სიახლეები

შერიფი და რევიშვილი, დილა ახალ მეკარეს ელის

გაუზიარე

რომ გვეგონა, რუსული ტოსნოდან წამოსული საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას გორის დილაში გააგრძელებდა, მოულოდნელად მოლდოვაში აღმოჩნდა და ახლა ამ ქვეყნის ჩემპიონატების ბოლო დროის ლიდერთან, ტირასპოლის შერიფთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია _ რევიშვილს შერიფში ჩარიცხვამდე კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი, ცხადია, ისედაც საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში რევიშვილის მოლდოვაში წასვლამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. დილას მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ამას წინათ გვითხრა, რომ გუნდს მეკარის პრობლემა მოგვარებული აქვს და ნუკრი რევიშვილი, რომელიც იმ დროისთვის ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, კარიერას დილაში გააგრძელებდა. 

დილამ სეზონის დამთავრების შემდეგ გუნდიდან ძირითადი მეკარე ომარ მიგინეიშვილი ცხინვალში გაუშვა, მისი შემცვლელი გიორგი სომხიშვილი კი _ ქუთაისის ტორპედოში. გორელები რევიშვილის იმედად იყვნენ, მაგრამ ახლა ხელთ მხოლოდ მიხეილ მუჯრიშვილი შერჩათ. 

არადა, გორელები ამჟამად მოსამზადებლად თურქეთში იმყოფებიან, მალე კი სერბულ პარტიზანთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელით...  

კობა ინასარიძე