სიახლეები

პიუნიკთან მატჩამდე ცხინვალი ჩემპიონთან ისპარინგებს

გაუზიარე

ცხინვალი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ განაგრძობს. გუშინ კახა კაჭარავს გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, დღეს კი ოფიციალურ მატჩებამდე პირველ ამხანაგურ მატჩს გორში ადგილობრივ დილასთან გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და ცხინვალის მატჩი 18 საათზე დაიწყება. 

ცხინვალმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ იაქტიურა და 6 ფეხბურთელი დაიმატა. „ჩვენი თამაში“ წერდა, რომ კახა კაჭარავას გუნდში გამოცდილი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე და მცველი ლევან კაკუბავა სამტრედიიდან გადავიდნენ. მათ გარდა, ცხინვალმა ერთწლიანი იჯარით აკაკი შულაია აიყვანა და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ბოლნისის სიონის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელ ზვიად ლობჯანიძესაც. კვირის მიწურულს ცხინვალმა კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა, 8-ს კი კონტრაქტი გაუგრძელა. მომავალი ერთი წლის მანძილზე ცხინვალში ითამაშებენ გიორგი ივანიშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მაისაშვილი, ვარლამ კილასონია, ბაქარ ქარდავა, ბიძინა მახარობლიძე და უჩა ბურძენაძე. 

ცხინვალის ახალწველებმა, აკაკი შულაიამ და ლევამ კაკუბავამ „ჩვენს თამაშთან“ კომენტარი გააკეთეს და ცხინვალში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრეს. 

აკაკი შულაია : „ცხინვალში ერთწლიანი იჯარით ვითამაშებ. ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ, რადგან კარგ გუნდში მოვხვდი და დარწმუნებული ვარ, ცხინვალი ევროპის ლიგაზეც წარმატებით ითამაშებს და ეროვნულ ჩემპიონატში. ცხინვალის გარდ,ა შემოთავაზება ბათუმის დინამოდანაც მქონდა, თუმცა არჩევანი ცხინვალზე გავაკეთე“. 

ლევან კაკუბავა : „სამტრედიიდან წამოსვლის შემდეგ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა ყველაზე რეალური ცხინვალის ვარიანტი იყო. ცხინვალში თამაში იმიტომ ვარჩიე, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. გარდა ამისა, მწვრთნელი და სტაფი ჩემთვის კარგად ნაცნობია.  ცხინვალი საკმაოდ ახალგაზრდული და ბრძლისუნარიანი გუნდია, არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც და იმედია, ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილ დროს ნაყოფიერად გამოვიყენებთ და  კარგად შევთამაშდებით". 

გორის დილასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ცხინვალი ერევანში, სომხეთის ჩემპიონ პიუნიკთან სასპარინგოდ მიემგზავრება, ერევნიდან დაბრუნების შემდეგ კი კლუბი მზადებას ისევ თბილისში გააგრძელებს. ევროპის ლიგაზე ცხინვალის მეტოქის ვინაობა, დღეს გახდება ცნობილი, შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდი მესამე კალათაში განუთესავ გუნდებს შორის მოხვდა. 

ოთო მუმლაძე