სიახლეები

ახალი დინასტია: გიორგი და გიორგი კიკნაძეები

გაუზიარე
გიორგი კიკნაძის სახით ქართულ ფეხბურთს საიმედო ნახევარმცველი ეზრდება. ის გოლის გატანაშიც მარჯვეა და თანაგუნდელებისთვის საგოლედ ხელსაყრელი პოზიციის შექმნაც ეხერხება. ის არც შავი სამუშაოს შესრულებას თაკილობს და ფიზიკურადაც საკმაოდ კარგადაა მომზადბული. თბილისის ლოკომოტივისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს გუშინ ვესაუბრეთ. 

პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორი განსხვავებული შეხვედრა ჩაატარეთ. პირველ თამაშში მეტოქეს ბევრი ვერაფერი დაუპირისპირეთ, მეორე მატჩში კი მაყურებელს საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზეთ.

პირველი მატჩის წაგების შემდეგ ყველას გაგვიძლიერდა სურვილი, დაგვემტკიცებინა, რომ პოლონეთთან გამარჯვება შეგვიძლია. საამისოდ ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო. მართალია, პოლონელებო ორი ბურთით დაწინაურდნენ და, ალბათ, გულშემატკივარსაც ეჭვი შეეპარა ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თანდათან გადავაწყვეთ თამაში, უპირატესობაც მოვიპოვეთ და ხუთი გოლიც გავიტანეთ.

შესვენებაზე ვასილ მაისურაძემ ყურადღება რაზე გაამახვილა?

რაც შეიძლება დიდხანს უნდა გვეკონტროლებინა ბურთი, რაც საგოლე მომენტების შექმნის წინაპირობაა. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო და ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც პოლონეთია, დიდი ანგარიშით მოვუგეთ.

მეორე მატჩში შენს ჩვეულ პოზიციაზე, ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდი და სამი გოლიც გაიტანა. პირველ შეხვედრაში კი შეცვლაზე შესულმა მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავე.

ჩვენი მარჯვენა მცველი დაშავდა, ასე რომ, ეს იძულებითი შეცვლა იყო. თუ გინდა,  პროფესიონალად ჩამოყალიბდე, გუნდს სადაც დასჭირდება, იქ უნდა ითამაშო. მეც რაც შემეძლო, გავაკეთე და მგონი, საყვედური არ დამიმსახურებია, თუმცა, ბუნებრივია, ჩემს პოზიციაზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ.

მეორე თამაშში სამი გოლი გაიტანე, ეს შენი პირველი ჰეთ თრიკია?

სანაკრებო დონეზე კი, ასეა. ერთ თამაშში სამი გოლი პირველ ლიგაშიც არ გამიტანია, თუმცა დუბლების ჩემპიონატში იყო ასეთი შეხვედრები, მაგრამ ნაკრებში გატანილ გოლებთან ისინი რას მოვა, სანაკრებო გოლებს განსაკუთრებული ფასი აქვს.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ასაკობრივმა ნაკრებმა ერთხელ უკვე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, მერე კი სულ ცოტა დააკლდა, ამიტომაც, ბუნებრივია, გულშემატკივარი თქვენ მიმართ მომთხოვნი იქნება.

ეს ლოგიკურიცაა. მართალია, საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ყველას გვჯერა, რომ პირველი ადგილით გავალთ შემდეგ ეტაპზე, მერე კი ფინალური ეტაპის საგზურისთვისაც ვიბრძოლებთ.

ახლა შენს კლუბზე, ლოკომოტივზე, რომელმაც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს მიზანი თავიდანვე დაისახეთ თუ ჩემპიონატის მსვლელობისას გახდა რეალური?

სიმართლე გითხრათ, პირველ წრეში ამაზე საუბარიც არ ყოფილა, თუმცა მეორე წრეში მეორე ადგილზე გასვლა რეალური გახდა. ოღონდ, ერთი პერიოდი ლაზიკა შვიდი ქულით დაწინაურდა და ერთგვარი იმედგაცრუება გაგვეუფლა, თუმცა მერე თანდათან შევძელით ჩამორჩენის დაძლევა.

პლეი ოფში ჯერ ბორჯომს მოუგეთ, შემდეგ _ მეტალურგს.

ბორჯომთამ შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა, სამჯერ დავწინაურდით, მაგრამ მეტოქემ სამივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მეტალურგი კი აშკარად ვერ იყო სათანადო კონდიციებში და მათთან ისე აღარ გაგვიჭირვებიადა, რაც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს _ 5:0.

ბორჯომთან მატჩში ორი გოლი გაიტანე.

მთავარია, მოვიგეთ და უმაღლესში გადავედით, გოლს კონკრეტულად ვინ გაიტანდა, ამას დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებდით, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ გოლებით ძალიან გავიხარე.

ლოკომოტივის მიზანი უმაღლეს ლიგაში... 

პირველ რიგში, აუცილებელია ადგილის შენარჩუნება, თუ შევძლებთ და უფრო მეტს გავაკეთებთ, არც ამაზე ვიტყვით უარს. მთავარი კი ისაა, რომ გავიზარდოთ როგორც გუნდი და ვისწავლოთ ხარისხიანად თამაში.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ლოკომოტივში ბევრი ნიჭიერი ფებურთელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თქვენ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად გაკლიათ გამოცდილება.

ეს მართლაც ნაკლია, მაგრამ, ჩვენი ასაკიდან გამომდინარე, ბუნებრივიცაა _ ჯერ ხომ სათანადო გამოცდილება არ გვაქვს. გამოცდილება დროსთან და პრაქტიკასთან ერთად მოვა. ჩვენი გუნდის პლუსი კი ის არის, რომ ლოკომოტივის შემადგენლობის დიდი ნაწილი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.

შენმა თანაგუნდელმა, თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა ჩამთავრებულ სეზონში 47 გოლი გაიტანა. ასეთ შედეგიან ფორვარდთან თამაში ნებისმიერი ნახევარმცველისთვის კომფორტული უნდა იყოს.

მამიასთან თვალდახუჭულს შემიძლია თამაში, ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის ძალიან ძლიერი ფორვარდია, თავის თაობაში, ალბათ, საუკეთესოც და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში მისი სახით ეროვნულ ნაკრებს ძლიერი თავდამსხმელი შეემატება.     

მამაშენი, გიორგი კიკნაძე თავის დროზე თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ნაკრების წევრიც იყო. მისგან ალბათ არაერთ რჩევას იღებ.

ძალიან ხშირად, თამაშის შემდეგ, დეტალურად გაურჩევია ესა თუ ის ეპიზოდი და აუხსნია, თუ სად რა შეცდომა დავუშვი. ბუნებრივია, ჩემი პირველი გულშემატკივარია და თან ძალიან მომთხოვნი. 

საუკეთესო პარტნიორად ვინ მიგაჩნია?

ნაკრებში რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება, ლოკომოტივში კი _ მამია გავაშელიშვილი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევ?

ჯაბა კანკავას თამაში მომწონს, ის ნაკრების ნამდვილ ლიდერად მიმაჩნია. განსაკუთრებული იმედი კი ლევან ყენიასი მაქვს, ლევანი დიდი ნიჭის პატრონია და აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.

რომელ ნაკრებს და კლუბს ქომაგობ, ფებურთელებიდან ვის ანიჭებ უპირატესობას?

ესპანური ფეხბურთი მომწონს და, ბუნებრივია, ამ ქვეყნის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. საყვარელი კლუბი კი რეალია, მაგრამ ვაღიარებ _ ამ ეტაპზე საუკეთესო ბარსელონაა. მესი კი ახლა უძლიერესია და ამაში, მგონი, ბევრი არ შემედავება.

ანუ თბილისში გასამართ სუპერთასის მატჩს შენც მოუთმენლად ელი, რადგან ბარსელონასა და მესის ცოცხლად ნახვის საშუალება გექნება.

სუპერთასის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენი ქალაქისთვის და ის უფრო ლამაზდება იმით, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს მესი. 

პაატა ძნელაძე