სიახლეები

გოჩა ავსაჯანიშვილი: „ჩვენი მიზანი „პრეზიდენტის თასის“ მოგებაა“

გაუზიარე

უკვე მეოთხე დღეა ასტანაში იმყოფება და საწვრთნელ შეკრებას გადის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი. 22 ივნისიდან კი, ჩვენი ნაკრები ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში - „პრეზიდენტის თასი“ - მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები ყოველდღიურ ვარჯშებს „ასტანა არენაზე“ ატარებს. სწორედ, ეს სტადიონი უმასპინძლებს მომავალ ტურნირსაც.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა. ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა კი, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან - გოჩა ავსაჯანიშვილთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

გოჩა ავსაჯანიშვილი: „16 ივნისიდან ასტანაში ვართ. საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის, გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრებები საწვრთნელ შეკრებებს საქართველოში გადიან. ამ მემორანდუმის თანახმად, ახლა, ყაზახურმა მხარემ მოგვიწვია, რომ ტურნირამდე დასკვნითი შეკრება ასტანაში გავიაროთ.“

-         რა არის ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი?

-         ჩვენი მიზანი „პრეზიდენტის თასის“ მოგებაა.

-         წელს, ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებს უკვე ჰქონდა საწვრთნელი შეკრება საქართველოში. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ გუნდზე?

-         ამ შეკრების ფარგლებში, ჩვენ სამი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ ყაზახეთის ნაკრებთან. ორი მატჩი ჩვენ მოვიგეთ, ერთი - ფრედ ვითამაშეთ. ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, ძლიერი მწვრთნელითა და კარგი პერსპექტივით. პირადად ჩემთვის, შთამბეჭდავია ის ფეხბურთი, რომელსაც ყაზახეთის ნაკრები თამაშობს.

-         როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი ამ ტურნირზე?

-         აზერბაიჯანის ნაკრებთან ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ ორი ამხანაგური მატჩი და 2:0 და 2:1 მოვიგეთ.  ამ გუნდს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. ასევე, ვიცით რა ფეხბურთს თამაშობს ბელორუსის ნაკრები. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, სამწუხაროდ, მათზე ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, როგორი გუნდია. ტრადიციულად, რუსეთის ახალგაზრდული გუნდები ყველასთვის ძლიერი მეტოქეები არიან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჯგუფში ჩვენი მთავარი კონკურენტები, სწორედ, რუსები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ასპარეზობას B ჯგუფში დაიწყებს და ჩვენი მეტოქეები რუსეთის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებები იქნებიან.

 

სფფ-ის პრესსამსახური