სიახლეები

ხიზანიშვილიც ბაქოს ინტერს

გაუზიარე
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზურაბ ხიზანიშვილი ბაქოს ინტერში გააგრძელებს კარიერას. “ხიზანა” ზაურ სვანაძის გუნდში შეუერთდება ლაშა კასრაძეს, ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი ლომაიას. დიდი შანსია, ბაჩანა ცხადაძემაც ისევ ინტერში ითამაშოს. 

ასე რომ, ინტერში ქართველთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ – პირიქით. წინა სეზონის გუნდიდან ინტერში აღარ არიან ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი. 

ხიზანიშვილზე კი ახალი რა ვთქვათ... ჯერ კიდევ 17 წლის წინ დაიწყო პროფესიული კარიერა და 93 სანაკრებო მატჩი მოუგროვდა. დინამო თბილისი, ლოკომოტივი თბილისი, დანდი, გლაზგო რეინჯერსი, ბლექბერნი, ნიუკასლი, რედინგი, ქაისერისფორი, ისევ დინამო თბილისი და ბოლოს სამტრედია – ამ გუნდებში უთამაშია ხიზანიშვილს. 

ინტერს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს, თუმცა კლუბში სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვთ. ამ ეტაპზე კი ინტერი უცხოურ შეკრებაზე წავიდა...

აი, რას ამბობს ზაურ სვანაძე: “ის ადამიანი არ ვარ, რომელიც სირთულეებს გაურბის. რაც არ უნდა მოხდეს, ინტერი ძლიერ გუნდად უნდა ჩამოვაყალიბოთ. ძნელია იმ ფეხბურთელების მობილიზება, რომლებსაც გასული სეზონისთვის განკუთვნილი თანხა არ აუღიათ, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. პროფესიონალები ვართ, პროფესიონალები კი მინდორზე ფულზე არ ფიქრობენ”. 

ილია ნანობაშვილი