება. ფეხბურთელს ისე უნდა მოექცე, რომ კლუბი შეუყვარდეს, მაისურაზე გამოხატულ ლოგოს პატივს სცემდეს. აქ მყარ კონტრაქტებს არ უფორმებენ ბიჭებს, ერთი ფეხის დაცდენაზე თავიდან იშორებენ. აბა, საოპერაციო ფეხბურთელს რომ ყურადღებას არ მიაქცევ, რაზეა საუბარი?!

ახლა ქობულეთის შუქურაში იმუშავებთ სპორტულ დირექტორად. რა გეგმები გაქვთ შუქურაში? 

ვნახოთ, წინასწარ ტრაბახი არ მიყვარს. მინდა, რომ ევროტურნირზე გამსვლელი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ევროპაშიც ნორმალურად ითამაშებს. მაგალითად, როგორც დილა და, რა თქმა უნდა, უკეთესის ამბიციაც მექნება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ დილაში აღარ ვარ და ვიმეორებ _ თუ დილას თამაშებზე ვყოფილვარ სტადიონზე, სხვა გუნდების თამაშებზეც დავდივარ. გასულ სეზონში თბილისის დინამოს მატჩებზე უფრო ხშირად დავდიოდი.

ილია ნანობაშვილი