სიახლეები

იმერეთმა ჟორჟიკაშვილს იმედი გაუმართლა

გაუზიარე

17 ივნისს, როცა მეორე ლიგის საპლეიოფო ტურნირის პირველ ტურში ცხინვალის ლიახვმა სოხუმის ცხუმი 2:0 დაამარცხა, მათი მეტოქის, ხონის იმერეთის მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა დარწმუნებით გვითხრა, რომ მის გუნდს ამ ლიახვისა და ცხუმის დაჯაბვნა არ გაუჭირდებოდა. 

გამოცდილი მწვრთნელის მოლოდინი გამართლდა – 20 ივნისს მეორე ტურში ერთმანეთს იმერეთი და ლიახვი შეხვდნენ და ხონელებმა მოწინააღმდეგეს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს. იმერეთმა 5:0 გაიმარჯვა და პირველი ლიგის საგზურამდე ფორმალური მანძილიღა აშორებს.

მესამე ტურში, რომელიც 23 ივნისს ასევე „მცხეთა პარკზე“ გაიმართება, იმერეთი ცხუმს შეხვდება და იმისთვის, რომ პირველ ლიგაში გადამსვლელ ორ საუკეთესო გუნდში მოხვდეს, მხოლოდ ის სჭირდება, რომ რვაბურთიანი (!) სხვაობით არ დამარცხდეს.

რაც შეეხება ცხუმს, ლიახვის გადასასწრებად სოხუმურ კლუბს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება, თუმცა პირველი ორი მატჩის შედეგი გვაფიქრებინებს, რომ ბოლო ტურში იმერეთი უპირობო ფავორიტი იქნება.

1. იმერეთი 1 1 0 0 5-0 3
2. ლიახვი          2 1 0 1 2-5 3
3. ცხუმი        1 0 0 1 0-2 0

ლევან ჯანეზაშვილი