სიახლეები

გორელთა მეტოქის ბანაკი ლეგენდარულმა მილუტინოვიჩმა მოინახულა

გაუზიარე

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის პარტიზანისა და გორის დილას პირველი მატჩი 14 ან 15 ივლისს, საპასუხო კი 21 ან 22 ივლისს გაიმართება. ორივე გუნდმა ახალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დაიწყო, თუმცა სერბეთისა და საქართველოს ჩემპიონატები სხვადასხვა დროს იწყება. ჩვენი უმაღლესი ლიგის სტარტი აგვისტოს შუა რიცხვებში, 11 აგვისტოს გასამართი ევროპის სუპერთასის მატჩის შემდეგ არის დანიშნული, სერბეთის ჩემპიონატი კი გაცილებით ადრე, 18 ივლისს იწყება. პარტიზანმა ამ დღეს მეტალაკს უნდა უმასპინძლოს, თუმცა სერბულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ დილას მეტოქე ამ მატჩის გადადებას მოითხოვს. 

რაც შეეხება პარტიზანის ბანაკში მომხდარ სხვა სიახლეებს – გუნდის ვარჯიშს ლეგენდარული სერბი მწვრთნელი ბორა მილუტინოვიჩი დაესწრო, რის შემდეგაც პარტიზანის თავკაც ზორან მილინკოვიჩს გაესაუბრა და მოახლოებულ ევრობატალიებში წარმატება უსურვა. ამას გარდა, ორივე სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ღირსშესანიშნავ ამბავზე, როცა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში სერბეთმა ბრაზილია დაამარცხა. მილინკოვიჩმაც და მილუტინოვიჩმაც იმედი გამოთქვეს, რომ ეს თაობა უახლოეს წლებში სერბულ ფეხბურთს დიდ გამარჯვებებს მოუტანს.

მილუტონოვიჩს ძველი თაობის გულშემატკივრისთვის დიდი წარდგენა არ სჭირდება, ახალგაზრდებს კი ვეტყვით, რომ მისი ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხმა ნაკრებმა (კოსტა რიკა, აშშ, ნიგერია, ჩინეთი) ითამაშა და ჩინეთის გარდა, ყველამ მერვედფინალამდე მიაღწია.

ცნობისთვის, მუნდიალის ტრიუმფატორ ნაკრებში პარტიზანს სამი ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი – მცველი მილადინ სტევანოვიჩი, ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩი და თავდამსხმელი ივან საპონიჩი. ამ სამიდან ბოლო ორმა ფინალშიც ითამაშა.

დავუბრუნდეთ უშუალოდ პარტიზანს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა – 29 წლის ცნობილი ბულგარელი ფორვარდი ვალერი ბოჟინოვი გადაიბირა, რომელიც ბოლოს იტალიური სერია ბ-ს ბინადარ ტერნანას ღირსებას იცავდა. არადა, საუკეთესო წლებში ისეთ სახელოვან კლუბებში თამაშობდა, როგორებიც იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი და ფიორენტინა არიან. ბოჟინოვის კარიერა დაღმა ჭირვეული ხასიათისა და პროფესიონალიზმის დაფიციტის გამო დაეშვა.

ლევან ჯანეზაშვილი