სიახლეები

სამტრედიამ ცეცაძე და ახალწვეულები წარადგინა

გაუზიარე

წინა სეზონში სამტრედიას მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იყო, მაგრამ იმერლები საბოლოოდ ევროარენის მიღმა დარჩნენ. სამტრედიამ ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, თასზე კი, მართალია, ფინალში გააღწია, მაგრამ იქ დინამოსთან 0:5 განადგურდა.

ამ წაგების შემდეგ სამტრედიაში სერიოზული ცვლილებები დაიწყო. გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ და სამწვრთნელო შტაბმა. გასულ ჩემპიონატში გუნდში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობაც სამტრედიაში აღარ ირიცხება, სამაგიეროდ, შევსებაც საკმაოდ სოლიდურია.

სამტრედიელებმა საკუთარ გულშემატკივრებს ახალი სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები წარუდგინეს. მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იქნება, რომელიც ამავდროულად ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის ასისტენტია. ცეცაძეს დახამრებას თემურ ლორთქიფანიძე გაუწევს, მეკარეების მწვრთნელი კი გია ჭანტურია იქნება.

მომავალ სეზონში სამტრედიას ღირსებას დაიცავს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დაჩი ცნობილაძე, რომელიც იმერლებს ბოლნისის სიონიდან შეუერთდა. ლანჩხუთის გურიადან ერთბაშად სამი ფეხბურთელი გადავიდა: მეკარე გაბრიელ თებიძე, ნახევარმცველები გიორგი მჭედლიშვილი და ჯემალ გოგიაშვილი. თბილისის დინამოდან მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი გადმოიბირეს, ქუთაისის ტორპოედოდან კი სამტრედიაში ასევე უკანახაზელი გივი იოსელიანი და ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაბარგდნენ. ბოლოხანს ზესტაფონის ღირსებას იცავდნენ მარჯვენა მცველი დავით მთივლიშვილი, მარჯვენა ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი და ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე _ ისინიც სამტრედიაში ითამაშებენ, ისევე, როგორც ცხინვალიდან გადაყვნილი თემურ მარკოზაშვილი. ზუგდიდიდან კი სამტრედიამ ლაშა ღონღაძე და ავთო ენდელაძე შეიმატა.

სავარაუდოდ, სამტრედია მომავალ სეზონშიც ევროზონაში მოხვედრას დაისახავს მიზნად, რისი პოტენციალიც ამ გუნდს ნამდვილად გააჩნია, თუმცა რეალურად რა როგორ მოხდება, ამას მომდევნო ჩემპიონატი დაგვანახებს.

პაატა ძნელაძე