სიახლეები

გოგონათა „სკოლბურთი“ 23 ივნისს დასრულდება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ბათუმში დასასრულს უახლოვდება  „სკოლბურთის“ 2015 წლის გათამაშება. 23 ივნისს ასპარეზობას გოგონები დაასრულებენ. ამ დღეს, ბათუმის „ადელის“ სტადიონზე ჯერ ½ ფინალები, ხოლო მოგვიანებით მესამე ადგილისთვის და გამარჯვებულის გამოსავლენი მატჩები გაიმართება.

„სკოლბურთის“ ტურნირში, რომელიც 9 წლის ისტორიას ითვლის და სასკოლო ასაკის ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, მესამე წელია გოგონებიც ასპარეზობენ. წელს, გოგონების ტურნირში მთელი საქართველოს მასშტაბით 230 გუნდი, შესაბამისად 2300-ზე მეტი, 2000-2004 წლებში დაბადებული გოგონა მონაწილეობდა.

დასკვნით ეტაპზე ქვეყნის 10 რეგიონიდან 10 საუკეთესო გუნდი შეირჩა, რომლებმაც აჭარაში 18 ივნისიდან 2 ქვეჯგუფად იასპარეზეს. 1-2 ადგილზე გასული გუნდები, კი 23 ივნისს გამოავლენენ საუკეთესოს. ნახევარფინალებში, რომლებიც დილის 10:15 წუთიდან დაიწყება აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა შეხვდება ზემო ალვანის 1-ი საჯარო სკოლის გუნდს, ხოლო რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა - რუხის საჯარო სკოლას დაუპირისპირდება. გოგონების ტურნირის ბოლო მატჩები, ამავე დღეს 18:00-დან დაიწყება.

„მოგეხსენებათ, უეფა ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ასაკის გოგონათა ამხანაგურ ტურნირებს, რომელშიც ქართველი გოგონებიც მონაწილეობენ. ეს ტურნირები ევროპის მასშტაბით ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით ტარდება. შესაბამისად, სკოლბურთის ფარგლებში გოგონების ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ უეფას ამ ტურნირისთვის მზადებაა. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, გოგონათა შორის სკოლბურთი, იმ ასაკში ჩავატაროთ, რომელიც უეფას ამხანაგური ტურნირისთვის საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება“ - ამბობს ნინო სორდია, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

სასკოლო ასაკის გოგონათა შორის უეფას ამხანაგური ტურნირები უკვე ჩატარდა მოლდოვასა და აზერბაიჯანში (2014 და 2015 წლებში), შესაბამისად საქართველოში მიმდინარე „სკოლბურთი -2015“-ის მონაწილეთაგან დაკომპლექტებულ ნაკრებს თამაში უკვე 2016 წელს მოუწევს, თუმცა თუ სად ჩატარდება აღნიშნული შეჯიბრი, უეფა მოგვიანებით გამოაცხადებს.

სფფ-ს პრესსამსახური