სიახლეები

ლევან ნოდია: ვანდოთ ქართული ფეხბურთი პროფესიონალებს

გაუზიარე

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ლევან ნოდიაა, ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელ-სელექციონერად მუშაობს, ასევე, არის ვეტერანთა კავშირის წევრი.
მას ქართული ფეხბურთის განვითარებისა და თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციების შესახებ საკუთარი ხედვა აქვს. ჩვენთან საუბარში ლევან ნოდიამ 90-იანი წლების დასაწყისიც გაიხსენა, როდესაც ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლობის გზით სვლა დაიწყო.
ლევან ნოდიას ქართველი გულშემატკივრების წინაშე დიდი წარდგენა არ სჭირდება. თბილისის დინამოს ღირსებას იგი 1967-75 წლებში იცავდა, უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებებში და თბილისის დინამოს მწვრთნელადაც უმუშავია.

აჩქარებამ არაფერი მოგვიტანა

ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემები 1990 წლიდან დაიწყო, როცა საბჭოურ ფეხბურთის ფედერაციას გამოვეყავით და საფეხბურთო დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. არადა, ქართველი ვეტერანების ერთსულოვანი აზრი ასეთი იყო – დამოუკიდებელი ფედერაცია აუცილებლად უნდა შეგვექმნა, მაგრამ მოვლენებისთვის არ უნდა გაგვესწრო და ეს ნაბიჯი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნდა გადაგვედგა. 

სამწუხაროდ, ამ გზით ვერ წავედით, რადგან პოლიტიკა დიდი დოზით ჩაერია ფეხბურთში. შედეგად, მივიღეთ რამდენიმეწლიანი იზოლაცია. ლოდინი დაგვჭირდა, სანამ ფიფა-უეფაში მიგვიღებდნენ და ჩვენი ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებში ჩაებმებოდნენ. ამ იზოლაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების პროცესი ძალიან შეაფერხა. გარდა ამისა, ფუჭად დაკარგულ წლებს შეეწირა არაერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის კარიერა, რომლებსაც ყოველგვარი ასპარეზი დაეხშოთ.
თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან საქართველოს ჩემპიონატზე გადაერთო, რამაც ავტომატურად გამოიწვია დონის მკვეთრი ვარდნა. არადა, საბჭოთა პერიოდში ყოველ კვირას ძლიერი მეტოქე გვყავდა. ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული თუ ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირებები საოცარ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, ქართველი ფეხბურთელები მაღალი კლასის მეტოქეებთან ბრძოლაში იწრთობოდნენ. თვით ლეგენდარულმა ალფრედო დი სტეფანომ თქვა, რომ საბჭოთა ლიგა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი იყო.

ერთ საინტერესო ამბავს გიამბობთ:P1990 წელს ვეტერანები ზვიად გამსახურდიას შევხვდით და ავუხსენით, რომ ქართული ფეხბურთის ნაჩქარევი დამოუკიდებლობა არაფერს მოგვიტანდა. მან გვიპასუხა, პროფესიონალების აზრს აუცილებლად გავითვალისწინებო. სამწუხაროდ, სხვა მავანი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად ჯანსაღ გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით. 
რაც შეეხება ნოდარ ახალკაცს, მას ვეტერანებმა ვთხოვეთ ჩვენს გვერდით ყოფნა. თითქოს ისიც ჩვენს პოზიციას იზიარებდა, მაგრამ მერე რიგი მიზეზების გამო იგი ქართული ფეხბურთის მყისიერი დამოუკიდებლობის მომხრეთა შორის აღმოჩნდა.

აუცილებელია, ფეხბურთს პროფესიონალები მართავდნენ

გულსატკენია, რომ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი დღეს ფეხბურთს არის ჩამოშორებული. არადა, თითოეულ მათგანს დიდი საქმის გაკეთება შეუძლია. ქართული ფეხბურთის რეგრესის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ვეტერანების უგულებელყოფა იყო. ასე გრძელდებოდა 2010 წლამდე, რის შემდეგაც მიდგომები შეიცვალა და დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი მუშაობს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროფესიონალების აზრის გათვალისწინებაა აუცილებელი. როგორც პროფესიონალი ინჟინრისა და არქიტექტორის გარეშე არ შეიძლება არაფრის აშენება, ასევე აუცილებელია, რომ ფეხბურთს პროფესიონალები მართავდნენ.

ფეხბურთი ძალიან რთული თამაშია. ერთხელ სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, ზოგჯერ ეჭვი მეპარება, ვიცი თუ არა ფეხბურთიო. წარმოიდგინეთ, ამხელა პიროვნება ამას ამბობს და ჩვენთან არაპროფესიონალიზმია გამეფებული. ფეხბურთი შემთხვევითი ხალხითაა სავსე და სწორედ ამის გამოა, პირველ ლიგაში ამდენი სიბინძურე რომ გამოვლინდა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა აიღოს ქრთამი იმ ადამიანმა, რომელსაც ფეხბურთი მაღალ დონეზე უთამაშია.

ვუყურე საქართველო-უკრაინის ამხანაგურ მატჩს და ვნახე, რომ უკრაინელთა სამწვრთნელო შტაბში სულ გამოჩენილი ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ. ასეა ყველა წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში. ზინედინ ზიდანმა და რაიან გიგზმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მოჰკიდეს ხელი, სხვა უამრავი მაგალითის დასახელებაც შეიძლება. ცხადია, არ არის აუცილებელი, ყველა ფეხბურთელი მწვრთნელი გახდეს. ზოგს მენეჯერული ნიჭი აღმოაჩნდება, ზოგს კი - ტალანტების აღმოჩენის უნარი. ვეტერანების სახით ქართულ ფეხბურთს დიდი რესურსი აქვს და ამის გამოუყენებლობა არ შეიძლება.

ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს

თამამად ვიტყოდი, რომ მსოფლიო ფეხბურთში კრიზისია. კი, არიან ვარსკვლავები, მაგრამ მათი რაოდენობა ადრე განუზომლად მეტი იყო. უმაღლესი დონის მატჩებში ვხედავთ ისეთ ელემენტარულ შეცდომებს, რომელსაც ადრე თავმოყვარე ფეხბურთელი არ დაუშვებდა. 
რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს კონკურენციას გავუწევთ. ამის თქმის საფუძველს ახალგაზრდა ტალანტთა სიმრავლე მაძლევს. სასურველია, ნიჭიერი ფეხბურთელები უფრო დიდი რაოდენობით გვყავდეს, მაგრამ პროგრესი ამ რესურსითაც არის შესაძლებელი. 

ერთი სიტყვით, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს, ოღონდ საამისოდ დიდი შრომა და სწორი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

ჩვენი ბედი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ

ბოლოს წელს გასამართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შევეხები. ყველას გვახსოვს, რა მოხდა 2007 წელს, როცა პრეზიდენტად სრულიად კანონიერად აირჩიეს გიორგი ნემსაძე, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლის გამო, მან ერთ საათში თანამდებობა დატოვა. არც სხვა დროს ყოფილა ჩვენი ფეხბურთი ჩარევებისგან თავისუფალი.
ვეტერანებს გვინდა, შევხვდეთ პრემიერ ღარიბაშვილს და ვთხოვოთ, ქართული ფეხბურთის ოჯახს ხელი არავინ შეუშალოს საკუთარი ბედის გადაწყვეტაში. აუცილებლად უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ბედი ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ. ასე უნდა იყოს წლევანდელ არჩევნებშიც და მომავალშიც.  

ლევან ჯანეზაშვილი