სიახლეები

დიმიტრი ბოკერია: უსაფრთხოება – ეს არის ბარსელონას უმთავრესი მოთხოვნა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრიორიტეტი ევროპის სუპერთასის მატჩის უმაღლეს დონეზე ორგანიზებაა და ბუნებრივია, ასე გაგრძელდება 11 აგვისტომდე, როცა “დინამო არენაზე” ერთმანეთის პირისპირ ბარსელონა და სევილია წარსდგებიან.

ამ ღირსშესანიშნავი დღის მოახლოებასთან ერთად, “ჩვენი თამაში” უფრო და უფრო ხშირად გაგაცნობთ სუპერთასის შეხვედრასთან დაკავშირებულ სიახლეებს. ახალ ამბებს იმ პიროვნებებისგან შევიტყობთ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი 11 აგვისტოს მატჩის საორგანიზაციო პროცესში.

დღეს ჩვენი სტუმარი სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერიაა, რომელიც სუპერთასისთვის მზადების პერიოდში ბარსელონაზეა მიმაგრებული და კატალონიური გრანდთან მოკავშირე ოფიცრის სტატუსით იმუშავებს.

უპირველესად, უეფასა და სუპერთასის მატჩის მონაწილე კლუბების წარმომადგენელთა თბილისური ვიზიტის შესახებ გკითხავთ...

ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სტუმრები ნანახით კმაყოფილები დარჩნენ. რაც შეეხება ბარსელონას, მას თბილისში პროტოკოლის უფროსი, უსაფრთხოებისა და პრესსამსახურის თანამშრომლები წარმოადგენდნენ. მათ ყველა ის ობიექტი მოინახულეს, რომლებთანაც ბარსელონას აგვისტოში ექნება შეხება. მოეწონათ `დინამო არენა~, ასევე კმაყოფილები დარჩნენ სავარჯიშო მოედნითა და სასტუმროთი.

როდის ჩამოვა ბარსელონა, სად დაბინავდება და “დინამო არენას” გარდა, სად ივარჯიშებს?

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 9 აგვისტოს გვეწვევა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ივარჯიშებს თუ არა ბარსელონა იმავე დღეს. თუ გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ვარჯიშის ჩატარება გადაწყვიტა, გუნდს “მიხეილ მესხის” მთავარი მოედანი დაეთმობა. 10 აგვისტოს კი “დინამო არენაზე” ვარჯიში ასი პროცენტით გაიმართება. რაც შეეხება სასტუმროს, ბარსელონას წარმომადგენლებმა არჩევანი “თბილისი მარიოტზე” შეაჩერეს.

თუ არის ცნობილი, რამდენი გულშემატკივარი ჩამოჰყვება ბარსელონას?

ეს საკითხი ჯერ არ დაზუსტებულა. როგორც კი კლუბი აქ ჩამომსვლელ ქომაგთა რაოდენობას გვაცნობებს, ოპერატიულად დავიწყებთ მათ დაბინავებაზე ზრუნვას. თუ გულშემატკივართა რიცხვი დიდი იქნება, თავსატეხი გაგვეზრდება, მაგრამ პრობლემები არც ამ კუთხით შეგვექმნება. 

ალბათ, ბარსელონა უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. 

დიახ, ბარსელონას უმთავრესი მოთხოვნა სწორედ უსაფრთხოებაა. ისინიც და ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვება ბარსას თბილისში ჩამოსვლას. მაქსიმალური მობილიზება და ზრუნვა გვმართებს საიმისოდ, რომ გუნდის ვარსკვლავებს დაუშვებელ დისტანციაზე არავინ მიეკაროს.

აგვისტომდე კიდევ ელით კლუბების წარმომადგენლებს?

არა, რადგან რამდენიმე დღის წინანდელი ვიზიტისას ბარსელონამაც და სევილიამაც ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და საორგანიზაციო საკითხებიც დადებითად გადაჭრეს. ცხადია, კლუბებთან და უეფასთან ყოველდღიური კონტაქტი გვექნება, თუმცა როგორც ვთქვი, ყველა ძირითადი თემა უკვე გავლილი და მოგვარებულია. ასე რომ, ველით 9 აგვისტოს, როცა თბილისს ბარსელონა და სევილია ესტუმრებიან.

ლევან ჯანეზაშვილი